ენისელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენისელი (ისტ. ელისენი), სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), მდ. ინწობის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, თელავი–ყვარლის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 440 , ყვარლიდან 19 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2002). 1328 ალექსანდრემ მცხეთის სვეტიცხოველს განუახლა ე-ში მოსახლე ურია და სომეხი ვაჭრების შეწირულება. 1577 ენისელთ მოურავი იყო დავით ჯორჯაძე. 1580 ე-ში მოსახლე სააბრეშუმე გლეხები იესე მეფემ სიაოშ სააკაძეს უბოძა. შემდგომ საუკუნეებშიც ე. სამეფო-სახასო სოფელი იყო. იგი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილთან. 1767 საბუთით ერეკლე II-მ ე-ის მოურავ დავითს უწყალობა სვიმონიშვილის მამული გვერდისძირში. 1796 წყალობის წიგნით იულონ ბატონიშვილმა შიო სიდამონიძეს უბოძა მიწა, რ-საც საზღვრავს ე-ის მოურავის ზვარი. 1801 და 1804 წლების აღწერით ე. გრემის გვერდით იხსენიება, XIX ს-ში შედიოდა თელავის მაზრის ყვარლის უბანში. ე-სა და მის მიდამოებში შუა საუკუნეების რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლია. მათ შორის საყურადღებოა ნასოფლარ შიხიანის აღდგომის ეკლესიის კომპლექსი. ლიტ.: გვასალია ჯ., თოდრია თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1971, [ტ.] 4. ჯ. გვასალია. პ. ზაქარაია.

ენისელი შახიანის აღდგომის ეკლესი.jpg