ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (ენიმკი)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (ენიმკი) აკად. ნ. მარის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. შეიქმნა 1936 სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის კავკასიისმცოდნეობის ინ-ტის ბაზაზე. აერთიანებდა 10 განყ-ბას: ქართველურ ენათა, კავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიის, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ., მახლობელი აღმოსავლეთის ენათა, ტერმინოლოგიის, ზოგადი ენათმეცნიერების, ფილოლ. განყ-ბებს. 1936 წ. 1 დეკ-იდან ინ-ტის დირექტორი იყო ს. ჯანაშია. 1941 მარტიდან, საქართვ. მეცნ. აკად. დაარსებასთან დაკავშირებით, ენიმკის ბაზაზე შეიქმნა 2 ინ-ტი: აკად. ნ. მარის სახ. ენის ინ-ტი (ახლანდ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი) და ისტ. ინ-ტი (ახლანდ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი). ინ-ტებს გარკვეული დროით კვლავ ერთიანი ხელმძღვანელობა ჰყავდათ (სამეცნ. საბჭო – 1944 ივლისამდე, დირექცია – 1943 მარტამდე). ენიმკის პერიოდული გამოცემები იყო “აკად. ნ. მარის სახელობის ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე” [1937–44 წლებში გამოქვეყნდა “მოამბის” 14 ტომი, აქედან 2 ტომი (II და IV) ცალკე ნაკვეთებისაგან შედგებოდა] და “მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის” (1937–44 წლებში გამოიცა 7 ტომი 23 ნაკვეთად). აღნიშნულ პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა მნიშვნელოვანი მეცნ. გამოკვლევები ქართველურ-კავკ. ენების, ქართ. ფილოლოგიის, საქართვ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ., აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ძვ. ისტ. აქტუალურ საკითხებზე. ამას გარდა, ენიმკის მიერ მომზადდა და გამოიცა 70-ზე მეტი ნაშრომი, მ. შ. ივ. ჯავახიშვილის “ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა” (1937), ა. ჩიქობავას “ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი” (1938), “საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX ს. დამდეგამდე” (ავტ. ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ს. ჯანაშიას რედაქციით, 1943), ბ. კუფტინის “არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში” (1941, რუს. ენაზე), ვ. თოფურიას, ს. ყაუხჩიშვილის “რუსულ-ქართული ლექსიკონი” (1938, 1940), გ. ახვლედიანის, ვ. თოფურიას “ქართულ-რუსული ლექსიკონი” (1942), ასევე რამდენიმე ტერმინოლოგიური ლექსიკონი. ქ. თოფურიძე.