ეპისტოლე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპისტოლე (ბერძნ. epistolē – წერილი), წერილის ფორმით დაწერილი სპეციფიკური ლიტერატურული ჟანრის თხზულება. ე. ქრისტიანობის ადრეულ ხანაში ასეთი სახით ჩამოყალიბდა: ეპიკური შინაარსი (უპირატესად ავტორის აზრი, იდეა და არა თხრობითი ამბავი) ხშირად ლირ. უშუალობით გადმოიცემა, უშუალო კავშირია დამყარებული ავტორსა და ადრესატს შორის. ყოველი ე. მიძღვნილია მხოლოდ ერთი გარკვეული ადრესატისადმი (სულ ერთია, იგი ერთი ადამიანია, თუ მთელი ჯგუფი) და განკუთვნილია მხოლოდ განსაზღვრული მომენტისათვის. ესაა ერთგვარი ღია წერილი, რ-იც გადმოსცემს ავტორის შეხედულებას ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე, ამიტომ ის მტკიცებითი და დამრიგებლობითი ხასიათისაც არის. ქართულში ტერმინი შემოსულია V ს-იდან, როცა ბიბლიის სხვა ნაწილებთან ერთად ითარგმნა ამ ხასიათის თხზულებებიც. მოღწეულია უძველესი ქართ. თარგმანები პავლე მოციქულის 14 ე-ისა და 7 ე. წ. კათოლიკე ე. (იაკობისა, პეტრესი და იოვანესი). X–XI სს-იდან ე. მოკითხვათა და საქმეთათUს მინაწერის, ანუ საზოგადოდ წერილის მნიშვნელობითაც იხმარება. ჩვეულებრივ კი ძვ. და საშ. ქართულშიც წერილის შინაარსს გამოხატავდა წიგნი. სალიტ. ქართულში ე-ს ორივე მნიშვნელობა (ძვ. და ახ.) შემორჩა. ლიტ.: დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983; Вреде В., Происхождение книг Нового завета, М., 1908. კ. დანელია.