ერისთავ-ხოშტარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა ერისთავხოშტარია.png

ერისთავ-ხოშტარია ანასტასია გიორგის ასული (3. 15. II. 1868, გორი, – 1. V. 1951, თბილისი), მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1885 დაამთავრა გორის ქალთა პროგიმნაზია, დაბრუნდა მშობლიურ სოფ. ფცაში (ქარელის მუნიციპალიტეტი), დააარსა უფასო სკოლა და უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხთა ბავშვებს. სხვადასხვა დროს მეუღლესთან, მწერალ დუტუ მეგრელთან (დიმიტრი ხოშტარია), ერთად ცხოვრობდა ყარსში, ოლთისში, ნახიჩევანში, ერევანში. 1910-იდან დასახლდა გორში. 1915 იქვე დააარსა ქალთა უფლებების დამცველი საზ-ბა “მანდილოსანი” და პროპაგანდას უწევდა ხალხოსნურ იდეებს. 1885 ჟურნ. “ნობათში” დაიბეჭდა მისი თარგმნილი ოსური ლეგენდა “ბესო”, ხოლო მოგვიანებით, 1893, გაზ. “კვალში” ა. წერეთლის შუამდგომლობით გამოქვეყნდა მისი პირველი ორიგინ. მოთხრობა “ბატონებმა არ დაიწუნეს”; მას მალე მოჰყვა იმდროინდელი ქართ. სოფლის რეალისტური სურათებით მდიდარი ნაწარმოებები, რ-ებშიც მწერალმა წამოჭრა სოფლად გამეფებული ცრუმორწმუნეობის, უმეცრების, გლეხთა დუხჭირი ცხოვრების, ქალთა დაბეჩავებული მდგომარეობის, სამღვდელოების უზნეობის მწვავე პრობლემები (“ლაზარემ გადააჭარბა”, “კამისია”, “მიწა”, “ეკლესიის გარშემო” და სხვ.). 1896 ჟურნ. “მოამბეში” იბეჭდებოდა ე.-ხ-ს პირველი რომანი “მოლიპულ გზაზე”, რ-შიც ღრმა დრამატიზმითაა წარმოჩენილი დაღუპვის პირას მისულ თავად-აზნაურთა ყოფა-ცხოვრება, მოლიბერალო და ფუჭად მოაზროვნე ინტელიგენციის ზნეობრივი სახე. ქალთა უფლებებს იცავს მწერალი რომან “ბედის ტრიალსა” და მოთხრობა “კერაში”. მებრძოლი ქართვ. ქალის სახის ჩვენება ჰქონდა განზრახული დაუმთავრებელ რომანში “სალი”. ავტორია აგრეთვე საბავშვო მოთხრობებისა: “შეუბრალებელი”, “პატარა მკურნალი”, “ფელამუში”, “პატარა ნებიერი” და სხვ. ე.-ხ-მ დიდად შეუწყო ხელი ქართ. ლიტ-რაში რომანის ჟანრის დამკვიდრებას. თხზ.: თხზულებანი, ტ. 1–3, თბ., 1952–61. ლიტ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 5, თბ., 1982; ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972. ა. მირიანაშვილი.