ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება. შეიქმნა 2001 ოქტომბერში მ. სააკაშვილის თაოსნობით. მისი სიმბოლოა: წინა პლანზე – საქართველოს ეროვნ. და უკანა პლანზე – ევროსაბჭოს მოფრიალე დროშები. 2002 პარტიამ შექმნა ბლოკი კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან ერთად, რ-მაც 2002 ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილ. მასშტაბით და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. ამ უკანასკნელთან პოლიტ. შეთანხმების შედეგად მ. სააკაშვილი გახდა თბილ. საკრებულოს თავმჯდომარე. 2003 ნოემბ. არჩევნების შემდეგ ბლოკი გახდა ე. შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი “თავისუფალ დემოკრატებთან” (ზ. ჟვანია) და “ტრადიციონალისტებთან” (ა. ასათიანი) ერთად. საპროტესტო აქციები ვარდების რევოლუციით დასრულდა, ე. ნ. მ-ის ლიდერი მ. სააკაშვილი 2004 არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ე. ნ. მ. და “თავისუფალი დემოკრატები”. 2004 საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. 2004-იდან ე. ნ. მ. ქვეყნის მმართველი პარტია გახდა. იმავე წლის გაზაფხულზე ე. ნ. მ-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა. ამის მიუხედავად ე. ნ. მ-მ მოიგო 2005 შუალედური არჩევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და 2006 ადგილობრივი არჩევნები. 2008 მ. სააკაშვილი, კვლავ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ე. ნ. მ-მ მიიღო ხმათა 59,18% და კვლავ შეინარჩუნა საპარლამენტო უმრავლესობა. 2012 საპარლამენტო არჩევნებში ე. ნ. მ. დამარცხდა, გახდა საპარლამენტო უმცირესობა და გადავიდა ოპოზიციაში. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანებას პოლიტ. საბჭო ხელმძღვანელობს. პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე, ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენ. მდივანი. პარტიის რამდენიმე ლიდერზე, მათ შორის მ. სააკაშვილზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო პარტიის გენ. მდივნის ი. მერაბიშვილის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი.