ენკენია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენკენია, ტაძრის კურთხევის ანუ სატფურების ქრისტიანული დღესასწაული. იმპ. კონსტანტინე I-მა, იერუსალიმში გოლგოთაზე აღდგომის ტაძარი ააგო. მისი მშენებლობა 335 წ. 13 სექტ. დასრულდა და იმავე დღეს იკურთხა. ტაძრის კურთხევის ანუ სატფურების შემდეგ საფუძველი დაედო ე-ს, რ-იც ოდითგან ერთ-ერთი უდიდესი ქრისტ. დღესასწაული იყო და, გადმოცემით, 8 დღე გრძელდებოდა. მრავალი ქვეყნიდან უამრავი მლოცველი მიემართებოდა იერუსალიმისკენ. ღვთისმსახურება ამ დღეებში ისე სრულდებოდა, როგორც აღდგომას და ნათლისღებას. საქართველოში ე. პატარა და ნაკლებმნიშვნელოვანი დღესასწაულის სახით შემორჩა ხევსურეთში, კერძოდ, არხოტში, ხოლო მის მნიშვნელობაზე ჩვენში სექტემბრის ხალხ. სახელწოდება – ენკენისთვეც მეტყველებს. ლიტ.: კიკნაძე ზ., შობიდან შობამდე, თბ., 1997; კლარჯული მრავალთავი, თ. მგალობლიშვილის გამოც., თბ., 1991; ოსიაური ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი. ხევსურეთი (არხოტის თემი), თბ., 1988; ღამბაშიძე ნ., ენკენიის ხევსურული დღესასწაული, «კლიო» (საისტორიო ალმანახი), თბ., 2000. ნ. ღამბაშიძე.