ენგელსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფ. ენგელსი.

Engels ფრიდრიხ (28. XI. 1820, ბარმენი, – 5. VIII. 1895, ლონდონი), მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კ. მარქსისაგან დამოუკიდებლად გაიარა იდეური და პრაქტ. მოღვაწეობის გზა იდეალიზმიდან მატერიალიზმამდე და რევ. დემოკრატიზმიდან კომუნიზმამდე. ბარმენის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ე. სწავლობდა ელბერფელდის გიმნაზიაში, შემდეგ – ბრემენში ჰაინრიხ ლეოპოლდის სავაჭრო ფირმაში. 1838 ე. საფუძვლიანად გაეცნო მუშათა მდგომარეობას, რამაც ზეგავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. გ. ჰეგელის შრომების გაცნობისა და მისი მსოფლმხედველობის შესწავლის შემდეგ იგი ჰეგელიანელი იდეალისტი ხდება, მალე კი – ათეისტი. ე-მა გ. ჰეგელის ფილოს. რევ. მხარის პირველი შეფასება მოგვცა თავისი ადრინდ. იდეური განვითარების ბერლინის პერიოდში, როდესაც იგი დაუკავშირდა მემარცხენე ჰეგელიანელების სკოლას. იგი გ. ჰეგელის ფილოსოფიაში ხედავს, აქტიური პოლიტ. პრაქტიკის მიმართულებით, პროგრესისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის იარაღს. ამ პერიოდში ე. მემარცხენე ჰეგელიანელობის დამცველი და შელინგიანელობის აშკარა მოწინააღმდეგეა. იგი რევ. დემოკრატიზმის პოზიციებიდან იბრძვის ახალშელინგიანური იდეალ. ფილოს. წინააღმდეგ, ამასთან აფასებს გ. ჰეგელისა და ლ. ფოიერბახის ფილოსოფიის პროგრესულ მხარეებს, ხოლო მათ კონსერვატიულ პოლიტ. შეხედულებებს მკაცრად აკრიტიკებს. მატერიალიზმისა და კომუნიზმის პოზიციებზე ე-ის გადასვლა განაპირობა მის მიერ განვითარებული კაპიტალ. ინგლისის ეკონ. და პოლიტ. პრობლემების გაანალიზებამ. ე. ინგლისში ხდება პროლეტარული რევოლუციონერი და მატერიალისტი. ამ პერიოდის ნაშრომებში კრიტიკულად აქვს განხილული ჰეგელისა და ფოიერბახის ფილოსოფია, ინგლ. პოლიტ. ეკონომია და უტოპიური სოციალიზმი. ამის საფუძველზე იგი დამოუკიდებლად მიდის მატერიალ. შეხედულებამდე. 1844 გამოქვეყნებულ ე-ის ნაშრომს "ნარკვევები პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის" კ. მარქსი გენიალურ ნარკვევს უწოდებს. ამ ნაწარმოებში ე. იცავს თვალსაზრისს, რომ ბრძოლა მუშათა კლასსა და ბურჟუაზიას შორის გარდაუვალად მიგვიყვანს სოციალ. რევოლუციამდე. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ე-ის წიგნი "მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში" (1845), რ-იც, ვ. ლენინის აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება მსოფლიო სოციალ. ლიტერატურაში. 1844 წლის გაზაფხულზე პარიზში ე . პირველად შეხვდა კ. მარქსს, რ-საც მანამდე მიმოწერით იცნობდა. გამოირკვა, რომ მათი შეხედულებები ყველა თეორიულ საკითხში ერთმანეთს ემთხვეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოყალიბდა მათი მარქსისტული დიალექტ.