ენგური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე ენგური.

მდინარე დას. საქართველოში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე და კოლხეთის ბარში, მესტიის, წალენჯიხის, ზუგდიდისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 213 კმ , აუზის ფართ. 4060 კმ 2. ე. წარმოიქმნება შხარის, ნამყვამისა და ენგურ-უხვანის მყინვარებიდან გამომდინარე რამდენიმე ნაკადის შეერთებით. ე-ის აუზის წილად მოდის საქართვ. მყინვარების საერთო რაოდენობის 38% და ფართობის 57,7%. ხეობაში განლაგებულია საქართვ. უდიდესი მყინვარები: ლეხზირი, წანერი, ჭალაათი, ადიში, ხალდე და სხვ. ე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. მისი მთავარი შენაკადებია: მარჯვენა – ადიშჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა – ხაიშურა, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვ. ე. ზემო წელში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. მდინარის კალაპოტი ზემო და შუა დინებაში ჭორომიანია. ქ. ჯვართან ე. გამოდის კოლხეთის დაბლობზე. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რ-თა შორის მოქცეულია 12 კმ სიგრძისა და 0,5–2,0 კმ სიგანის კუნძული, რ-ზეც გაშენებულია სოფ. შამგონა. ე. შერეული საზრდოობის მდინარეა: ზემოთში წლ. ჩამონადენის 66%-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22%-ს – გრუნტის წყალი, 12%-ს – წვიმის წყალი; ქვემოთში, შესაბამისად – 18%, 26% და 56%-ს. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ 3/წმ შეადგენს. ზემოთში ე-ს იყენებენ ხეტყის დასაცურებლად, ქვემოთში – ენერგეტ. მიზნებისათვის და სარწყავად. მდინარეზე აგებულია ჯვრის წყალსაცავი და "ენგურჰესი". ე-ის წყლის დიდი ნაწილი ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით ჩაედინება გალის წყალსაცავში. ნ.უკლება.





ენგური

ენგურ-უხვანი, ხეობის მყინვარი სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, სიგრძე 3,1 კმ ფართ. 3,5 კმ 2. მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 2730 მ სიმაღლემდე. ფირნის ხაზის სიმაღლეა 3550 მ. მყინვარიდან სათავეს იღებს მდ. ენგურის ერთ-ერთი მდგენელი.