ეპიდემია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიდემია (ბერძნ. epidēmia – ხალხში გავრცელებული), გადამდები ან არაგადამდები დაავადების სწრაფი განვითარება და გავრცელება, რასაც თან სდევს დაავადების შემთხვევების მკვეთრი მატება დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ არეალსა ან პოპულაციაში. ე. წესისამებრ, ვლინდება აფეთქებების სახით, მოიცავს დაავადების შემთხვევათა მნიშვნელოვან რაოდენობას, ვითარდება იმ ადგილას, სადაც დაავადება არ არსებობდა, ან გამოვლინდება შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით იქ, სადაც დაავადება ენდემური იყო. ე. შეზღუდულია დროსა და სივრცეში. დაავადების მუდმივ ან პერიოდულ არსებობას გარკვეულ ტერიტორიაზე ან პოპულაციაში ენდემიას უწოდებენ. ენდემია არ არის შეზღუდული დროში, თუმცა შეზღუდულია სივრცეში. დაავადების გავრცელებას რამდენიმე ქვეყნის ან კონტინენტის მოსახლეობაში (ზოგჯერ – მთელ მსოფლიოში) პანდემია ჰქვია. ე. ვრცელდება ყოფით-კონტაქტური ან ჰაერ-წვეთოვანი გზით, წყლით, საკვები პროდუქტებით და სხვ. მის გავრცელებას ხელს უწყობს ცუდი სანიტ. პირობები, ომი, შიმშილი და სხვ. ე-თან ბრძოლის მეთოდებია: ავადმყოფის იზოლაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია, დევასტაცია, დერატიზაცია, დაცვითი აცრა და სხვ.