ერაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერაძე ლეილა უშანგის ასული (14. II. 1933, თბილისი, – 30. I. 1998, იქვე), პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1995), აზერბ. კულტურის დამს. მოღვაწე (1981), აზერბაიჯანული ლიტერატურისა და ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურათა ურთიერთობის მკვლევარი. საქართვ. საელჩოს პირველი მდივანი აზერბაიჯანში (1995–98), საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისა და თანამშრომლობის საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (1992). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის თურქ. ენისა და ლიტ-რის განყ-ბა (1955). ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1955-იდან. ავტორია ლექსთა კრებულებისა: ბაკიბუკით მოვდივარ (1975), აიწონა-დაიწონა (1978), ლექსები (1979), აპრილმა იცის (1987), გადარჩენა (1994) და სხვ. აზერბაიჯანულიდან თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ს. ვურღუნის ლექსები (1960), ნ. ხაზრის ხაზარის პირას (1965), ნ. ჰასანზადეს ლექსები (1983); აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია (1980), აზერბაიჯანელი პოეტები უმღერიან საქართველოს (1981); რომანები: ი. შიხლის ბობოქარი მტკვარი (1982), მ. იბრაჰიმოვის ფარვანა (1984, დ. გულისაშვილთან ერთად) და სხვ. თავის შემოქმედებით ეხმაურებოდა ქართ.-აზერბ. კულტ. მნიშვნელოვან მოვლენებს. ავტორია წიგნებისა: მეგობრობა გზად და ხიდად (1976), ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურათა ტიპოლოგიური ურთიერთობანი (აზერბ. ენაზე, 1984, ბაქო) და სხვ. ე-ს ლექსთა კრებულები თარგმნილია აზერბ., რუს., იტალ. და სლოვაკურ ენებზე. ე. იყო ი. მაჩაბლის სახ. სახელმწ. პრემიის (1994), პენკლუბის საერთაშ. ლიტ. პრემიის (1995), რასულ რზას სახ. პრემიის ლაურეატი (1996). მ. შონია. ერაძეები ქართველ მესტვირეთა საგვარეულო ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში (XIX–XX სს.), ცნობილი არიან ზაქარია, მიხეილა, ოქრუა, ბართლომე, მაქსიმე, გრიგოლა, იობა, მინა, რევაზა, ნიკო, სოსიკა, სტეფანე, გლახუა, თედორე, მიხეილ, პავლე, კიკო, კიკოლა ე-ები. ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (ქართლი, კახეთი, ჯავახეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, გურია) და მის ფარგლებს გარეთაც. ზოგიერთმა ქართულის გარდა იცოდა სხვა ენებიც (მიხეილმა – რუს. და აზერბ., პავლემ – აფხაზური, მინამ – სომხ.). სოფ. ფარახეთში გარდა ე-ისა, სხვა საგვარეულოებიდანაც იყვნენ ცნობილი მესტვირეები (ბურდილაძეები, გრძელიშვილები, მაგრაქველიძეები, ტაბუცაძეები, ტოგონიძეები, ბაკურაძეები და სხვ.). ლიტ.: ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953. მ. შილაკაძე.