ეპისტოლური ლიტერატურა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპისტოლური ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურის ჟანრი, აღმოცენებული ანტიკურ სამყაროში (საბერძნეთი, რომი, ბიზანტია). განასხვავებენ პირად წერილებსა და ეპისტოლის ფორმით შექმნილ მხატვრულ თხზულებებს. ე. ლ. პოპულარული იყო საქართველოში. ეპისტოლური ჟანრის ჩანართები გვხვდება “აბო თბილელის წამებაში”, “ქართლის ცხოვრებაში”, “გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში”, “ვეფხისტყაოსანში”, “ვისრამიანში” და სხვ. უმდიდრესი ეპისტოლური მასალაა დაცული ე. წ. “სამდივნო წიგნებში” (XVII–XVIII სს. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, H–1334, H–18 და სხვ.). ჩვენამდე მოღწეულია კირონ (კირიონ) I-ის, რუსუდან დედოფლის, თეიმურაზ II-ის, ბაქარის, ერეკლე II-ის, ბესიკის და სხვა ისტ. პირთა თუ მწერალთა პირადი წერილები, რ-ებშიც დაცულია არა მარტო ისტ. ფაქტები, არამედ ნათლად იკვეთება გარდასულ ეპოქათა ისტ. პირების პორტრეტები. ჩვენი კულტურისათვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს XIX ს. მოღვაწეების – ნ. ბარათაშვილის, გ. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ა. ყაზბეგისა და სხვა ქართვ. მწერლების წერილებს. ე. ლ-ის მრავალი ნიმუში გამოქვეყნებულია, დიდძალი მასალა დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, წიგნსაცავებსა და მუზეუმებში. ლ. ძოწენიძე.