ეპიდემიოლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიდემიოლოგია (ბერძნ. epidēmia – ხალხში გავრცელებული, ლოგოს – მოძღვრება), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა პოპულაციაში დაავადებათა აღმოცენების და გავრცელების კანონზომიერებებს და შეიმუშავებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მათ მიმართ. ე., როგორც მეცნიერება, ჩაისახა ძვ. წ. IV ს-ში საბერძნეთში. მის ფუძემდებლად ითვლება ჰიპოკრატე. თავდაპირველად ე-ის შესწავლის საგანი იყო ეპიდემიები. ტერმინი ეპიდემია გულისხმობს ინფექციური (გადამდები) დაავადების შემთხვევების სწრაფ მატებას ან იმ ახ. დაავადების გავრცელებას, რ-იც მანამდე არ გვხვდებოდა მოცემულ ტერიტორიაზე. ე-ის კვლევის მეთოდებია: აღწერითი, ანალიზური და ექსპერიმენტული. აღწერითი მეთოდის საშუალებით ხდება ცალკეული ნოზოლოგიების ეპიდემიოლოგიური თავისებურებების დადგენა (რისკის ჯგუფები, პერიოდები და ტერიტორიები), რის საფუძველზეც შემუშავდება ჰიპოთეზა დაავადების რისკის ფაქტორების თაობაზე. ანალიზური მეთოდის საშუალებით ხდება რისკ-ფაქტორების შესახებ შემუშავებული ჰიპოთეზის შეფასება. ექსპერიმენტული მეთოდის საშუალებით ასევე ხდება ჰიპოთეზის დადასტურება. აგრეთვე, სამკურნალო და პროფილაქტიკური პრეპარატების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება. თავდაპირველად, ე-ის უპირველესი მიზანი იყო ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში კაცობრიობას გააჩნდა მთელი რიგი ღონისძიებები, რ-თა საშუალებითაც ხდებოდა გარკვეული პროფილაქტიკური და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ასეთ ღონისძიებებს, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნებოდა კარანტინი, ავადმყოფის იზოლაცია, ხელოვნური ვარიოლაცია და სხვ. თუმცა მეცნ. დონეზე ე. განვითარდა მხოლოდ XIX ს-ში. მის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინგლ. ექიმის ჯ. სნოუს მიერ ლონდონში ქოლერის ეპიდემიის მიზეზების დადგენამ. იგი სამართლიანად ითვლება პრაქტიკული ე-ის ფუძემდებლად, განსაკუთრებით ძლიერი ბიძგი მისცა ფრანგი მეცნიერის ლ. პასტერის, გერმ. ბაქტერიოლოგთა რ. კოხის, პ. ერლიხის, რუს მეცნიერთა ო. მეჩნიკოვის, დ. ივანოვსკის და სხვათა მიერ მიკრობიოლოგიაში მიღწეულმა რევოლუციურმა აღმოჩენებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ე-ის კვლევის მეთოდს ფართოდ იყენებენ არაგადამდებ დაავადებათა შესასწავლად. XX ს. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ე. შეისწავლის არა მარტო ინფექციურ, არამედ სხვა დაავადებათა პროფილაქტიკასაც. უფრო მეტიც, დღეისათვის მსოფლიოში უპირველეს პრობლემას წარმოადგენს ქრონ. დაავადებათა (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ონკოლოგიური, გენეტ., ენდოკრინული სისტემის) ეპიდემიოლოგიური შესწავლა და პრევენცია. საქართველოში ე-ის განვითარების საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვით: ს. ამირეჯიბს, ვ. ანთაძეს, გ. ელიავას, ს. ვირსალაძეს, ნ. კამალოვს, ს. კანდელაკს, კ. კაციტაძეს, გ. კიკნაძეს, გ. მარუაშვილს, გ. მატაბელს, ნ. მახვილაძეს, ლ. საყვარელიძეს, დ. სვანიძეს და სხვ. საქართველოში შესწავლილია დიფთერიის, პარაზიტული ტიფების (კ. კაციტაძე), დიზენტერიის, მუცლის ტიფის, ყივანახველას (ლ. საყვარელიძე), სალმონელოზის (გ. კიკნაძე), ლეპტოსპიროზის (ი. დემეტრაძე), მალარიის და სხვა ინფექციურ დაავადებათა ე-ისა და პროფილაქტიკის საკითხები, ამ მეცნიერთა დამსახურებაა ქვეყანაში ისეთი მძიმე დაავადებების ლიკვიდაცია ან მნიშვნელოვანი შემცირება, როგორიცაა ნატურალური ყვავილი, პარტახტიანი ტიფი, დიფთერია, მალარია და სხვ. საქართველოში ე-ის განვითარებაში და ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით აგრეთვე ნ. იოვაშვილს, კ. მასხარაშვილს, ა. მთვარელიძეს, ნ. ნადარაიას. ქვეყანაში ე-ის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართვ. შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ბაზაზე ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შექმნა. ამჟამად საქართველოში ე-ის დარგში კვლევითი მუშაობა ძირითადად ტარდება თბილ. სახელმწ. სამედიცინო უნ-ტში, დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნ. ცენტრში, სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში.