ენაკოლოფაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურგინა, ერეკლე II-ის საგანგებო ელჩი ოსმალეთში 1776–78. ე-ის მამა მკვიდრი თბილისელი იყო. "ოსმალობისას" თბილისიდან აიყარა და ყარაბაღში გადასახლდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ე-მა და მისმა ძმებმა იმოგზაურეს სპარსეთში, შეისწავლეს მრავალი ენა და სპარსულ საკრავებზე დაკვრა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ე-მა სამსახური დაიწყო მეფე ერეკლეს ვაჟთან – გიორგისთან, რ-მაც მას მირზობა უბოძა. შემდგომ მას მირზობა და ვეზირობა უბოძა მეფე ერეკლემაც (თ. ბაგრატიონი). ო. ხერხეულიძის ცნობით, ე. "სპარსულისა და თათრულისა და არაბულისა მთარგმნელი და მწე რალი იყო ესე მრავალსა ენასა ზედა განსწავლული და ფრიად ჭკვიანი კაცი სწავლული და ერთგული მეფისა და რიტორი და სიტყვიერი კაცი". 1776 ზაფხულში ერეკლე II-ის დავალებით ე. ახალციხის ფაშასა და სოლომონ I-ის წარმომადგენლებთან ერთად სტამბოლში ჩავიდა. იგი არა მარტო ერეკლე II-ის, არამედ ამიერკავკ. ხანების სახელითაც მართავდა მოლაპარაკებას ოსმალეთთან. ამ ელჩობის მიზანი იყო ოსმ. მფარველობის აღიარებით სამცხესაათაბაგოს დაბრუნება. ოსმალეთს ერეკლეს თხოვნა ხელს აძლევდა, რამდენადაც მას რუსეთისაკენ მიმავალი პოლიტ. გზების ჩაკეტვა სურდა. ამავე დროს ეს ალიანსი გულისხმობდა ერეკლეს ანტიირანულ კურსსაც, დროებით მაინც. სტამბოლში მყოფი რუსი ელჩის სტაციევის ცნობით, "ერეკლესა და ოსმალეთის სულთანს შორის სამეგობრო და საკავშირო ტრაქტატი დაიდო", რ-ის შედეგად შეწყდა მარბიელი თავდასხმები აღმ. საქართველოზე, გაათავისუფლეს ახალციხიდან გატაცებული ქართვ. ტყვეები და ქართლ-კახეთის ასაოხრებლად გამზადებული ლაშქარიც დაშალეს. 1778 ამ შეთანხმებამ ოფიც. ხასიათი მიიღო, რის შემდეგაც ე. ოსმალეთიდან დაბრუნდა და სულთნის მიერ ერეკლესათვის გამოგზავნილი ძვირფასი საჩუქრებიც ჩამოიტანა. მალე აღმ. ამიერკავკასიაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა და ეს განზრახვაც ჩაიშალა.

''წყარო'': თ ე ი მ უ რ ა ზ ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, ახალი ისტორია, თბ., 1983.

''ლიტ'' : ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; გ ი გ ი ნ ე ი შ ვ ი ლ ი ო., ნარკვევები ოსმალეთის ისტორიიდან, თბ., 1982; ი ო ს ე ლ ი ა ნ ი ა., საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII– XIX სს., თბ., 1980; ო მ ა ნ ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, მეფობა ირაკლი მეორისა, თბ., 1989; М а р к о в а О. П., Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке, М., 1966; A h m a d C e v - l e t Paşa, Tarihi Cevlet, c. II, Ancara, 1973; S a d i k B e l g e M., Osmanli Devleti ve Kafkasya, Istanbul, 2005. გ.საითიძე. მ.სვანიძე.