ენეოლითი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენეოლითი, სპილენძ-ქვის ხანა (ლათ. aeneus – სპილენძი და ბერძნ. lithos – ქვა), ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი ისტორიულ-არქეოლოგიური პერიოდი (ძვ. წ. VI–IV ათასწლეული), როცა ჩნდება თვითნაბადი სპილენძისაგან ცივი დამუშავებით დამზადებული იარაღი და სამკაული. ე-ის ეპოქაში ქვის იარაღის გვერდით სპილენძის იარაღიც იხმარებოდა. ადრე მეცნიერთა უმრავლესობა ე-ს განიხილავდა არა როგორც ცალკე ეპოქას, არამედ როგორც გარდამავალ საფეხურს ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე. მაგრამ ყოველი ახ. აღმოჩენა ცხადყოფს, რომ იგი სრულფასოვანი არქეოლ. ეპოქაა, რ-იც ორი ათასწლეულის მანძილზე გრძელდება. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ე. იწყება ძვ. წ. VI ათასწლეულში, ევროპაში – ძვ. წ. III ათასწლეულში. ე-ის ძეგლები აღმოჩენილია შუა აზიაში (ანაუ, ნამაზგათეფე), უკრაინაში (ტრიპოლიეს კულტურა). ამიერკავკასიაში (ქიულთეფე, შომუთეფე, ტეხუტა, ქვემო ქართლის ძეგლები და სხვ.) ამიერკავკასიის ენეოლითური ანუ ადრესამიწათმოქმედო კულტურა ძვ. წ. VI–IV ათასწლეულით განისაზღვრება. ე-ში გამოიყოფა 3 პერიოდი: ადრინდელი, შუა და გვიანდელი. სამხრ. კავკასიისა, კერძოდ კი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლები ადრე- და გვიანენეოლითურ ეტაპებს განეკუთვნება. ე-ის ადრინდელი პერიოდის ნასახლარები უმთავრესად ქვემო ქართლშია გამოვლენილი. ისინი (შულავრის, ყაჩაღანის, წითელი სოფლის, არახლოს, იმირის, დანგრეული გორის და სხვ.) ჯგუფებადაა განლაგებული მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, მდ. ხრამის, დებედისა და მაშავრის აუზში. ეს ნამოსახლარები წარმოადგენს ხელოვნურ ბორცვებს, რ-ებიც ერთ ადგილზე ადამიანთა ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად არის წარმოქმნილი. ნამოსახლარებზე გამოვლენილია ალიზით ნაგები გუმბათსახურავიანი წრიული ნაგებობანი, აგრეთვე სწორკუთხა სათავსები (არახლო I, იმირის გორა). არახლოსა და ხრამის დიდ გორაზე არის ნახევრად მიწურებიც. არქეოლ. მასალას შეადგენს ტლანქი, ხელით ნაძერწი, მინარევებიანი თიხის ნაწარმი, ქვის, ძვლისა და რქის იარაღი. გვხვდება ქილები, კასრისებრი ჭურჭელი, ჯამები და მომცრო ზომის ჭურჭელიც. უმრავლესობა შემკულია რელიეფური ორნამენტით, ძირზე ზოგჯერ ლასტის ანაბეჭდი შეიმჩნევა. ზედა ფენებში ჩნდება ე. წ. `თევზიფხური~ სახეები, ჭდეული ორნამენტი და გლუვზედაპირიანი, წითლად შეღებილი ნაწარმი. ქვის იარაღებიდან აღსანიშნავია: გახეხილ-გაპრიალებული ცულები, სატეხები, გრდემლები, საპრიალებლები, ბევრია ობსიდიანის ნუკლეუსები, რ-თა ატკეცვით ამზადებდნენ დიდი ზომის დანისებრ ფირფიტებს, საფხეკებს, სახვრეტებს, საჭრისებს, ნამგლის ჩასართებს და სხვ. გვხვდება ძვლის (თოხები, სადგისები, საპრიალებლები, კოვზები, დანისებური იარაღი, ოვალური და რომბული ისრისპირები), აგრეთვე რქის იარაღი (თოხები, ცულები სატარე ნახვრეტით, ჩაქუჩისა და წერაქვისნაირი იარაღი, მიწის საჩიჩქნები, კვერთხისთავები და სხვ.). იარაღი მრავალფეროვანია, დამუშავებულია მაღალი ტექნიკით. ბევრია თიხის ანთროპომორფული ქანდაკება. ხრამის დიდ გორასა და არახლო I-ზე აღმოჩნდა სპილენძის მცირე საგნები.


