ელისუს სასულთნო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირა თემი, მდინარეებს ყანი-ყობასა და ყაფიუჩაის შორის მდებარე ტერიტორია, რ-იც 1604 აბას I-მა მეფე ალექსანდრე II-ს გამოსთხოვა საჩუქრად და საგამგებლოდ წახურელ ალიბეგს უწყალობა, სულთნობა უბოძა და თავის გამგებლობას დაუქვემდებარა (სხვა მოსაზრებით, გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს უწყალობა). ამით კახეთს აღმოსავლეთის კედელი მოერღვა და საფუძველი ჩაეყარა ე. ს-ს, რ-იც შემდგომ საქართვ. მტრული ძალების ფორპოსტი გახდა. მუსლ. სასულთნოს შექმნამ დაასუსტა კახეთის თავდაცვისუნარიანობა, წახურელ ლეკებს გზა გაეხსნათ კახეთში ჩამოსასახლებლად. ადგილ. ქართ. მოსახლ. გვერდით ამიერიდან მთის გადაღმიდან თანდათან იწყეს ჩამოსახლება წახურელმა მოახალშენეებმა. ქართველები ე. ს-ს თავისად თვლიდნენ. ამის გამო წახურის სულთანსა და კახელებს შორის მტრობა ჩამოვარდა. წახურის მფლობელი დახმარებისათვის ხან ირანს, ხან კი ოსმალეთს მიმართავდა. ოსმალეთის სულთანი და ირანის შაჰი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ ელისუს სულთანს, რ-მაც მათგან თავისი მფლობელობის დამამტკიცებელი სიგელებიც მიიღო. XVIII ს. დამდეგს ე. ს. ჭარ-ბელაქნის სახელმწიფოს დაექვემდებარა და მასთან ერთად მონაწილეობდა ქართლ-კახეთზე თავდასხმებში. ე. ს-ში პრივილეგირებულ ფენას ბეგები წარმოადგენდნენ. ეს ფენა თავისი ეკონ., პოლიტ. შესაძლებლობით ერთფეროვანი არ იყო. ბეგები თავიანთი სოც. ბუნებით გამოირჩეოდნენ აღმ. ამიერკავკ. სხვა ბეგებისაგან. მათგან განსხვავებით, ისინი თავიანთ მიწებს მემკვიდრეობითი მფლობელობის წესით ინარჩუნებდნენ და ამით ქართ. ბატონყმური ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტს წარმოადგენდნენ.

''ლიტ'' : ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; დ უ მ ბ ა ძ ე მ., აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბ., 1953; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972. გ. მაისურაძე.