ერთაწმინდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთაწმინდა.jpg


ერთაწმინდა, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. თეძმის ხეობაში. ზ. დ. 840 , კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 16 კმ. 314 მცხ. (2002). სოფლის სახელი უნდა უკავშირდებოდეს წმინდა ევსტაფის ანუ ესტატეს სახელს – “ესტატე წმინდას” (ძვ. სახელი ესტაწმინდაა). სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI ს-ში. 1588 მეფე სიმონმა ე. სიაუშ სააკაძეს უბოძა. წმინდა ევსტაფის სახელზე აგებული ტაძარი 1610-იდან შევიდა გიორგი სააკაძის მფლობელობაში და გადაიქცა მის შთამომავალთა საძვალედ. ეკლესიაში დღემდეა დაცული მათი საფლავის ქვები (გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი გიორგი სააკაძის შვილის – პაატას – საფლავის ქვაა). გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ ე. სამეფო საკუთრება გახდა. 1652 მეფე როსტომმა იგი იორამ სააკაძეს დაუბრუნა. XVIII–XIX სს-ში ე. სააკაძეთა შთამომავლებს – თარხნიშვილებს – ეკუთვნოდა. სოფელსა და მის მიდამოებში რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლია, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ერთაწმინდის სამონასტრო კომპლექსი და გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული სახლი – ქართ. დარბაზის ნიმუში. სამონასტრო კომპლექსის დომინანტია XIII ს. I ნახ. წმ. ესტატეს ტაძარი. იგი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათიანი ნაგებობაა, ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძით და საკურთხევლის აფსიდით, რ-იც გეგმის სწორკუთხედის ფარგლებში რჩება. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის მრგვალ ყელზე გადასვლა ხორციელდება აფრებით. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებულია კუთხის სათავსები. ტაძრის მკლავის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობა, რ-იც შესრულებულია არა უადრეს XVIII ს-ისა და ასახავს წმ. ესტატეს ცხოვრების სცენებს. ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული. მათი დეკორი მრავალსახიანია როგორც ხასიათით, ისე შესრულების მანერით. ეკლესია რამდენჯერმეა შეკეთებული და გადაკეთებული. XIX ს. II ნახ-ში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. 1951 ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.-სარესტავრაციო საწარმო-სახელოსნომ – აღდგენილ იქნა გუმბათი. გალავანი განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ნაგებია ძირითადად ბრტყელი ნატეხი ქვით. დატანებული ჰქონდა 7 კოშკი. სამხრ. კედლის გასწვრივ სამეურნეო და სამონასტრო შენობების ნაშთია. ორსართულიანი სამრეკლო საფუძვლიანადაა გადაკეთებული. ეკლესიის დღეობა – ერთაწმინდობა – აღინიშნება ძვ. სტ. 20 სექტემბერს. დღეობაზე სალოცავად მიდიან ქართლ-კახეთის ყველა მხრიდან. ე-ს ეკუთვნის თეძმის ნაპირას მდებარე XVIII ს. ორი მრგვალი კოშკი, რ-თაც ელისაბედაშვილის კოშკებს უწოდებენ (ელისაბედაშვილები საეკლ. ყმები ყოფილან). კოშკები და მათ გარშემო მდებარე მამულიც ეკლესიის საკუთრება იყო. ე-ში დაიბადა მწერალი ს. ერთაწმინდელი, კომპოზიტორი ი. კარგარეთელი. ლიტ.: გომელაური ი., ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა, თბ., 1976; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990; Иоселиани П. И., Жизнь Великого Моурава, князя Георгия Саакадзе..., с приложением описания Эртацминдского храма и Кватахевского монастыря, Тфл., 1848. ჯ. გვასალია. ი. გომელაური.