ელიოზიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოსებ (დ. წ. და გ. წ. უცნობია), გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი თეატრის დაარსების დღიდან დახურვამდე. შემდეგ მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1867 მაღალდაძის ფსევდონიმით ითამაშა ზ. ანტონოვის კომედიაში "ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა". ე. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. "ცისკართან", სადაც 1869-იდან გამოაქვეყნა კომედია "ჩემი ქმარი სხვას ირთავს", მოთხრობები "კუკიის ძველი და ახალი მდგომარეობა", "აი, დედაკაცი" და სხვ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ე-ის დამუშავებული "ეთერიანი. მოთხრობა აბესალომ და ეთერისა (ცოლ-ქმართ ტრფობის სურათი)", რ-იც 6-ჯერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად (პირველად – 1869, უკანასკნელად – 1914).

''ლიტ''.: გ ე რ ს ა მ ი ა ს., გიორგი ერისთავის თეატრი, თბ., 1950.



ელიოზიშვილი

კონსტანტინე მალხაზის ძე (14. XII. 1874, სოფ. ქვემო ნიქოზი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 20. X. 1954, გორი), ექიმი. საქართველოს დამს. ექიმი (1945). 1899 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის სამკურნალო ფაკტი. 1900-იდან მუშაობდა თბილ. და საქართველოს სხვადასხვა რ-ნის სამკურნ. დაწესებულებებში. 1924-იდან გარდაცვალებამდე იყო გორის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი და თერაპიული განყ-ბის გამგე. შეიმუშავა ახალშობილის ასფიქსიის დროს ხელოვნური სუნთქვის ახ. წესი (1938), აღწერა ახ. ავადმყოფობა გაზაფხულის მწვავე შეშუპება (1949), შეადგინა სახელმძღვანელოები: "ადამიანის ნორმალური ანატომია" (1932), "პირველი დახმარება უბედური შემთხვევისა და უცები ავადმყოფობის დროს" (1934). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მისი სახელი ეწოდა გორის ერთ-ერთ ქუჩას.

''ლიტ''.: ს რ ე ს ე ლ ი ი., კოტე ელიოზიშვილი, თბ., 1976.



ელიოზიშვილი

მ. ელიოზიშვილი.

მერაბ აბელის ძე (18. VI. 1934, ქ. ცხინვალი, – 4. I. 2012, თბილისი), მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1957). 1971–72 იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სცენარისტთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი. პირველი მოთხრობები: "უკანასკნელი კონწიალა", "პირველი და ოცდამეთერთმეტე დღე გვირაბში", "ბებერი მეზურნეები" გამოაქვეყნა 1958 (ჟურნ. "ცისკარი", #12), პირველი კრებული "მოლოდინი" – 1961. ავტორია მოთხრობების კრებულებისა: "ბებერი მეზურნეები", "სინოს წითელი ხარები" (1968, 2011), "წრებრუნვა" (1988), "მოგზაურობა და ხიფათი" (1990), "ანდერძი" (1992), "აღემართენით!" (1997). კრებულში "ძმანო კახელნო!" (1975) მოთხრობებთან ერთად შეტანილია პუბლიც. წერილებიც. ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: "დიდედები და შვილიშვილები" (1964; გადაღებულია ამავე სახელწ. ფილმი, 1969, რეჟ. ნ. მჭედლიძე), "კურდღლის სიზმარი" (1988) და სხვ. ე-ის ნაწარმოებები იდგმებოდა ქართ. თეატრების სცენებზე. თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში დაიდგა "ბებერი მეზურნეები" (1966, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი), "დილა მშვიდობისა, გოგო!" (იგივე "დათვები", 1970, რეჟ. ლ. იოსელიანი) და სხვ. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოფილმები – "თეთრი ქარავანი" (1964, რეჟისორები: ე. შენგელაია, თ. მელიავა; საქართველოს კომკავშირის პრემია, 1967), "დიდი მწვანე ველი" (1967, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), სატელევიზიო ფილმი "ბებერი მეზურნეები" (1973, რეჟ. ვ. კვაჭაძე). ე-ს შესრულებული აქვს სახასიათო როლები სხვადასხვა ფილმებში. მისი მოთხრობები თარგმნილია უცხ. ენებზე. 1994 მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია. 1995-იდან ე. თბილისში, მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის დიაკვანი იყო. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

''თხზ'' : პიესები და კინოსცენარები, თბ., 1972.