-მატერიალ. მსოფლმხედველობა. იგი კ. მარქსმა და ე-მა პირველად ჯერ კიდევ განუვითარებელი სახით გადმოსცეს ერთობლივ შრომაში "წმინდა ოჯახი" (1844–45), ხოლო შემდეგ შედარებით გაშლილი და სისტემ. ფორმით – "გერმანულ იდეოლოგიაში" (1845–46). თავიანთი მოღვაწეობის დასაწყისში კ. მარქსი და ე. ცდილობდნენ დაესაბუთებინათ პროლეტარიატის მსოფლიოისტ. როლი, კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პროლეტარული კომუნისტური პარტიის, როგორც ხელმძღვანელი და მაორგანიზებელი ძალის, აუცილებლობა. ასეთი პარტია იყო 1847 წლის ზაფხულში შექმნილი "კომუნისტთა კავშირი", რ-ის პროგრამა შეკუმშული სახით შემუშავებული იყო ე-ის "კომუნიზმის პრინციპებში", სრული სახით კი – კ. მარქსისა და ე-ის სახელგანთქმულ "კომუნისტური პარტიის მანიფესტში" (1848). ამ პროგრამის პოპულარიზაციასა და განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა 60-იან წლებში მათ მიერ მუშათა საერთაშ. ამხანაგობის – პირველი ინტერნაციონალის შექმნამ. 70–80-იან წლებში გამოდის ე-ის შრომები: "ანტი-დიურინგი", "ბუნების დიალექტიკა", "ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა", "ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასასრული", რ-ებშიც გაანალიზებულია ფილოს., ბუნებათმეცნიერებისა და საზოგადოებრივ მეცნ. პრობლემები მარქსისტული თვალსაზრისით. შემეცნების თეორიაში ე-ის გავლენით გავრცელდა (ვ. ლენინი და სხვ.) ჭეშმარიტების კრიტერიუმის მცდარი გაგება, რომ პრაქტიკული შედეგი ნიშნავს იმ აზრის ჭეშმარიტებას, რომლითაც ეს პრაქტიკა ხელმძღვანელობდა. ამ მიდგომით, რომელიმე ნივთიერების (მაგ. ალიზარინის) ლაბორატორიაში მიღება ნიშნავს მანამდე, "თავისთავად" ე. ი. ჩვენთვის შეუცნობლად არსებული ამ ნივთიერების (ალიზარინის) გადაქცევას "საგნად ჩვენთვის", ე. ი. მოვლენად, რომელიც ამ ფაქტით (ლაბორატორიაში მიღებით), უკვე შემეცნებულია და შემეცნებადი. შემეცნებაში პრაქტიკის კრიტერიუმის ამგვარი გაგება კ. მარქსის "ფოიერბახის შესახებ თეზისებიდან" (1845) მოდის. ე-ის როლი მუშათა მოძრაობაში განსაკუთრებით გაიზარდა კ. მარქსის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იგი ამ მოძრაობის ერთერთი აღიარებული ხელმძღვანელი და მრჩეველი გახდა. თავისი მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში ე-მა დაასრულა და გამოსცა "კაპიტალის" მეორე და მესამე ტომები, რ-თა დამთავრება კ. მარქსმა ვერ მოასწრო. გარდაცვალების შემდეგ, ე-ის სურვილის შესაბამისად, ურნა, რ-შიც მისი ფერფლი იყო, ისტბორნის (ინგლისი) მახლობლად ზღვაში ჩაუშვეს. ე. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და საქართველოში გატარებული რუსეთის პოლიტიკის ხასიათს არაერთხელ შეხებია თავის ნაშრომებში. განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი ე. იჩენდა რუსეთ-თურქეთის ე. წ. ყირიმის ომის 1853–56 მსვლელობისას. ასე მაგალითად, ე. თავის სტატიაში "მდგომარეობა საომარი მოქმედებების თეატრზე რუსეთ-თურქეთის ომის დროს" წერდა, რომ "ერთადერთი პუნქტი, სადაც რუსები დაზარალდნენ არის კავკასია. მათ დატოვეს თითქმის ყველა თავიანთი სიმაგრე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არა მოკავშირეთა ფლოტის შიშით, არამედ იმისათვის, რომ გააძლიერონ თავიანთი არმია საქართველოში... რუსების მანევრი მოწმობს ყოველ შემთხვევაში იმას, რომ მათ თავიანთი მდგომარეობა საქართველოში არამტკიცედ ჩათვალეს და რომ სანაპიროს მხრიდან მაშველი ჯარები მათთვის უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენდა" Маркс К. и Энгельс Ф., Соч., т. 10, ც. 287). საინტერესოა, აგრეთვე ე-ის აზრი სამხრეთ კავკასიის და საქართველოს განვითარების იმ თავისებურების შესახებ, რომლის თანახმადაც "რუსების მიერ ოკუპირებული ამიერკავკასიის მხარე ცენტრალური ქალაქით – თბილისით – უფრო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე მძლავრი იმპერიის შემადგენელ ნაწილად" (მათივე, т. 9, c. 573). ე-ის თეორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული შრომებიდან საყურადღებოა აგრეთვე ქართვ. ავტორების: ვ. ჩერქეზიშვილის, მ. გოგიბერიძის , ვ. კეშელავას , მ. ჭელიძის , ვ. გაგოიძის , ო. ბაკურაძის , პ. გუგუშვილის , ა. ქუთელიას , ნ. ჯაშის , ლ. გორგილაძის , გ. ბაქრაძის, ვ. კალანდარიშვილის , ი. კაჭარავას , შ. რევიშვილის , გ. მუჩაიძის , გ. პ. ასათიანის , ვ. სვანიძის, ა. ბახტაძის, გ. ყორანაშვილის , შ. კობახიძისა და სხვათა შრომები, რ-ებშიც გაშუქებულია: გ. ჰეგელის, ლ. ფოიერბახისა და ახალგაზრდა ჰეგელიანელების ფილოსოფიასთან ე-ის დამოკიდებულება; ე-ის ფილოს., ეკონ. და სოც.- პოლიტ. შეხედულებათა ფორმირება და ევოლუცია; მისი როლი მარქსისტული თეორიის შემუშავებასა და განვითარებაში; ე-ის თეორ. მემკვიდრეობის ცალკეული საკითხებისა და მათ გარშემო იდეოლოგიური ბრძოლის პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ვ. ჩერქეზიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა მიიჩნია პლაგიატად კ. მარქსისა და ე-ის "კომუნისტური პარტიის მანიფესტი" და ამაში მრავალი მკვლევარი დაარწმუნა. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალისტური ბანაკის არსებობის ბოლო პერიოდში ე-ს თანდათან ანიჭებდნენ კ. მარქსის მოწაფის იმ როლს, რ-ზეც ვ. ჩერქეზიშვილმა XIX ს. ბოლოს ილიას "ივერიაში" მიუთითა. თხზ .: ანტი-დიურინგი, თბ., 1952; ბუნების დიალექტიკა, თბ., 1954; მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში, თბ., 1935; ნარკვევები პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის, თბ., 1946; მ ა რ ქ ს ი კ. და ე ნ გ ე ლ ს ი ფ., რჩეული ნაწერები, ტ. 1–2, თბ., 1963–64; მ ა თ ი ვ ე, რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., 1975; მ ა თ ი ვ ე, რჩეული წერილები, თბ., 1949; М а р к с К. и Э н г е л ь с Ф., Сочинения, 2 изд., т. 1–43, 46 (ч. 1–2), 47, 49, М., 1955–76. ლიტ .: ლ ე ნ ი ნ ი ვ. ი., ფრიდრიხ ენგელსი, თხზ., გამოც. მე-4, ტ. 2; კ ა ლ ა ნ დ ა რ ი შ ვ ი ლ ი ვ., ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბების საკითხისათვის, თბ., 1961; მ ი ს ი ვ ე, ფრიდრიხ ენგელსი და საზოგადოებრივი პროგრესის პრობლემა, თბ., 1981; კ ა ჭ ა რ ა ვ ა ი., კ. მარქსი და ფ. ენგელსი საქართველოს შესახებ, თბ., 1969; მ უ ჩ ა ი ძ ე გ., კ. მარქსი და ფ. ენგელსი პარტიის შესახებ, თბ., 1975; ქ უ თ ე ლ ი ა ა., ახალგაზრდა ენგელსი და ჰეგელის ფილოსოფია, თბ., 1975. ვ.კალანდარიშვილი.