ეპიგრამა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიგრამა (ბერძნ. epigramma – სიტყვასიტყვით – წარწერა), მოკლე სატირული ლექსი. ძვ. საბერძნეთში ე. ეწოდებოდა მოკლე წარწერებს ტაძარზე, ქანდაკებათა კვარცხლბეკზე, საკურთხეველზე, შეწირულ საგნებზე. წარწერებმა ლექსის ფორმა შეიძინა და თემატურად გაფართოვდა (აღწერითი, მიძღვნითი, დიდაქტ., სატირული, სასიყვარულო, სამგლოვიარო). ე. განსაკუთრებით განვითარდა ბერძნ. ლიტ-რაში – ელინისტი პოეტების შემოქმედებაში (ძვ. წ. III ს. – ახ. წ. I ს.) და რომაულ ლიტ-რაში, კერძოდ, მარციალისის სატირულ შემოქმედებაში (ახ. წ. I ს.). ე-ის ტრადიციები გრძელდებოდა შუა საუკუნეებსა და რენესანსის ეპოქაში როგორც ბიზანტ., ისე ლათ. ლიტ-რაში. ახ. ევრ. ლიტ-რაში ე. სატირული პოეზიის მცირე ჟანრად იქცა. ე-ის ძირითადი კომპოზ. ხერხია ექსპოზიციისა (საწყისი მოქმედების გარემოსა და გარემოების ამსახველი ნაწილი) და ენამახვილური დასასრულის დაპირისპირება. რუს. ლიტ-რაში ე-ს წერდნენ ა. პუშკინი, ფ. ტიუტჩევი და სხვ. ქართ. ლიტ-რაში ე-ის თვალსაჩინო ნიმუშებია ბესიკის მზეჭაბუკ ორბელიანს; აკაკის გამკილავი ე., მიმართული მეფის რუს. შინაგან საქმეთა მინისტრ გრაფ მიხეილ ლორის-მელიქოვისადმი; ილიას ე. – თავადაზნაურობის მარშალ რ. ანდრონიკაშვილისადმი, რ-მაც იმპერატორს საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის ნაცვლად სთხოვა კადეტთა კორპუსის გახსნა: ულვაშ სრული მელოტია, უთაური თავიანი, ხელთა მლოკი, ქონდრის კაცი, დიდგულა და ბოხხმიანი. თუმცა ტანად პატარაა, სხვაფრივ კი კარგა დიდია, ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზე ჰკიდია. რ. ჭილაია.