ერეკლე I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერეკლე I.png


ერეკლე I (გ. 1709), ქართლის (1688–1703) და კახეთის (1703–09) მეფე. კახეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, დავით (დათუნა) ბატონიშვილისა და ელენე დედოფლის (დიასამიძე) უმცროსი ვაჟი. რუსეთში იცნობდნენ ნიკოლოზის სახელით. სპარსეთის ხელისუფლებამ ნაზარალი-ხანის სახელით მონათლა. სრულიად ყმაწვილი ე. I თეიმურაზმა რუსეთის ერთგულებაზე დადებული `ფიცის წიგნის~ პირობების თანახმად, დედასთან, ელენესთან ერთად ამალით მოსკოვში გააგზავნა (1653). აქ იგი დიდი პატივით მიიღეს. 1658 ივნისში მოსკოვში ჩასულმა თეიმურაზ I-მა რუს. მეფეს ბატონიშვილისადმი მზრუნველობა და სახელმწ. საქმეებში მისი გაწვრთნა სთხოვა. ამ პერიოდში გარდაიცვალა ე. I-ის უფროსი ძმა ლუარსაბ ბატონიშვილი. თეიმურაზმა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-თან ერთად მეფე ალექსი მიხეილის ძეს სთხოვა, ე. I, როგორც ტახტის ერთადერთი მემკვიდრე, საქართველოში დაებრუნებინა. 1660 აგვ. უფლისწული დედასთან ერთად ამალით – ასტრახანში, 1662 კი საქართველოში ჩავიდა. ე. I-ს, როგორც კახეთის ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, სამეფოს დაუფლებაში მხარს უჭერდნენ თუშ-ფშავ-ხევსურნი და სპარსელთა ბატონობით უკმაყოფილო კახი დიდებულების ნაწილი. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ და კახეთის ხანმა ეს ამბავი ირანის შაჰს შეატყობინეს. შაჰმა ე. I-ის შეპყრობა ან განდევნა ბრძანა. ე. I თავს დაესხა ვახტანგს, მაგრამ დამარცხდა და თორღვას ციხეში ჩაიკეტა. ე. I-ის დედის, ელენეს თხოვნითა და გარკვეული პოლიტ. მოსაზრებით 1664 ვახტანგ V-მ იგი ციხიდან გააპარა, ხოლო კახეთის მეფედ თავისი ძე არჩილი დასვა. ე. I განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ კვლავ დამარცხდა და 1666 წელს, იძულებით, ისევ რუსეთში დაბრუნდა. მეფე ალექსი მიხეილის ძემ იგი დიდი პატივით მიიღო. ალექსი მიხეილის ძის ნატალია ნარიშკინაზე მეორედ ქორწინების დროს ე. I ცერემონიალის ხელმძღვანელად (`ტისიაცკი~) და ამასთან სასიძოს მეჯვარედაც მიიწვიეს. ე. I ყოველნაირად ცდილობდა კახეთის ტახტის ხელში ჩაგდებას. მისი ამალის წევრებმა შეიტყვეს, რომ ვახტანგ V-ის გაძლიერება და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა შაჰის განრისხებას იწვევდა. კახეთისა და ქართლის თავადთა ნაწილი ე. I-ს საქართველოში ჩამოსვლას ურჩევდა. მას შაჰიც თავისთან იბარებდა. 