ერისთავი დიმიტრი ვახტანგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ი ერისთავი.png

ერისთავი დიმიტრი ვახტანგის ძე (დ. 18. VI. 1931, თბილისი), გრაფიკოსი, კინოს მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1985). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1956). მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ს. ქობულაძე, ვ. გრიგოლია, დ. გაბაშვილი. 1967-იდან აქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას (1982-იდან – პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1957-იდან. ე-ის მიერ შექმნილი ჟანრული კომპოზიციები და პორტრეტები, რ-ებშიც ძირითადად ახალგაზრდობის ცხოვრებაა გადმოცემული, გამოირჩევა სიზუსტითა და დახვეწილობით, ხასიათის გადმოცემის სიმახვილით, რიტმული კომპოზიციით. შექმნა გრაფ. სერიები: 1. “თბილისის ახალგაზრდობა” (“კლასობანა”, 1958, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი; “იების გამყიდველი”, 1959, კერძო კუთვნილება, თბილისი; “ჩვენი ახალგაზრდობა”, 1967, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა);

იების გამყიდველი.jpg

2. “მშრომელები” (“მესაათე”, “მეეზოვე”, “ხარაზი”, სამივე 1971, კერძო კუთვნილება); 3. “მამაკაცთა გართობანი” (“ტირი”, “სახინკლე”, ორივე 1975, კერძო კუთვნილება); 4. “ძველი თბილისი” (“ღვინის აღმართი”, 1968, “გაზაფხულის დილა”); 5. “ბავშვობის მოგონება” (1980, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). შექმნა საინტერესო პორტრეტები: მ. აბაზაძე (1963), ნ. ერისთავი (1965), მ. მაჭავარიანი (1973; სამივე კერძო კუთვნილება). 1962-იდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარია. გააფორმა მხატვრული ფილმები: “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1962), “გიორგობის თვე” (1966), “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), “იყო შაშვი მგალობელი” (1970), “ექსპრეს-ინფორმაცია” (1993); ფრანგული მხატვრული ფილმები: “მთვარის ფავორიტები” (1984) და “და იქმნა სინათლე” (1984). გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, კერძოდ, “კრენკებილი” (ა. ფრანსი, 1956), “პიკვიკის კლუბის ჩანაწერები” (ჩ. დიკენსი, 1959), “ტილ ულენშპიგელი” (შარლ დე კოსტერი, 1967), “ჰამლეტი” (უ. შექსპირი, 1976), “კაცია-ადამიანი?!” (ი. ჭავჭავაძე, 1995) და სხვ. ე. ავტორია ლაკონური, გამომსახველი კინოპლაკატებისა (“ქორწილი”, “კარუსელი”, “ახალგაზრდობა იმარჯვებს”, “მწვერვალი” და სხვ.). არის გზამკვლევის “თბილისის ხუროთმოძღვრება” (1961, რუს. ენაზე) ერთ-ერთი მხატვარი. მასვე ეკუთვნის “ასი თბილისელის” (1994) ილუსტრაციები. ე. არის საქართვ. სახელმწ. (1990) და შოთა რუსთაველის სახ. (2010) პრემიების ლაურეატი, მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010).

დ ვ ე რ ი ს თ ა ვ ი გაზაფხული2005.jpg