ელიაობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამინდის ღვთაების – ელიას სახელობის დღესასწაული. ქრისტიანული კალენდრით წმ. ელიას (ილიას) დღესასწაული იმართებოდა 20 ივლისს (ძვ. სტ.). გარდა საეკლესიო, ოფიც. დღესასწაულისა, არსებობდა ე-ის ხალხ. ვარიანტები, რ-თაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მართავდნენ. ე-ს მესხეთში საყდარში იხდიდნენ, ასევე სცოდნიათ იმერეთშიც, სადაც საყდრის გარშემო მამაკაცები ორსართულიან ფერხულს მართავდნენ, ქალები კი – ერთრიგიანს და "ოკრიალეს" გაიძახოდნენ. კახეთში ე-ს მართავდნენ ელიას მთაზე, დედოფლისწყაროს მახლობლად. სამეგრელოში წირვიდან დაბრუნებული ოჯახის უფროსი მარანში საჭმელსასმელით დატვირთულ ტაბლას შეიტანდა, სანთლებს აანთებდა და ღვთაებას ქარისა და ავდრის არიდებას შესთხოვდა. ელიას სახელზე უნდა ყოფილიყო ტაროსის ღვთაების დღესასწაული კოხინჯრობა (მეგრ. "კოხობაში ოხვამერი"), რ-საც 7–9 მაისს იხდიდნენ. ელიას თაყვანისცემა ხშირად ემთხვეოდა ლაზარობის – გვალვისა და დელგმის რიტუალებს, რ-იც სრულდებოდა არა კონკრ. დანიშნულ დღეს, არამედ ყოველთვის, როცა გვალვა ან დელგმა შეაწუხებდა ხალხს. ამ რიტუალებში ელია და ლაზარე ხშირად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ი.სურგულაძე.