ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გ. ჩოგოვაძის სახელობისა, დაარსდა 1928 და ეწოდა ამიერკავკ. ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინ-ტი; ექვემდებარებოდა სსრკ ენერგეტ. და ელექტრიფიკაციის სამინისტროს. 1936–71 ეწოდა ა. ვინტერის სახ. თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, 1971, ამ ინ-ტისა და ა. დიდებულიძის სახ. საქართველოს ენერგეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის გაერთიანების შემდეგ (1971), – საქართველოს ენერგეტ. და ჰიდროტექ. ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, 1997–2010 – ენერგეტიკისა და ენერგეტ. ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. ინ-ტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ჰიდრავლიკურ კვლევათა საერთაშ. ასოციაციის საქართვ. ეროვნ. კომიტეტი, საქართვ. ეროვნ. ენერგეტ. აკადემია, ენერგეტ. სტრატეგიის კვლევის ცენტრი, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრი. 2010-იდან ინ-ტი შეუერთდა შპს "წყალკანალ-21-ს". ინ-ტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო: ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის, ენერგოსისტემის ეფექტიანობის ამაღლებისა და პერსპექტიული განვითარების პრობლემების დამუშავება; ექსპლუატაციაში მყოფი და მშენებარე ელექტროსადგურების ნაგებობათა და მოწყობილობათა საიმედოობის, სეისმომედეგობის, სამშ. მასალებისა და კონსტრუქციების დამზადების ტექნოლოგიების, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების საშუალებების, წყლის რესურსების კომპლ. გამოყენებისა და დაცვის მეთოდების, მდინარეთა კალაპოტებსა და ჰიდროტექ. ნაგებობებში წყლის დინების კანონზომიერების, ჰესებით დარეგულირებულ მდინარეთა კალაპოტური დეფორმაციებისა და საქართვ. შავიზღვისპირეთის სტაბილურობის შენარჩუნების გზების ძიება და დადგენა; სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსისათვის დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნორმატიული დოკუმენტების დამუშავება. 1997-იდან ინ-ტი გამოსცემდა სამეცნ.-ტექ. ჟურნალს "ენერგია".