ერზურუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერზურუმი (Erzurum), არზრუმი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. ისტ. თეოდოსიოპოლი (სახელი უწოდეს იმპ. თეოდოსიუს II-ის პატივსაცემად; ქართულად – კარნუ-ქალაქი), ძველთაგანვე გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში დაკავშირებული იყო ამიერკავკ. სამხრეთში გამავალ სავაჭრო-სატრანზ. გზასთან (სულთანია – ყარაბახი – ბარდა – განჯა – შამქორი – თბილისი – გორი – ახალციხე – ე.). III–IV სს-ში ე. რომისა და სასანიანთა ირანის ქიშპის ობიექტი იყო. VII ს. 40-იან წლებში არაბებმა დაიპყრეს და კალიკალა უწოდეს. სახალიფოს დაშლის შემდეგ იგი ბიზანტიის ხელთ იყო. 976–979 ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში დახმარებისათვის დავით კურაპალატმა ბიზანტიის იმპ. ბასილისაგან მიიღო კარნუ-ქალაქი, ბასიანის ოლქი და სხვ. დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ (1001) მისი სამფლობელოების დიდი ნაწილი ბიზანტიამ დაიკავა. 1049 იქ ბიზანტიელებმა გადაასახლეს სომხ. ქალაქის – არზანის (არწნის) მოსახლეობა და ქალაქს უწოდეს არზან ურ-რუმ (რომაელთა არზანი). ერთხანს ე-ის გამგებელი იყო გრიგოლ ბაკურიანის ძე (XI ს.), შემდეგ ქალაქსა და ოლქს სალთუკიანთა თურქმანული დინასტია დაეპატრონა. 1163 ე. დალაშქრა გიორგი III-მ, ხოლო 1192–93, ლაშა გიორგის დაბადების აღსანიშნავად, – ქართველთა ჯარმა. საქართველოზე ლაშქრობის წინ მცირე აზიის სელჩუკიანთა სულთანმა, რუქნადინმა (1196–1204) მცირე აზიის პროვინციების გამგებლებს (მათ შორის ე-ის გამგებელსაც) დახმარება სთხოვა. ე-ის მელიქმა ალაედინ სალთუკ-ოღლუმ, რ-იც საქართველოს ყმადნაფიცი იყო, მას უარი უთხრა დახმარებაზე. 1201 რუქნადინმა გადააყენა ე-ის გამგებელი და იქ თავისი ძმა მოღისედინ თოღრულ-შაჰი დანიშნა. ამით ბოლო მოეღო ე-ის სალთუკიანთა დინასტიის ბატონობას და ე. სელჩუკიანთა მცირე აზიის სასულთნოში მოექცა. XIII ს. დამდეგს ე. ყმადნაფიცობის წესით შემოიმტკიცა საქართველომ. თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ (1213) ე-ის თურქი მფლობელი განუდგა საქართველოს, მაგრამ მალე ლაშა გიორგიმ ილაშქრა და კვლავ შემოიმტკიცა ხლათი, ე. და ნახიჩევანი. XIII ს. 20-იან წლებში საქართველომ თავის კონტროლს დაუქვემდებარა დვინ – ე-ის სავაჭრო მაგისტრალი. 1223 თამარ მეფის ასული რუსუდანი მიათხოვეს ე-ის სულთნის თოღრულ-შაჰის ძეს მოღისედინს, რ-იც გაქრისტიანდა. 1241 ე. აიღეს მცირეაზიელმა სელჩუკებმა და მოსახლეობა ამოჟლიტეს. XIII ს. II ნახევრიდან ე. ილხანთა სახელმწ. შემადგენლობაში მოექცა. XIV ს. ბოლოს – XV ს. დასაწყისში ე-ზე პრეტენზია განაცხადა ოსმ. სულთანმა ბაიაზიდ I-მა. მცირე აზიაში თემურლენგის შემოჭრის დროს ე-ის მფლობელმა მას დაუჭირა მხარი ოსმალების წინააღმდეგ ომში. 1402 ანკარასთან ოსმალების დამარცხების შემდეგ ე. თემურლენგმა ძვ. მფლობელს დაუტოვა, თემურლენგის სიკვდილის შემდეგ 1405 ქართველები აჯანყდნენ, ე-ის მიწები დაარბიეს (კლავიხოს ცნობა). XVI ს. დამდეგიდან ყიზილბაშები და ოსმალები ერთმანეთს ებრძოდნენ ე-ის ხელში ჩასაგდებად. 1522 (ზოგიერთი ცნობით 1517) ე. საბოლოოდ შეიერთა ოსმალეთმა. 1534–35 შეიქმნა ე-ის საბეგლარბეგო, რ-იც ამიერკავკ. წინააღმდეგ აგრესიული ომების პლაცდარმად იქცა. ე-ის საბეგლარბეგო განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ოსმ. სახელმწიფოს სისტემაში. ბეგლარბეგებად ინიშნებოდნენ ვეზირის წოდების მქონე ფაშები. მესხეთის დაპყრობის შემდეგ სულთნის ხელისუფლებამ ე-ის ბეგლარბეგს დაავალა ახალციხის ფაშების საქმიანობისათვის თვალყურის დევნება. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს ე. სამჯერ (1829, 1878, 1916) აიღო რუსის ჯარმა, მაგრამ საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთმა კვლავ დაიბრუნა იგი. ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2–3, თბ., 1965–66; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2–3, თბ., 1973–79; Гордлевский В. А., Государство Сельджукидов Малой Азии, Избр. соч., т. 1, М., 1960. დ. კაციტაძე.