ერისთავი გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ გ ერისთავი.png

ერისთავი გიორგი დავითის ძე [1813, სოფ. ოძისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 9 (21). IX. 1864, გორი; დაკრძალულია იკორთის მონასტერში], დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილ. კეთილშობილთა სასწავლებელში (1824–25), შემდეგ, მცირე ხნით, – მოსკოვის, კერძო პანსიონში. 1830-იდან მონაწილეობდა მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რისთვისაც 1832 დეკ. დააპატიმრეს. 1834 გადაასახლეს ქ. ვილნოში, სადაც ქვეით დივიზიაში გაამწესეს. ე-მა შეისწავლა პოლონური ენა და ლიტ-რა, დაუახლოვდა პოლონეთის მოწინავე საზ-ბას. 1838 მას ნება დართეს დროებით ჩამოსულიყო საქართველოში. 1842 საბოლოოდ დაბრუნდა თბილისში, სადაც ერთხანს სახელმწ. სამსახურში იყო, 1854-იდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა. ე-ის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოებია პოემა “ოსური მოთხრობა” (ნაწ. 1, “სალიტერატურონი ნაწილი ტფილისის უწყებათანი”, 1832), რ-იც სრული სახით და ახ. სათაურით “ზარე და ყანიმათ” 1853 ჟურნ. “ცისკარში” დაიბეჭდა. ე-ის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროვნ.-პატრ. (“თ. სვიმონ მაჩაბელს”, 1833; “უცხო ქვეყნის ჭაბუკს”, 1835; “მტკვრისადმი”, “ყაბახისადმი”, 1836; “კავკაზი და უცნობი”, 1854; “თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ”) და სატრფიალო (“თეოდოსია მირეცკას”, 1840; “მოგონება”, 1844; “გულს”, 1845; “კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას”, 1849) მოტივები. სატირულ-იუმორისტულ ლექსებში ე. კიცხავს ე. წ. მაღალი საზ-ბის ზნეობრივ გადაგვარებას (“დედა და ქალი”, 1838; “ფიქრი ყმაწვილი ქალისა”, 1839; “* * * ერთი კაცი წვა სნეული”, 1854). ე-ის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრამ. თხზულებები. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართ. კრიტ. რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართ. პროფ. თეატრი, რ-საც 1850–54 თვითონ ხელმძღვანელობდა (იხ. გიორგი ერისთავის თეატრი). იყო უდიდესი კულტ. წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართ. სალიტ. ჟურნ. “ცისკრის” დამაარსებელი და რედაქტორი (1852–53). ე-ის პირველი კომედია, დრამ. პოემა “შეშლილი” (1839), ეხება პოეტის დანიშნულებას, გადმოსცემს მის ხვედრს თანამედროვე საზ-ბაში, მაღალი წრის ზნეობრივ დაკნინებას და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებებს. ე-მა, როგორც დრამატურგმა და თანადროულობის პირუთვნელმა მემატიანემ, გვიჩვენა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდ.-ნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი – დაცემის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სრული უნიათობა, გონებრივი სიღატაკე და ზნეობრივი გადაგვარება. ე-ის კომედიებში ძვ. თაობის წარმომადგენლები ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე – “დავა”, 1840; ანდუყაფარ, პავლე დიდებულიძეები – “გაყრა”, 1849), რუსეთში სწავლამიღებული ახ. თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პრაქტ. საქმიანობისათვის. ეს ახალგაზრდები უსუსური მეოცნებენი არიან და ადვილად თმობენ თავიანთ მრწამსს (ბეგლარი და მიხეილი – “დავა, ივანე დიდებულიძე – “გაყრა”). ე-მა პირველმა ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები საქართველოში, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი – “გაყრა”, კარაპეტ დაბაღოვი – “ძუნწი”, 1850), მეფის რუს. ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება (სარქის კუმუხტოვი – “დავა”, რამაზი – “გაყრა”). ე-ის პიესების ცხოვრებისეულმა სიმართლემ, სოც.-პოლიტ. სიმახვილემ და აქტუალობამ სრულიად ახ. ეტაპი შექმნა ქართ. ლიტ-რაში. ე-ის სკოლას ეკუთვნიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვ. ე-მა თარგმნა და გადმოაკეთა პიესები (“უჩინმაჩინის ქუდი”, “თილისმის ხანი”, “ყვარყვარე ათაბაგი”, ა. გრიბოედოვის “უბედური ჭკუისაგან”), დრამად გადააკეთა “ვეფხისტყაოსანი”, რ-იც კ. ლაფჩინსკისთან ერთად პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართ. ენაზე გადმოთარგმნა ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჰიუგოს, პ. ბერანჟესა და სხვათა ლექსები. 1862 ე-მა იმოგზაურა ევროპაში. მოგზაურობის შთაბეჭდილებანი გადმოსცა დაუმთავრებელ დღიურებში “ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან”. ე-ის თხზულებები 1852–53 იბეჭდებოდა “ცისკარში”; ცალკე წიგნებად გამოვიდა “გაყრა” (1850), “ძუნწი”, “უჩინმაჩინის ქუდი”, თილისმის ხანი” (1852); “დავა” (1871 ჟურნ. “კრებულში” დაისტამბა). ე-ის თხზ. კრებულები გამოქვეყნდა 1867, 1884, 1936 და ა. შ. ერისთავი გიორგი დავითის ძე (გ. 1805), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1800). არმიაში მსახურობდა 1756–1800. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1768–74, 1787–91) და რუსეთ-ირანის (1804–13) ომებში. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით. პოლკებისა და კომენდატურების დაშლასთან დაკავშირებით დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. მ. გოგიტიძე. მისი სახლ-მუზეუმის შესახებ იხ. სტ. ერისთავების სახლ-მუზეუმი. თხზ.: თხზულებანი, თბ., [1966]. ლიტ.: გამეზარდაშვილი დ., ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1974; მეუნარგია ი., ქართველი მწერლები, [ტ.] 2, თბ., 1944; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1969; ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, თბ., 1949 [ყდაზე: 1950]. ნ. ალანია.