ენდემია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. endēmos – ადგილობრივი, მკვიდრი), ე ნ დ ე მ უ რ ი კ ე რ ა, გარკვეულ ტერიტორიაზე ინფექციური ან არაგადამდები (არაინფექციური) დაავადების მუდმივი (მრავალი წლის მანძილზე) არსებობა. იგი განპირობებულია გარკვეული გარემო პირობებით, რაც ხელს უწყობს ამ ტერიტორიაზე აღნიშნულ ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების ცირკულაციას და მათ გადამტანთა ინტენსიურ გამრავლებას. არაგადამდებ დაავადებათა შემთხვევაში კი ე-ს იწვევს გარემოს ელემენტებში (ნიადაგი, წყალი და სხვ.) ზოგიერთი ქიმიური ელემენტის სიჭარბე ან დეფიციტი. ასეთ ტერიტორიას ენდემური კერა ეწოდება. მაგ.: მალარია ენდემურია ყველგან, სადაც არსებობს მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი და ისეთი გარემო პირობები (მაგ. ჭაობი), რ-იც ხელს უწყობს კოღოსა და მის სხეულში არსებული მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმის გამრავლებას. მაგ., მე-20 საუკუნის I ნახევარში საქართველოში მალარია ენდემური დაავადება იყო, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობზე. ამჟამად ენდემური ინფექციური დაავადებებია: ანკილოსტომოზი, ტულარემია, ლეიშმანიოზი და სხვ. არაგადამდებ დაავადებათაგან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ენდემური ჩიყვი, რ-საც იწვევს გარემოში (ნიადაგში, წყალში) მიკროელემენტ იოდის დეფიციტი. მე-20 ს. ბოლოსა და 21-ე ს. დასაწყისში ეს პათოლოგია ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა. ენდემურ დაავადებას მიეკუთვნება ფლუოროზიც, რ-იც განპირობებულია გარემოს ელემენტებში ფთორის შენაერთების სიჭარბით. სათანადო სამეურნეო და სამედიცინო- სანიტარიული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია ბუნებრივი ბიოლოგიური კავშირების გაწყვეტა, ენდემური კერის განმსაზღვრელი პირობების შეცვლა და ადგილმდებარეობის გაჯანსაღება, რაც იწვევს ენდემური დაავადების გავრცელების შემცირებას და ენდემური კერის ლიკვიდაციას. ი. მჭედლიშვილი.