ეპიგეა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიგეა (Epigaea gaultherioides), მარადმწვანე გართხმული ბუჩქი მანანისებრთა ოჯახისა. აქვს მოგრძო, ელიფსური, ტყავისებრი ფოთლები, მარტოული ან მცირეყვავილიანი [2–3(4) ერთად] მტევნებშეკრებილი ვარდისფერი ყვავილები. ყვავილის კოკრების ჩასახვა ხდება ზაფხულში, იზამთრებს თოვლქვეშ, ყვავილობს გვიან გაზაფხულზე. მსოფლიოში ამ გვარიდან მხოლოდ 3 სახეობაა ცნობილი. ამათგან, პირველი გავრცელებულია იაპონიაში, მეორე – ჩრდ. ამერიკაში, ხოლო მესამე – საქართველოში (კოლხეთში). ე. მესამეული პერიოდის რელიქტია, აჭარა-ჭანეთის ვიწრო ენდემი. ბუნებრივად იზრდება აჭარაში – ნამწვავისწყლის ხეობაში, მთის შუა სარტყლიდან სუბალპ. სარტყლამდე. ტყეში გვხვდება უმთავრესად დამრეც კალთებზე პონტოურ და უნგერნის შქერთან, მედვედევის არყთან, პონტურ მუხასთან, წაბლსა და სხვებთან ერთად, ზ. დ. 900–1000 მ-ზე. ალაგ-ალაგ, მცირე ფართობზე ქმნის წმინდა რაყას, ზოგჯერ გამეჩხერებულ ტყეში შეაღწევს ხოლმე, ძლიერ დაჩრდილვას ვერ იტანს. დეკორ. მცენარეა. მრავლდება გადანაწვენითა და თესლით. შეტანილია საქართვ. წითელ წიგნში.