ელიზბარ ქსნის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქსნის ერისთავი XVI ს. 60–70- იან წლებში. 1569, როდესაც ქართლის მეფე სიმონ I ირანელების წინააღმდეგ ფარცხისთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ე. ქ. ე. და ბარძიმ ამილახვარი თავს დაესხნენ კავთისხევს მდგომ დედოფალს და მისი ქონება ხელთ იგდეს. როდესაც ქართლს ოსმალები შემოესივნენ მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ე. ქ. ე. დამპყრობელს მიეგება. 1578 სიმონ I-ის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ე. ქ. ე-მა მიტაცებული ქონება უკან დაუბრუნა მეფეს და შენდობა სთხოვა. მეფემ შეიწყალა ერისთავი და მხოლოდ მამულების ნაწილი ჩამოართვა.

''წყარო'' : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

''ლიტ'' .: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955. გ. აკოფაშვილი.


ელიზბარ ქსნის ერისთავი

(გ. 18. IX. 1662), კახეთის აჯანყების (1660) ერთ-ერთი მეთაური. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ე. ქ. ე., ბ. ჩოლოყაშვილი და შალვა ქსნის ერისთავი შაჰს ეახლნენ, ქვეყნისათვის მტრის ახ. შემოსევის თავიდან ასაცილებლად. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა. განჯის ხანმა კი იმ თურქმანულ ტომებს, რ-ებიც აჯანყების დროს ამოწყვიტეს. თურქმანებმა ქართველი გმირები წამებით მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ე. ქ. ე. საქართველოში ჩამოასვენეს და იკორთაში (ახლანდ. ცხინვალის მუნიციპალიტეტი), ერისთავების საგვარეულო მონასტერში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ე. ქ. ე., ისევე როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა. წმინდა მოწამეთა ბიძინა ჩოლოყაშვილის და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების ხსენების დღეა 18. IX (1. X).

''წყარო'': ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

''ლიტ '': საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. გ. აკოფაშვილი.