ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის განჩინება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის განჩინება 1767_68, მეფისა და კათოლიკოსის ნორმატიული აქტი შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოსაწესრიგებლად, აგრეთვე ზოგიერთი სარწმუნოებრივი და სქესობრივი დანაშაულის აღსაკვეთად. შედგება 2 ნაწილისაგან: 1. “ეპისკოპოსთა მიმართ”, რ-იც ერეკლე II-მ და ანტონ I-მა ერთობლივად შეადგინეს 1767; 2. დანართი, რ-იც მეფემ დაუმატა ერთობლივ ტექსტს 1768 “თანა-ნება-მყოფობითა სრულ ერთიანად ... თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთათა”. განჩინება მთლიანად მაშინვე დაისტამბა თბილისში. გვერდების თავზე წარწერილია: “მცნება მღუდელთათვის ეპისკოპოსთა მიმართ”. იგი ეხება მღვდლების “ცხოვრებას” და კვალიფიკაციას, მრევლის სწავლებას, ეკლესიებისა და მათი მოწყობილობის მოვლა-პატრონობას, გამოყენებასა და შეძენა-განახლებას, საეკლ. ქონების გაუცემლობა-გაუსხვისებლობას, “ნათლისღების” შესრულებას, “კვირა-უქმის შენახვას”, კრძალავს ჯერ კიდევ შემორჩენილი ქრისტიანობამდელი კულტების თაყვანისცემას, მისნობა-მწამლველობას, პირუტყვის უშვერ გინებას და მამათმავლობას. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის საეკლ. სასჯელს მეფემ დაუმატა უწყალო, ქართ. სამართლისათვის თითქმის უჩვეულო სასჯელი – წამებით სიკვდილი. განჩინება ყოველ ეპისკოპოსს თავისი სამწყსოს საყდრებში უნდა წაეკითხა და ხალხი გაეფრთხილებინა. პუბლ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970, საბ. 336. დ. ფურცელაძე. ერეკლე2.png