ენერგეტიკის რეგულირება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენერგეტიკის რეგულირება, სახელმწიფოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია დარგში მონოპოლიზაციის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად და მომხმარებელთა დასაცავად. მისი დანიშნულებაა შექმნას ქცევის ისეთი წესები, რ-იც ჰგავს საბაზრო წესებს, ამავე დროს რეგულირების ფორმა და მექანიზმი ისეა შერჩეული, რომ დაცულია როგორც მომხმარებლის, ისე მწარმოებლის ინტერესები. ე. რ. საზოგადოებას უკეთეს პირობებს უქმნის ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით და იმავდროულად მინ. გადასახადებს აწესებს კონკურენციის არარსებობის პირობებში. კონკურენტუნარიანი ბაზრის მსგავსად, ენერგია მიეწოდება მხოლოდ იმ მომხმარებელს, რ-საც სურს და შეუძლია მომსახურების საფასურის გადახდა; სამაგიეროდ, ამ შემთხვევაში ენერგიაზე ფასები უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე მონოპოლიის ან კონკურენციის არსებობის სხვა ალტერნატივების დროს. ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება სახელმწ. ან კერძო სტრუქტურებიდან ყველაზე რაციონალურად შეუძლია დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს. ეს აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ამჟამად დამოუკიდებელ რეგულირებას მიმართავენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, პოლონეთი, უნგრეთი, შვედეთი, ლათინური ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნები, აგრეთვე რუსეთი, უკრაინა და პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი სახელმწიფოების უმეტესობა. საქართველოს ენერგეტიკაში ეკონომიკურ გარდაქმნათა რთული პროცესის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის შექმნა (დაწვრილებით იხ. სტ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია). ლიტ.: ერისთავი ე., ჩომახიძე დ., ცინცაძე პ., ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლები, წგ. 1–2, თბ., 2000–01; თავაძე გ., ქავთარაძე ი., ჩომახიძე დ., მენაბდე დ., ენერგეტიკის რეგულირება: თეორია და პრაქტიკა, თბ., 2006; ჩომახიძე დ., ენერგეტიკის მდგრადი განვითარების რეგულირების პრინციპები, თბ., 2012. დ. ჩომახიძე.