ეპიფანე კვიპრელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიფანე კვიპრელი, კვიპროსელი (Epiphanios ho Kyprios) (315–403), კუნძულ კვიპროსის ქ. კონსტანციის (ძველად – სალამინი) ეპისკოპოსი (376-იდან). ორთოდოქსული ქრისტიანობის თავგამოდებული, მაგრამ საკმაოდ პრიმიტიული მიმდევარი. მისი მოღვაწეობა მიზნად ისახავდა `ყოველგვარ მწვალებლურ~ მიმდინარეობასა და იუდეურ სექტებთან ბრძოლას. ე. კ-ის ნაწარმოები `პანარიონი~ – `კალათი~ (იგულისხმება `კალათი წამლებით ყოველგვარი მწვალებლობის წინააღმდეგ~) შეიცავს მრავალ, მაგრამ კრიტიკულად განსახილველ ცნობას ადრექრისტიანული სექტების შესახებ. მისი დამოკიდებულება ანტ. კულტურისადმი მკვეთრად ნეგატიურია, განსწავლულობა ფილოსოფიასა და თეოლოგიაში – საკმაოდ ზედაპირული. მასვე ეკუთვნის თხზულებები სამების, ბიბლიაში მოხსენიებული საზომებისა და წონითი ერთეულების, ძვირფასი ქვების თავისებურებების შესახებ. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე ქადაგება და საღვთისმეტყველო ტრაქტატი. არსებობს ე. კ-ის 10 თხზულების ძველქართ. თარგმანი. `პანარიონში~ ქართ. ტომები: ლაზები, ტიბარენები, ხალიბები, მოსინიკები, კოლხები მოხსენიებული არიან ნოეს შვილების შთამომავალთა შორის. იქვე დაცულია ცნობა ლაზებსა და იბერებში მწვალებლობის არსებობის შესახებ. ე. კ. ქრისტ. სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია. ხსენების დღეა 12 (25) მაისი. გამოც.:Patrologia Graeca, ed. J.-P.Migne, t. 41–43, P., 1857–66; Bibliothek der Kirchenväter, Bd.38, Kepmten, 1919 ლიტ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ალ. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961; კეკელიძე კ., უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 5, თბ., 1957. ნ. ლომოური.