ერისთავი დიმიტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი დიმიტრი ალექსის ძე (1797, რუსეთი, – 9. X. 1858, დაკრძალულია სოფ. ბელოგოეში, ყოფ. ნოვგოროდის გუბ.), რუსეთის იმპერიის ფლოტის გენერალ-აუდიტორი (1856), არაგვის ერისთავთა საგვარეულოდან. ა. ს. პუშკინის მეგობარი, მასთან ერთად სწავლობდა ცარსკოე სელოს ლიცეუმში, 1820-იდან მსახურობდა არმიაში. შემდეგ ირიცხებოდა იმპერატორის პირადი კანცელარიის მე-2 განყ-ბაში და საზღვაო უწყებაში. იყო რუს. იმპერიის სენატორი. მონაწილეობდა „ენციკლოპედიური ლექსიკონის” (გამოდიოდა 1835-იდან), აგრეთვე „სამხედრო-ისტორიული ლექსიკონის” პირველი ტომის (გამოდიოდა გენ.-ლ. ლ. ზედელერის რედაქციით) შედგენაში. ავტორია ბიოგრ. ნარკვევებისა რუს. ისტ. მოღვაწეებზე, სტატიებისა – უკრაინის, საქართველოსა და კავკ. ისტ. შესახებ. 1842 გამოსცა მონუმენტური ნაშრომი – „ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიის წმინდანთა შესახებ...”, რისთვისაც პეტერბურგის მეცნ. აკადემიამ მიანიჭა ე. წ. პ. ნ. დემიდოვის პრემია. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის I და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით. ლიტ.: Гогитидзе М., Грузинский генералитет (1699–1921), Киев, 2001; მისივე, Военная элита Кавказа, I, Тб., 2007; Джавахишвили Н., Грузины под Российским флагом, Тб., 2003. მ. გოგიტიძე.