ეპოქა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპოქა (ბერძნ. epochē, სიტყვასიტყვით – შეჩერება, ჭრილი, მონაკვეთი); ფართო მნიშვნელობით, ე. აღნიშნავს დროის, ისტ. ისეთ მონაკვეთს, რ-იც საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება. ე. გარკვეული პერიოდისა და წელთაღრიცხვის აღმნიშვნელადაც შეიძლება გამოიყენებოდეს. ამდენად, ტერმინს ე. მრავალსახა გამოყენების არე აქვს. ის სპეციფ. მნიშვნელობით გამოიყენება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექ. და მედიის სფეროებში. ე-ის ცნების საწყისების განსაზღვრა ადვილი არ არის, რადგან მისი თეორ. დაფუძნება სხვადასხვა სახითა და კონტექსტით ხდება. შეიძლება ერთი რომელიმე კონტექსტი იქნეს აღებული და ე-ის ცნება ამ ჭრილში განიხილებოდეს. ისტ. მეცნიერებაში საყოველთაოდ გავრცელებულია ე-ებად დაყოფის შემდეგი სქემა: ანტ. ხანა, შუა საუკუნეები, ადრეული ახ. დრო, გვიანდ. ახ. დრო და თანამედროვე ეპოქა. თუკი უპირატესობას რელიგ. კონტექსტს მივანიჭებთ, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად, რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის ე-ებზე. თუკი ხელოვნებათმცოდნეობისა და ხელოვნების ისტ. კონტექსტს ავიღებთ ამოსავალ წერტილად, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგ., მოდერნისა და თანამედროვე ე-ის ხელოვნების შესახებ. თუმცა თვით ერთი რომელიმე დიდი ე-ის ფარგლებში შეიძლება რამდენიმე მცირე ე-ის გამოყოფა. მაგ., მოდერნის ე. შეიძლება დაიყოს: ექსპრესიონიზმის, იმპრესიონიზმის, კუბიზმის, ფუტურიზმის, დადაიზმის, სიურრეალიზმის, კონსტრუქტივიზმის და სხვ. ე-ებად. თუკი ლიტ-რის ისტორიას ავიღებთ განმსაზღვრელ ფაქტორად, მაშინ შეგვიძლია გამოვყოთ: ანტ., შუა საუკუნეების, რენესანსის, ჰუმანიზმის, რეფორმაციის, ბაროკოს, განმანათლებლობის, რომანტიზმის, რეალიზმის, ნატურალიზმის, მოდერნიზმის და სხვ. ე-ები. განსაკუთრებით რთული ამა თუ იმ ე-ის განსაზღვრისას მისი დროითი საზღვრების დადგენაა. მაშასადამე, უნდა გამოიკვეთოს ის კრიტერიუმები და საერთო ნიშან-თვისებები, რ-ის მიხედვითაც დადგინდება, თუ როდის იწყება და როდის მთავრდება ესა თუ ის ე. (რენესანსი, განმანათლებლობა და ა.შ.). ე-ის ცნების განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოყენება ინტერდისციპლინურ კონტექსტში. ამ დროს უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და საერთო ნიშან-თვისებები, რ-ებიც ამა თუ იმ ე-ს განსაზღვრავს და გამოარჩევს. ამ საერთო მახასიათებლების დადგენის შედეგად ნათელი ხდება, რომ ერთი რომელიმე ე-ის ფარგლებში სათავე დაედება მოცემული ე-თვის საერთო ნორმებსა და ღირებულებებს. ისინი თავდაპირველად ვითარდებიან ე-ით მოცულ გარკვეულ დროით საზღვრებში, ხოლო შემდეგ კი გავლენასა და არსებობას ნელ-ნელა წყვეტენ. ამის შემდეგ ფეხს იკიდებს ახ. ღირებულებები და ნორმები, რაც ახ. ე-ს უდებს სათავეს. სხვადასხვა ე-ის სპეციფ. ნიშან-თვისებებს განაპირობებს მსოფლმხედველობრივი განსხვავებები და მოტივები, რ-ებიც თავს იჩენს ადამიანური განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. ეს განსხვავებები კი, თავის მხრივ, გამოწვეულია ადამიანთა სხვადასხვა პოლიტ. და ეკონ. განვითარების დონით. ე-ის ტერმინისა და ცნების გამოყენების არე ქართულ რეალობაში. ქართ. თეორ. აზროვნებაში ძირითადად გავრცელებულია ე-ის და ეპოქათა იმგვარი გაგება, რ-იც დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ჰუმანიტარულ-სოც. და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დამკვიდრდა. ამ საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა, ხშირად, ქართ. აზროვნების თავისებურებებისა და სპეციფ. ხასიათის გამოკვეთას უშლის ხელს. ყოველივე ეს კი ჯერ კიდევ მყარად ფესვგადგმული ვიწრო ევროპოცენტრისტული აზროვნების შედეგიცაა. აქ თვალსაჩინო ხდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ამ ორი სოც.