ელინიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირობითი ცნება, რ-იც მოიცავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს წარმოქმნიდან (ძვ. წ. 334–324) რომაელთა მიერ აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს – ეგვიპტის – დაპყრობამდე (ძვ. წ. 30). ბერძენ-მაკედონელთა პოლიტ. ექსპანსია ძვ. საქართველოს (იბერია, კოლხეთი) არ შეხებია. იგი დარჩა "ელინისტური ოიკუმენეს" (ანუ ე-ის ეპოქის ანტ. სამყაროს) ფარგლებს გარეთ, თუმცა ელინისტურ სამყაროსთან პოლიტ. კონტაქტებმა, სავაჭროეკონ. და კულტ. ურთიერთობამ გარკვეული გავლენა იქონია იბერიისა და კოლხეთის სოც.-ეკონ. განვითარებაზე, პოლიტ. წყობაზე, კულტურასა და იდეოლოგიაზე. ქართლის სამეფოს (იბერიის) დამაარსებელმა ფარნავაზ I-მა (ძვ. წ. III ს.) სახელმწ. ორგანიზაცია და ფინანს. კონტროლი სელევკიდური სირიის მსგავსად განაწესა: ძვ. ქართლის ათასისთავი მასზე დაქვემდებარებული ფისკალური ერთეულით ელინისტური აზიის ქილიარქიებს (უმაღლესი სახელმწ. თანამდებობა) შეესატყვისებოდა. ელინისტურ მონარქ-დესპოტთა მსგავსად, ფარნავაზმა თავი ღმერთად გამოაცხადა, მაგრამ მათგან განსხვავებით, იგი რომელიმე ბერძნ. ღვთაებას კი არ განასახიერებდა, არამედ ქართველთა უზენაეს ღვთაებას – არმაზს . ე-ის ეპოქაში საქართველოზე გადიოდა ერთერთი დიდი მსოფლ. სავაჭროსატრანზ. მაგისტრალი, რ-იც დას. ქვეყნებს აღმოსავლეთთან აკავშირებდა (იხ. ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზები ). ამ გზით საქართველოს სხვადასხვა ოლქში ვრცელდებოდა ბერძნ. საქონელი: მხატვრ. და სამეურნ. კერამიკა, ტორევტიკისა და გლიპტიკის ძეგლები, მონეტები. საერთაშ. სავაჭრო ურთიერთობათა პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული როგორც ბარის, ისე მთის მოსახლეობაც, რაც ხელს უწყობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ქალაქების სავაჭრო-სახე ლოსნო ცენტრებად დაწინაურებას, ქვეყნის ინტენს. ურბანიზაციას. გარე სამყაროსთან სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობას შედეგად მოჰყვა ელინისტური სამონეტო სისტემის დანერგვა: კოლხეთში დაიწყეს – ლისიმაქეს, ხოლო იბერიაში ალექსანდრე მაკედონელის სტატერების ოქროს მინაბაძების მოჭრა. ქალაქებში ("დიდი მცხეთა", ვანი და სხვ.) ფართოდ გავრცელდა ელინისტური სამშენებლო წესები (სწორკუთხა ქვათლილებითა და გამომწვარი თუ გამოუწვავი ალიზ-აგურით ნაგები, კრამიტით გადახურული შენობები) და არქიტ. ორდერის ელემენტები, საფორტიფიკაციო სისტემა და საკულტო თუ საზ. დანიშნულების ნაგებობათა ზოგიერთი ტიპი, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებები და რელიეფები, ტერაკოტული პლასტიკა. ამზადებდნენ ბერძნ. ტიპის სავაჭრო-სატრანზიტო ჭურჭელს – ამფორებს, აგრეთვე სათევზე ლანგრებს, სანელსაცხებლეებს და სხვ. ზოგჯერ ადგილობრივად დამზადებული ბერძნ. ფორმის თიხის ჭურჭელს ამკობდნენ ძირძველი კოლხ. ორნამენტით. ელინისტური ტრადიციები დაინერგა წარმოების ისეთ დარგებშიც, როგორიცაა საფეიქრო წარმოება (ვერტ. საქსოვი დაზგა). ელინისტური გავლენა შეიჭრა იდეოლოგიურ სფეროშიც: გავრცელდა ბერძნ. რელიგ. კულტები (განსაკუთრებით დიონისეს კულტი) და რწმენა-წარმოდგენები, რაც აისახა დაკრძალვის წესებშიც [სამარხებში მონეტების ჩატანება ქარონის (ქვესკნელის ბებერი მენავე) "მოსასყიდად"]. ელინისტური კულტურის გავლენა საქართველოში მაინც ზედაპირული იყო. მან უპირატესად ქალაქებსა და საზ-ბის ზედაფენებში მოიკიდა ფეხი. ამასთან, მახლობელი აღმ-ის სხვა ქვეყნებისაგან (მაგ. სირია) განსხვავებით, ელინისტური ტრადიციები საშ. საუკუნეების ქართ. კულტურასა და ხელოვნებაში არ დამკვიდრებულა და არც განვითარებულა.

''ლიტ'' .: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966; მ ი ს ი ვ ე, ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968; მ ი ს ი ვ ე, ელინიზმი და კოლხეთი, «საბჭოთა ხელოვნება», 1970,

  1. 2, 9; 1971, #8.

ო . ლორთქიფანიძე.