ელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქ., აზერბ., ილ, ელ – ტომი, ხალხი), მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI–XIX სს-ში. ე-ის შემოჭრისა და დამკვიდრების ცდა საქართველოში დაკავშირებული იყო მომთაბარე ხალხების (სელჩუკები, მონღოლები, თურქმანები) შემოსევებთან. XI ს-იდან ისინი ბრძოლით იკავებდნენ მცირე აზიისა და ამიერკავკ. ტერიტორიას. საქართველოში ე-ის ჩამოსახლება იქცა სეფიანთა დინასტიის შაჰების პოლიტიკად, რ-ის მიზანი იყო ქართ. ფეოდ. მიწათმფლობელობისა და სახელმწიფოებრიობის მოსპობა. შაჰ აბას I-მა ე-ის დიდი ნაწილი ჩაასახლა მის მიერ გაჟლეტილი და ირანში გადასახლებული კახელების მიწაწყალზე. ქართულ ფეოდ. საზბაში ფეხს იკიდებდა ნახევრად პატრიარქალური, ნახევრად ფეოდ. წყობის, ეთნიკურად უცხო სოც. ძალა, რ-ის ჩამორჩენილი ეკონ. ბაზა (ექსტენსიური მეურნეობა, ფეოდ. მიწათმფლობელობის ზრდადაუსრულებელი ფორმები) საფუძველს აცლიდა საქართვ. სამიწათმოქმედო მეურნეობის ინტენს. დარგებს და გადაგვარებით ემუქრებოდა ადგილობრივ სოც.-პოლიტ. წყობილებას. ე-ის დამკვიდრება საქართველოს ტერიტორიაზე შაჰ აბას I-ის გეგმის, ქართ.-ქრისტ. სამეფოების "გურჯისტანის" სახანოებად გადაქცევის დასაწყისი იყო. ეს გეგმა ჩაშალა მარტყოფის აჯანყებამ გ. სააკაძის მეთაურობით (იხ. მარტყოფის ბრძოლა 1625 ). თურქმანული ტომების ჩასახლების მორიგი ცდა შაჰ აბას II-ის დროს ჩაშალა კახეთის აჯანყებამ (1660). XVII ს. II ნახევრიდან კახეთსა და ქვემო ქართლში მეჯოგე-მომთაბარე და მკვიდრ-ბინადარი მოსახლეობის თანაფარდობა უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. ე-ის ნაშთები ლოკალიზებულ იქნა ადგილ. ფეოდ. ურთიერთობათა გარემოცვაში. ე-ის გააქტიურების პოლიტიკა, რასაც ნადირ-შაჰი XVIII ს. 30–40-იან წლებში ატარებდა ქართლსა და კახეთში, მარცხით დამთავრდა. XVIII ს. საქართველოში შემუშავებულ იქნა "ელის დებულება", რ-იც შევიდა "დასტურლამალში". ე-ს ეკავა სომხითი, ალგეთისა და დმანისის ხეობები. მისი სოც. სტრუქტურა ირანში მცხოვრები ყიზილბაშური ტომების მომთაბარული ორგანიზაციის შესაბამისი იყო. საქართველოში განსახლებულ ყიზილბაშურ ტომთაგან ცნობილია ჯავანშირი,ქეშალუ, ნაჯბადილი, არახლუ, დემურჩი, აჰმადლუ, ჰასანლუ და სხვ. ამ ტომების ძირითად სოც. უჯრედებს ოიმახი და ობა ეწოდებოდა. ე. განსახლებული იყო სახელმწ., სამეფო და საფეოდალო მიწებზე. საქართვ. ხელისუფლება ფისკალური და სამხ. მიზნებისათვის 3 წელიწადში ერთხელ ატარებდა ე-ის აღწერას. XVIII ს-იდან შესამჩნევი გახდა ე-ის მკვიდრბინადრულ ცხოვრებაზე გადასვლის ტენდენცია. ე-ის სამეურნეო და სოც. პროგრესი საქართველოში უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, ვიდრე მის მონათესავე ირანსა და ანატოლიის თურქმანულ ტომებში. ''ლიტ'' : გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958. ვ. ჩოჩიევი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ელი&oldid=1313-დან“