-პოლიტიკურად და კულტურულად დაპირისპირებული საწყისის კონფლიქტის მთავარი მიზეზი და მათი მორიგების აუცილებლობა. სწორედ ამ პერსპექტივების გათვალისწინებითაა ნასაზრდოები თ. ირემაძის ერთ-ერთი ფილოს. ნაშრომი – ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები (2013), რ-შიც ე-ის ცნების, ეპოქათა მიჯნისა და ეპოქალური ცნობიერების ახლებური გააზრების მცდელობაა მოცემული ინტერკულტ. ფილოს. აზროვნების (ბერძნ., ქართ., ლათ., ევრ. და ა.შ.) პარადიგმ(ატ)ული მიმართულებებისა და ავტორების ჭრილში. ამ ნაშრომის მთავარი მიზანი ის არის, რომ შეიმუშავოს იმგვარი მეთოდოლ. წანამძღვრები და მოდელები, რ-ის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ქართ. აზროვნების ორიგინ. ხასიათის ჩვენება. ამგვარი მეთოდოლ. მთავარ კომპონენტებად კი წინამდებარე ნაშრომში მიჩნეულია ინტერკულტურულობისა და ინტერდისციპლინურობის სპეციფ. კონცეფცია, რ-იც ქართ. აზროვნების განვითარების ხანგრძლივ პროცესს თან ახლდა მთელი მისი არსებობის განმავლობაში. ავტორი, ამ მეთოდოლ. კომპონენტებზე დაყრდნობით, აყალიბებს ე-ის ახ. გაგებას; აქ მისი თვისებრივი სიახლე ამ კონცეპტის ინტერკულტ. დისკურსის ჭრილში მოდიფიცირებული გამოყენების მცდელობაა; ამა თუ იმ ე-ის დასაწყისისა და დასასრულის მონიშვნა, უწინარეს ყოვლისა, მკაცრი დროითი პარამეტრების მოშველიებით კი არ ხდება, არამედ ე. წ. პარადიგმ(ატ)ული მეტაფორების (თ. ირემაძე) დადგენითა და გამოვლენით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარადიგმ(ატ)ული მეტაფორა, რ-იც ამ ნაშრომში განხორციელებული კვლევა-ძიების საფუძვლად არის წარმოდგენილი და აღიარებული არის გზაგასაყარი: ეს ის ტოპოსია, რომელიც განსხვავებული კულტურების, შეხედულებებისა და მსოფლმხედველობების შეყრისა და გაყრის ადგილად შეიძლება გავიგოთ (თ. ირემაძე). აქედან გამომდინარე, თ. ირემაძის აზრით, სხვადასხვა ე-ის განსაზღვრის პროცესში, უწინარეს ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს პარადიგმ(ატ)ული (კონ)ტექსტ(ებ)ი, რ-ებიც საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ე-ის, კულტ. სივრცისა და მსოფლხატების დროითი საზღვრების შესახებ ვიმსჯელოთ. თ. ირემაძის აზრით, გზაგასაყარი არის უნივერს. ტერმინი (ცნება), რ-იც ცნებათა მკაცრ საზღვრებს სცილდება და ეპოქათა და კულტურათა საერთო ნიშან-თვისებების, ადგილების, ტოპოსების აღმნიშვნელ მეტაფორად იქცევა. თავისი უნივერს. ხასიათის გამო, ეს ტერმინი ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ კონტექსტშიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ლოკალური, რეგიონალური და გლობალური პროცესების აღმნიშვნელი და მომნიშვნელი კონცეპტი. მაშასადამე, გზაგასაყარი ისეთი სახის პარადიგმ(ატ)ული მეტაფორაა, რ-იც ამა თუ იმ ე-ის განსაზღვრის პროცესში ეფექტურ კონცეპტუალურ და ეპისტემოლოგიურ კოდს წარმოადგენს. ლიტ.: აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, თბ., 2012; ზაქარაძე ლ., ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში (განაზრებანი პროფ. თენგიზ ირემაძის ნაშრომზე – „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“, თბ., 2013), იხ.: «კადმოსი». ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, #4 (თბ., 2012); ირემაძე თ., ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბ., 2013. მ. გოგატიშვილი. ლ. ზაქარაძე. თ. ირემაძე.