ენოთეკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენოთეკა (ბერძნ. oinos – ღვინო და thēkē – საცავი), საგანგებოდ მოწყობილი საცავი, სადაც ინახება ბოთლებში ჩამოსხმული სხვადასხვა მარკის ღვინის კოლექცია. ე-ში ინახება სხვადასხვა ტიპისა და ხნოვანების მრავალი დასახელების ღვინო. საქართველოში დაცული ე-ები მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საცავთაგანია, რაც მრავალჯერ გამხდარა მეღვინეობის მსოფლიო და საერთაშ. კონგრესების გამართვის საფუძველი. პირველი ქართ. ე. შეიქმნა თბილისში XIX ს. 80-იან წლებში N1 ღვინის ქარხნის ბაზაზე. აქ დაცული იყო სუფრის, შემაგრებული სადესერტო და ცქრიალა (შამპანური) ღვინოები, აგრეთვე სხვადასხვა დასახელების მაგარი სამარკო სპირტიანი სასმელების (კონიაკი) ნიმუშები. აქვე ინახებოდა უცხ. ღვინოების კოლექცია. ძვ. ღვინოთა შორის აღსანიშნავია წინანდალი (თეთრი; 1898, 1913), ნაფარეული (თეთრი; 1909), მუკუზანი (წითელი; 1894, 1896) და სხვ., უცხოური ღვინოებიდან – ფრანგ. შატო-ლაფიტი (1775), შატო-ლატური (1878, 1905), რომანე-კონტი (1865) და სხვ., ასევე პოლ. ლიქიორი (1790), ქოლერის საწინააღმდეგო რუს. არაყი (1717); ნაპოლეონის ღვინის საცავის კონიაკი (1811) და სხვ. ე-ები არსებობს წინანდალში, სააქციო საზ-ბის სარაჯიშვილის და ბაგრატიონი 1882-ის ქ-ნებში, სადაც დაცულია უნიკალური ქართ. და მსოფლიოს საუკეთესო მაგარი სპირტიანი სასმელების ნიმუშები. საინტერესო ე. აქვს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტს. ლიტ.: სიხარულიძე თ., კოლექციონირების მეცნიერული საკითხები, «მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები», 1972, ტ. 2; Беридзе Г. И., Сихарулидзе Т. Г., Физико-химический состав и качество коллекционных вин, Тб., 1973. ენოთეკა წინანდალი.jpg