ენგურქაღალდკომბინატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სააქციო საზოგადოება), ცელულოზაქაღალდის მრეწველობის მნიშვნელოვანი საწარმო ქ. ზუგდიდში, მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე, ყოფ. "ენგურის ცელულოზისა და ქაღალდის კომბინატი". ამოქმედდა 1939, ამუშავდა ცელულოზის ორი სახარში ქვაბი (სიმძლავრე – 12 ათ. ტ სულფიტური ცელულოზა წელიწადში) და ერთი ქაღალდსაკეთებელი მანქანა (სიმძლავრე – 14,4 ათ. ტ საწერი ქაღალდი წელიწადში). 1949 დაიწყო საწარმოს რეკონსტრუქცია, დაიდგა სამი ქაღალდსაკეთებელი მანქანა, ამოქმედდა რვეულების დამამზადებელი საამქრო. 1960 საექსპლუატაციოდ გადაეცა საფუვრის საამქრო, 1963 – მერქნის მასის გადასამუშავებელი საამქრო, 1969 – მუყაოს საამქრო და ცელულოზის სახარში ქვაბი, 1970 – გოფრირებული ტარის საამქრო, 1975 კი – 48-ფურცლიანი რვეულების დამამზადებელი ავტომ. ხაზი (წლიური სიმძლავრე – 40 მლნ. ც. რვეული). 1977 გოფრირებული ტარის საამქროში დამონტაჟდა გოფრირებული ყუთების დამამზადებელი ავტომ. ხაზი "ტრანსლაინ- 924", 1981 მუყაოს საამქროში – 2- და 3-ფენიანი შეწებებული მუყაოს მწარმოებელი მანქანა (წლიური სიმძლავრე – 31,8 ათ. ტ მუყაო). საწარმოში 1981–86 მოხდა ტექ. გადაიარაღება. ამ პერიოდში ამოქმედდა: გოფრირებული ტარის საამქროში – ორი ავტომ. ტექნოლ. ნაკადური ხაზი 3- და 5-ფენიანი ფურცლოვანი გოფრირებული მუყაოს წარმოებისათვის (თითოეული მანქანის წლიური სიმძლავრე – 43 მლნ. მ 2 ფურცლოვანი გოფრმუყაო); გოფრირებული მუყაოს ყუთების დამამზადებელი ორი ავტომ. ნაკადური ხაზი "ტრანსლაინ- 1228"; ფართო მოხმარების საგნების წარმოების საამქროში – 96-ფურცლიანი საერთო რვეულების დამამზადებელი ორი ავტომ. ნაკადური ხაზი "ბილომატიკი" (თითოეულის წლიური სიმძლავრე – 20 მლნ. ც. რვეული); ჩაის შესაფუთი ერთჯერადი მოხმარების ფორიანი ქაღალდის წარმოების საამქრო (წლიური სიმძლავრე – 2000 ტ ქაღალდი). 1988 დაიწყო სანიტ.-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის წარმოების საამქროს სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები (წლიური სიმძლავრე – 15000 ტ ქაღალდი), მშენებლობა შეჩერდა უსახსრობის გამო. 1981 ენგურის ცელულოზისა და ქაღალდის კომბინატის ბაზაზე შეიქმნა საწარმოო გაერთიანება "საქქაღალდმრეწვი", რ-შიც შევიდა: ენგურის ცელულოზისა და ქაღალდის კომბინატი (როგორც სათავო საწარმო), თბილისის ქაღალდის ფაბრიკა, სამშენებლო სამმართველო "ენგური" და ერგეტის სოფ. მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი დამხმარე მეურნეობა. გაერთიანება ამზადებდა საწერსა და ერთჯერადი მოხმარების ჩაის შესაფუთ ფორიან ქაღალდს, სატარე და საკოლოფე მუყაოს, 2- და 3-ფენიან შეწებებულ მუყაოს, 3- და 5-ფენიან გოფრირებული მუყაოს ყუთებს, ფურცლოვან მუყაოს, რვეულებს, ბლოკნოტებს, ალბომებს და ა. შ. 1986 ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ცელულოზის წარმოების საამქრო დაიხურა და კომბინატს ეწოდა "ენგურქაღალდკომბინატი". წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის – ცელულოზის შემოტანა დაიწყეს რუსეთიდან. 1992-მდე წარმოებული პროდუქცია სსრკ-ის თითქმის ყველა რესპუბლიკაში იგზავნებოდა. 1994 საწარმოო გაერთიანება "საქქაღალდმრეწვის" ბაზაზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სააქციო საზ-ბები: "ე.", "თბილისის ქაღალდის ფაბრიკა", სამშენებლო სამმართველო "პროგრესი" (ყოფ. "ენგური"), "ერგეტა" და "ავტოტექნიკა", 1996 კი მოხდა სააქციო საზ-ბა "ე-ის" რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა 12 სააქციო საზ-ბა: "ჩაის ქაღალდის ფაბრიკა" (ჩაის შესაფუთი ერთჯერადი მოხმარების ფორიანი ქაღალდის დამამზადებელი საწარმო), "ეგრისი" (რვეულების და სახ. მოხმარების ნაკეთობათა საწარმო), "შემკეთებელი" (შენობა-ნაგებობათა კაპიტ. შეკეთებისა და ხის დამმუშავებელი საწარმო), "მექანიკოსი" (მანქანა-დანადგარების სარემონტო მექანიკური საწარმო), "ტარა" (შესაფუთი ტარის საწარმო), "მუყაო" (ტარის წარმოებისათვის საჭირო მუყაოს დამამზადებელი საწარმო), "ელექტროენერგეტიკა" (სააქციო საზ-ბების ელექტროენერგიით მომარაგების საწარმო); "სანი" (ელექტროკარების საწარმო), "რკინიგზელი" (შიგა საქარხნო სარკინიგზო გადაზიდვების საწარმო), "ქაღალდი" (ტექ. დანიშნულების ქაღალდის საწარმო), "ზუგდიდის ქაღალდი" (კომერც. საქმიანობისა და მატერ. უზრუნველყოფის საწარმო), "თბოენერგია" (ტექნოლ. ორთქლის საწარმო). აღნიშნული სააქციო საზ-ბებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით, ხოლო დანარჩენი არ ფუნქციონირებს ფინანსური რესურსების უქონლობის გამო. მ. ნაჭყებია.