ერისთავი დიმიტრი კონსტანტინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი დიმიტრი კონსტანტინეს ძე [9. II. 1859, სოფ. გორაბერეჟოული, ოზურგეთის მაზრა (ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), – 17. XII. 1924, ოზურგეთი], მწერალი, მთარგმნელი, ექიმი (თერაპევტი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი), ქველმოქმედი, საზ. მოღვაწე. 1882 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1886 კი – კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1888 დაინიშნა სოფ. ნაგომარში (გურია) ექიმად, 1900 – ოზურგეთის სამაზრო ექიმად. ერთხანს შორაპნისა და რაჭის სამაზრო ექიმიც იყო, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა ოზურგეთში. ე-მა, საკუთარ სახლში გახსნა პირველი ქირურგ. სტაციონარი. მისივე ინიციატივით ოზურგეთში გაიხსნა საქალაქო აფთიაქი და სკოლა, ჩოხატაურში – ბ-კა, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად მართავდა წარმოდგენებს. საქართველოში ქოლერის ეპიდემიის წლებში (1892, 1908) ებრძოდა ეპიდემიას, უანგაროდ უვლიდა ავადმყოფებს, ზრუნავდა ხალხის სანიტ. დონის ამაღლებაზე. ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას. მისმა სამეცნ.-პოპულ. ნაშრომმა “ხოლერა და იმის თავიდან ასაცდენი დარიგებანი” (1893, სენაკი) დადებითი შეფასება დაიმსახურა (ჟურნ. “მოამბე”, 1894, N1). წერილით “ორიოდე სიტყვა სოფლის მკურნალობაზე და მკურნალებზე” (“ივერია”, 1895, N33) ქართვ. ექიმთაგან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა ექიმბაშობის წინააღმდეგ. ე-ის პირველი მოთხრობა “უბედური ქმარი” დაიბეჭდა “ივერიაში” (1887, N245), ხოლო მოთხრობების პირველი კრებ. “ნაქვთები” 1891 გამოიცა ქუთაისში. ე-ის მოთხრობას “ვისი ბრალია?” (ჟურნ. “მოამბე”, 1894, N6, 7; ცალკე წიგნად გამოიცა – 1911) პირველი გამოეხმაურა კ. აბაშიძე სტატიით “მოამბის მორალისტები” (“ივერია”, 1894, N193). ე-მა ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუს. კლასიკური პოეზია (ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ვ. ჟუკოვსკი, ა. პლეშჩეევი, ა. ნეკრასოვი და სხვ.). აგრეთვე გადმოაქართულა რუს. რომანსები. ე-მა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ვოლტერის (ლექსი “მცირე დრო არის, რაც ვიხილე უცხო სიზმარი”), გი დე მოპასანის (“იდილია”, “ივერია”, 1894, N137) თარგმნა. რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომის წლებში ე. ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ვერხნეუდინსკის სამხ. ლაზარეთის ქირურგ. განყ-ბის გამგედ. რუსეთის დამარცხების შემდეგ დემობილიზებული ე. სამშობლოში დაბრუნდა. 1907 გაზ. “ამირანში” (N13) გამოაქვეყნა მოთხრობა “შავ-ბნელი ძალები”, რ-შიც ასახულია რუს. ცარიზმის მძვინვარე რეაქციის შედეგად აოხრებული და გაპარტახებული გურია. ე. 1915 ოზურგეთის ქალაქის თავად აირჩიეს. თხზ.: მოთხრობები, თბ., 1965 (შემდგ. ვ. წოწელია). ლიტ.: მეძველია კ., ლიტერატურული წერილები, თბ., 1975; ცისკარიძე ვ., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები, თბ., 1972; წულუკიძე ა., მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ექიმები, თბ., 1961. ჯ. ქორჩილავა. ვ. წოწელია.