ერისთავთერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავთერისთავი, დიდ ფეოდალ მფლობელ-მოხელეთა ტიტული, დიდი ერისთავი. ქართ. წყაროებში ხშირად მკვეთრად არ არის გამიჯნული “ერისთავისგან” ნაწარმოებ სხვა ტერმინთაგან (ერის მთავარი, ერისთავთერისთავთა უფალი და სხვ.); ზოგჯერ ე-ის მნიშვნელობით გვხვდება ერისთავი, ზოგჯერ ე-ს “მეფე”, “ხელმწიფე”, “მთავარი” ეწოდება. განსაკუთრებით ფართოდ დამკვიდრდა ე-ის ტიტული ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულოში, XI–XV სს. საქართვ. ფეოდ. მონარქიაში ე-ები (ქართლის, კახეთის, სამცხის, ოდიშის, სვანეთის, ცხუმის და სხვ.) მეფის მოხელეები იყვნენ, მათ ხელქვეითი ერისთავები არ ჰყავდათ და ამდენად ე-ის პირდაპირი მნიშვნელობა რეალურ ვითარებას არ ასახავდა. XV–XVI სს-ში ზოგიერთი ე. დამოუკიდებელი თუ ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროს მთავარი გახდა. წყარო და ლიტ. იხ. სტ-ებთან: ერისთავი, ერისმთავარი. ვ. გუჩუა.