1674 ე. I კახეთში ჩავიდა. იგი იქ თავისმა სიძემ (დის ქმარი) – არჩილ II-მ პატივით მიიღო, ტახტის გადაცემას შეპირდა და ირანში გაისტუმრა. შაჰს ქართლის ტახტზე მისი დამტკიცება სურდა, მაგრამ ბოლოს, 1677, არჩევანი გამაჰმადიანებულ გიორგი XI-ზე შეაჩერა, თუმცა ირანის კარზე არც გიორგის დამოუკიდებლობისაკენ მიმართული პოლიტიკა მოეწონათ. იგი გადააყენეს, ე. I აიძულეს გამაჰმადიანებულიყო და მას ქართლის მეფობა უბოძეს. აქედან იწყება ხანგრძლივი ბრძოლა ტახტისათვის ე. I-სა და გიორგი XI-ს შორის. უცხოეთში გაზრდილი ე. I სრულად არ იცნობდა ქართ. ზნე-ჩვეულებებს. მან თავისი პოზიციის განსამტკიცებლად დაიწყო ერთგული პირების დაწინაურება. დაამცირა და დაამდაბლა ის თავადებიც კი, რ-ებიც გიორგი XI-ს ოპოზიციაში ედგნენ, კერძოდ, ვეზირად დანიშნა თათარი ყიასა, მსაჯულთუხუცესად – არაგვის ერისთავის ძმა ბარძიმი, სახლთუხუცესად – კახელი ბებურიშვილი, ყულარასად – ლუარსაბი, რ-ებიც ფაქტობრივად ქვეყანას განაგებდნენ, თვითონ კი მხიარულად ატარებდა დროს. ნიკოლოზის მაგივრად კათოლიკოსად დანიშნა თავისი ბიძა იოანე (დიასამიძე), თბილელის და მანგლელის კათედრებიც თავის მომხრეებს ჩააბარა, რამაც შეურაცხყო მსხვილი წარჩინებული თავადები: გიგი ამილახვარი, თამაზ ყაფლანიშვილი, დავით ქსნის ერისთავი, აშოთან მუხრანბატონი. ე. I-ის მთავარი დასაყრდენი ძალა თბილ. ციხის ყიზილბაში მეციხოვნეები იყვნენ, რ-ებიც ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას იტაცებდნენ, ყიდდნენ ან ამაჰმადიანებდნენ. მძიმე პირობებში ჩავარდნილმა მოსახლეობამ ქართლიდან აყრა და კახეთში ჩასახლება დაიწყო, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო. უკმაყოფილო თავადებმა გადაწყვიტეს ისევ გიორგი XI-ის გამეფება. ტახტისათვის გაჭიანურებულმა ბრძოლამ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ე. I იძულებული გახდა შაჰისათვის დახმარება ეთხოვა. მან ქალბალი ხანის სარდლობით ჯარი გამოგზავნა, რამაც აჯანყებული გიორგი XI-ის პოზიციები დაასუსტა. ე. I-მა მთელი ქართლის დამორჩილება მოახერხა, თუმცა მოსახლეობის აყრა გრძელდებოდა. ამ პროცესს ხელს უწყობდა თვით ე. I. იგი უფრო კახეთის აღორძინებაზე ზრუნავდა, რადგანაც მისი სურვილი საბოლოოდ კახეთში გაბატონება იყო. შაჰმა გიორგი XI-ის შემორიგებისა და ავღანეთში სალაშქრო ჯარის სარდლად დანიშვნის შემდეგ, 1703, ქართლის მეფობა მას უბოძა, ხოლო ე. I კახეთის მეფედ დაამტკიცა, ყულარაღასობა (გვარდიის სარდალი) უბოძა და თავისთან დაიბარა. ე. I სპარსეთში წავიდა. მისი გამაჰმადიანებული შვილი დავით II (იმამ ყული-ხანი) ე. I-ის თხოვნით კახეთის მმართველად გაგზავნეს. მალე ე. I იქვე გარდაიცვალა. ე. I თავისი მეფობის დროს დედის – ელენეს რჩევით, ყურადღებას აქცევდა ეკლესია-მონასტრებს; მრავალ ეკლესიას აღუდგინა ყმა-გლეხები, მამულები, შეაკეთებინა ეკლესიები და მონასტრები; მოაწესრიგა საქალაქო ცხოვრება, განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვ. წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810 წწ.), ტფ., 1922; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ტატიშვილი ვ., ქართველები  მოსკოვში, თბ., 1975. გ. ნარსია.