იმირის გორა.jpg

ქვემო ქართლში გამოვლენილი ე-ის კულტ. და აზერბაიჯანის სინქრონული ძეგლები ერთიანდება ადრესამიწათმოქმედო კულტურის ერთ ლოკალურ ვარიანტში – ე. წ. `შულავერ-შომუთეფეს~ კულტურაში. შულავრის ნასოფლარის ძეგლების სტრატიგრაფიის საფუძველზე გამოყოფილია ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურების 5 თანამიმდევრული საფეხური. ე-ის გვიანდელ პერიოდში რამდენადმე განსხვავებული კულტურა ისახება. ამ ეტაპს მიეკუთვნება ე. წ. სიონის ტიპის ძეგლები, რ-ებიც უფრო ფართოდაა განფენილი საქართვ. ტერიტორიაზე, ვიდრე ადრეული საფეხურისა. გვხვდება საქართველოს როგორც დაბლობ, ისე მთიან რაიონებში. აღმ. საქართველოში ასეთებია: წოფი, სიონი, არახლო VI (ქვემო ქართლი), ბოდორნა, არანისი, ჟინვალი, ბულაჩაური (არაგვის ხეობა), ბერიკლდეები (შიდა ქართლი), წითელიგორების სამოსახლოები (კახეთი), ხელთუბანი (გორის მუნიციპალიტეტი), დელისის ნასახლარი (თბილისი). სიონში, ბოდორნასა და არანისში აღმოჩნდა ნახევრად მიწურების საძირკვლები. უმეტეს შემთხვევაში მასალის უმრავლესობა სამეურნეო ორმოებშია ნაპოვნი. არქეოლოგების აზრით, ადამიანები შეიძლება სარ-ლასტზე მოწნულ მსუბუქ შენობებში ცხოვრობდნენ. მასალა ძირითადად ხელით ნაძერწი, უხეში მინარევებიანი კერამიკაა. ჭარბობს ჯამისა და გობის ფორმის ნაწარმი. ჭურჭელი შემკულია რელიეფური კოპებით, ხაზებით და ჭდეული სახეებით, ხშირად გვხვდება თხელი ანგობით დაფარული ზედაპირგაპრიალებული ჭურჭელიც. ქვისა და ობსიდიანის იარაღი იმავე ტიპისაა, როგორიც ადრეულ საფეხურზე იყო (გახეხილ-გაპრიალებული ცულები, სატეხები, ხელსაფქვავები, როდინი და სხვ.). ობსიდიანისგან ამზადებდნენ დანისებურ ლამელებს, საფხეკ-საჭრისებრ, ნამგლის ჩასართებს. მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი ძვლისა და რქის იარაღი.


ენეოლითი.jpg

გვიანდ. ე-ის შემცვლელი ფენები დას. საქართველოში აღმოჩენილია რიონ-ყვირილის აუზში განლაგებულ მღვიმეებში (ძუძუანა, საგვარჯილე, დარკვეთი, სამელე კლდე, თეთრი მღვიმე) და ღია ნასახლარებზე (თეთრამიწა, ახალსოფელი). ამავე პერიოდისაა ჩრდ.-დას. კოლხეთში გათხრილი ძეგლები: ოქუმის მღვიმე, ათარის, მაჭარის და ფსოუს ღია ნასახლარები. დას. საქართველოს გვიანდ. ე-ის ნასახლარებზე მოპოვებული ქვის, ძვლის, რქის, კაჟის იარაღი და, განსაკუთრებით, კერამიკა დამზადების ტექნიკით, ფერით, ფორმითა და შემკულობით მსგავსია აღმ. საქართველოს ე. წ. სიონის ტიპის ძეგლების მასალისა. სავარაუდოა, რომ ადრესამიწათმოქმედო კულტურის გვიანდ. ე-ის ეტაპზე მთელ საქართვ. ტერიტორიაზე ერთგვაროვანი კულტურა არსებობდა, რ-შიც ცალკეული ლოკალური ვარიანტები გამოიყოფოდა. დას. საქართველოში დადასტურებულია 2 ლოკალური რეგიონი – რიონ-ყვირილის აუზი და ჩრდ.-დას. კოლხეთი. გვიანდ. ე-ის პერიოდი, 14c-ითა (რადიონახშირბადული მეთოდით) და პარალელური მასალების (სომხეთი, აზერბაიჯანი) გათვალისწინებით, ძვ. წ. IV ათასწლეულის დასაწყისითა და შუა ხანით განისაზღვრება, ხოლო დაკალიბრებით იგი ძვ. წ. V ათასწლეულსაც შეიძლება განეკუთვნებოდეს.

თიხის სასმისი.jpg

ლიტ.: გოგელია დ., ენეოლითური კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, წგ.: საქართველოს არქეოლოგია, ტ. 2, თბ., 1992; კიღურაძე თ., აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1990; მენაბდე მ., კიღურაძე თ., სიონის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1981; ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხურები, თბ., 1986; ფხაკაძე გ., დასავლეთ ამიერკავკასია ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულში, თბ., 1993; ჯაფარიძე ო., ჯავახიშვილი ა., უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, თბ., 1971; Пхакадзе Г. Г., Некоторые вопросы энеолита Западного Закавказья, «საქართვ. მეცნ. აკად. მოაბე», 1978, ტ. 130, #1. გ. ფხაკაძე.