ელია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიბლიური პერსონაჟი, ქართველთა რწმენის მიხედვით, წვიმა-სეტყვისა და ჭექაქუხილის განმგებელი. სახელი შეერქვა ბიბლიური ილია (ელია) წინასწარმეტყველის მიხედვით. ხალხური წარმოდგენით, იგი ცაზე ეტლით დაქრის, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას დაუშენს სეტყვას. ამიტომ, სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ე. გაიგონებს, მიხვდება, რომ აქ სოფელია და გაგვეცლებაო. ე-ს სამსხვერპლო ცხოველია თხა (ციკანი), რაც ამ კულტის წინაქრისტ. წარმომავლობას მოწმობს. ქრისტიანობამ, მიუხედავად ოფიც. ეკლესიის მცდელობისა, ვერ შეძლო ე-ს კულტის მოსპობა და მხოლოდ ზოგიერთი ქრისტ. ელემენტი შესძინა მას. ლეგენდის მიხედვით, ე-ს ხალენი (ტყავის მოსასხამი) უფლის კვართთან ერთად ჩამოუტანიათ საქართველოში. ზოგი წარმოდგენის თანახმად ე. ეშმაკეულია და, როგორც ბრმა და სასტიკი ძალა, სეტყვით ანადგურებს ყანებს, ებრძვის ხატებს და ანგელოზებს, მეხს უშენს მათ "დასაბრძანებელ" მაღალ ხეებს. ამ ოდესღაც ძლიერი ღვთაების სახელობის დღესასწაული – ელიაობა იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ელია

ქართლის ეკლესიის IV მამამთავარი (დაახლ. IV ს. 90- იანი წწ. – V ს. დასაწყისი). მოღვაწეობდა მეფე თრდატის დროს. მისი ეპისკოპოსობის დროს აშენდა ბოლნისის სიონი . ლეონტი მროველის ცნობით, მის დროსვე აშენებულა რუსთავისა და ნეკრესის ეკლესიები.

''წყარო'' : ლ ე ო ნ ტ ი მ რ ო ვ ე ლ ი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაQ ქართლისაQ, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.

''ლიტ'' : საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000


ელია

მთა ხევის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. ტოტზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2859 . მდინარეების ტერხენისა (თერგის მარჯვ. შენაკადი) და ართხმოსწყლის (სნოსწყლის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი. აგებულია ზედაიურული კარბონატული ფიქლებით. შემოსილია ალპ. მდელოებით.

ელია

თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ძველი მიკროუბანი მტკვრის მარცხენა მხარეს, მახათას მთის კალთაზე, ავლაბრის ჩრდ.-დასით, რკინიგზის აღმ-ით (ისანისამგორის რ-ნი). სახელი ეწოდა მახათას მთაზე მდგარი ილია ანუ ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის (არ შემორჩენილა) მიხედვით (1654 საბუთის მიხედვით, მოიხსენიება როგორც "მახათას ეკლესია"). აქ 20 ივლ. მორწმუნე ქრისტიანები მართავდნენ საეკლ. დღესასწაულს – ელიაობას. დღეს ამ უბანში დგას წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. იხ. აგრეთვე სტ. ელია (ღვთაება).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ელია&oldid=1315-დან“