ერევნის სახანო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერევნის სახანო, ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფო აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე. დააარსა აბას I-მა 1604. ცენტრი იყო არარატის ველი ქ. ერევნითურთ. სახანოში მთელი ადმ. და სამხ. ხელისუფლება შაჰის მიერ დანიშნულ სარდალს (მხედართმთავარს) ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა ხელმწიფის ნაცვლად და ბეგლარბეგი ეწოდებოდა. ამას გარდა, ერევნის სარდალს ემორჩილებოდნენ ნახიჩევანისა და მაქუს სახანოები, აგრეთვე ყარაბაღისა და სივნიეთის (სიუნიქის) სომხ. სამელიქოები. ე. ს. წვრილ ადმ. ერთეულებად – მაჰალებად იყოფოდა. XIX ს. დასაწყისისათვის მათი რაოდენობა 15-ს აღწევდა. მაჰალების მმართველებს ნაიბები და მელიქები ეწოდებოდათ. ნაიბებს ხშირად გამაჰმადიანებული სომხებისა და ქართველების წრიდან ნიშნავდნენ. ქართველები თვით ერევნის ხანებიც ყოფილან. მაგ., გარკვეულ დროს ერევნის ხანი იყო კონსტანტინე II – კახთა მეფე (იგივე მაჰმად ყული-ხანი). XVIII ს. დასაწყისიდან ე. ს-ში ეროვნ.-განმათ. მოძრაობამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. ამ ბრძოლაში სომხებს მხარს უჭერდა ქართლის მეფე ვახტანგ VI, განჯის მოსახლეობა და შემდეგ უკვე ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II. ნადირ-შაჰის მოკვლის (1747) შემდეგ ირანი ანარქიამ მოიცვა და ცალკეულმა სახანოებმა, მ. შ. ე. ს-მაც ნახევრად დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1749 შემოდგომაზე ე. ს-ს მომთაბარე თურქმანული ტომები შეესივნენ მაჰმად-ხანის სარდლობით. ერევნის ხანმა დახმარებისათვის თეიმურაზსა და ერეკლეს მიმართა, რისთვისაც ლაშქრობის ხარჯების გადახდა და ყოველწლიური ხარკი იკისრა. მეფეებმა ეს წინადადება მიიღეს. ლაშქრობა ქართველთა და სომეხთა გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან ე. ს. ძლიერი ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. რუსეთ-ირანის (1804–13, 1826–28) ომების დროს ე. ს-ში ფართოდ გაიშალა სახ. მოძრაობა რუსეთთან შეერთებისათვის, 1828 თურქმანჩაის ზავით ე. ს. რუსეთს შეუერთდა. ლიტ.: История армянского народа, ч.1, Ер., 1951; Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении ..., Л., 1949. გ. მაისურაძე.