ერისმთავარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისმთავარი, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს მეთაური VI–IX სს-ში. წყაროებში გვხვდება ამ ტერმინის სხვადასხვა ვარიანტი: ერისთავი, ერისთავთა მთავარი, მთავარი და სხვ. ირანელების მიერ ქართლში მეფის ხელისუფლების გაუქმების (VI ს. 30-იანი წლები) შემდეგ, VI ს. II ნახ-იდან, ქართლის სახელმწიფოს მეთაურს ეწოდებოდა არა მეფე, არამედ ე. მათ ჰქონდათ ბიზანტ. ტიტულებიც: კურაპალატი (პირველი ერისმთავარი – გუარამი), პატრიკიოსი (მომდევნო ერისმთავრები), ვიპატოსი (ე-ის სახლის წევრები). ე-ის ხელისუფლება არსებითად განსხვავდებოდა მეფის შეუზღუდავი ხელისუფლებისაგან, თუმცა ისინი თავიანთ თავს სამეფო ტახტის მფლობელებად მიიჩნევდნენ. ფეოდალურ იერარქიაში ე. იყო პირველი თანასწორთა შორის და არა თვითმპყრობელი. მისი ხელქვეითი ერისთავები, რ-ებსაც ზურგს უმაგრებდნენ ბიზანტ. და ირან. დამპყრობლები, ფაქტობრივად ნახევრად დამოუკიდებელი ხელისუფლები იყვნენ. VI–VII სს-ში ე-ები აღიარებდნენ ხან ბიზანტიის კეისრის, ხან ირანის შაჰის, ხოლო VII–VIII სს-ში – არაბ. ხალიფის უზენაესობას. ყოველთვის, როცა იქმნებოდა საამისოდ ხელსაყრელი ვითარება, ქართლის ე-ები ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას. არსებობს ე-ების მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტები (ე. წ. ქართ.-სასანური მონეტები, VI ს. ბოლო – VII ს. დასაწყისი). იმისდა მიხედვით, თუ როგორ თავისუფლდებოდა ქართლი ირანის დამოკიდებულებისაგან, იცვლებოდა მონეტის ტიპიც, თანდათან მატულობდა ქართ.-ქრისტ. ელემენტი (ქართული წარწერა – ერისმთავრის სახელი, ჯვარი) და იკლებდა ირან.-მაზდეანური ელემენტი (ცეცხლის ალი, შაჰის გამოსახულება, ფალაური წარწერა). პირველმა ე-მა გუარამმა ქართლი გააერთიანა და მისი საზღვრები კიდევ უფრო განავრცო. წყაროთა მიხედვით, მანვე ჩაუყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის ტაძარს, რ-იც მისმა ძემ სტეფანოზ I-მა (VI ს. დასასრ. – VII ს. დასაწყ.) დაასრულა “მცველად ყოვლისა ქართლისა”. მცხეთის ჯვრის ფასადებზე შემოგვრჩა სტეფანოზის, მისი ძმის – დემეტრეს, ვაჟის – ადარნასესა და შვილიშვილის – ქობულ-სტეფანოსის რელიეფური ქანდაკებები ასომთავრული წარწერებით. მცხეთის ჯვრის გავლენა მეტად დიდი იყო მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. დამკვიდრდა მცხეთის ჯვრის კულტი. VII ს. დასაწყისში ირანმა გააძლიერა შეტევა ქართლზე, სადაც ცდილობდა მონოფიზიტობის დამკვიდრებას. ქართლში ამ დროს დიოფიზიტობას მტკიცედ იცავენ ერისმთავარი ადარნასე და კათოლიკოსი კირონ (კირიონ) I. ამას შედეგად მოჰყვა საეკლესიო განხეთქილება ქართლსა და სომხეთს შორის (606–608). ირანმა აიძულა კირიონი, დაეტოვებინა ქართლი და ეგრისში გახიზნულიყო, ხოლო ადარნასეს ძალაუფლება ძლიერ შეზღუდა, როგორც ჩანს, თბილისიც ჩამოართვა და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენა. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ პერიოდში ადარნასემ დატოვა ქართლი და კახეთში გადავიდა, თუმცა ეს მოსაზრება წყაროებით არ დასტურდება. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობათა შედეგად (627–628) ადარნასემ კვლავ განიმტკიცა ხელისუფლება, გათავისუფლდა ირანის ბატონობისაგან და დაუკავშირდა ბიზანტიას. სომეხი ისტორიკოსის მოვსეს კალანკატვაცის ცნობით, მან კეისრისაგან სამმაგი ბიზანტ. ტიტული მიიღო. ე-თა რეზიდენცია თავდაპირველად მცხეთაში იყო, ხოლო შემდეგ – თბილისში. არაბ. ბატონობის ხანაში ე-ის ხელისუფლება დაკნინდა, განსაკუთრებით კი მურვან-ყრუს შემოსევის (VIII ს. 30-იანი წლები) შემდეგ, როდესაც დამპყრობლებმა თბილისში არაბი ამირა დასვეს და ე-ს დაუპირისპირეს. ე-ები არაერთხელ აჯანყდნენ არაბ. წინააღმდეგ (VII ს. 80-იან წლებში – ნერსე I, VIII ს. 70-იან წლებში – ნერსე II, VIII ს. ბოლოს – აშოტ ადარნასეს ძე და სხვ.) – ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად. ე-თა დინასტიურ კუთვნილებაზე წყაროებში სამი განსხვავებული ცნობა გვაქვს: ჯუანშერის ცნობით, პირველი ე. გუარამი (VI ს.) იყო ქართლის მეფეთა ნათესავი – ვახტანგ I გორგასლის შვილიშვილი ქალის ხაზით (დისწული ვახტანგის ძის მირდატისა); სუმბატ დავითის ძის ცნობით კი, გუარამი იყო დედით ხოსროიანი, ე. ი. ქართლის მეფეთა შთამომავალი, ხოლო მამით – ბაგრატიონი. სინას მთაზე ახლად აღმოჩენილი ხელნაწერის (N/Sin–50) ჩანართით ბაგრატიონთა საგვარეულოს აღზევებას სათავე დაუდო გუარამის შვილიშვილის ლატავრას (ადარნასეს და, დასაფლავებულია ჯვრის მონასტერში ასულთან და ძმისწულთან ერთად) გათხოვებამ ამ საგვარეულოს წარმომადგენელზე. როგორც ჩანს, ქართლის ე-ის სახელო თანდათანობით ბაგრატიონთა ხელში გადავიდა. ქართლის უკანასკნესლ ე-ად და პირველ ქართვ. ბაგრატიონად თანადროულ წყაროში ჩანს აშოტ ადარნასეს ძე (იხ. აშოტ I დიდი კურაპალატი), სწორედ ამ აშოტის აჯანყებით დასრულდა ქართლში ერისმთავრობა. იგი აჯანყდა, გაექცა არაბებს, ბიზანტიის მფარველობით დაემკვიდრა კლარჯეთში და იქ შექმნა ახ. ქართ. სახელმწიფო, რ-ის მეთაური 888-იდან იწოდებოდა “ქართველთა მეფედ”. ქართლის ე-თა სია: VI ს. – გუარამი, გურგენი, ჯუანშერი, სტეფანოს I; VII ს. – სტეფანოს I, ადარნასე, სტეფანოს II, ვარაზბაკური, ნერსე; VIII ს. – მირი, არჩილი, იოვანე, ჯუანშერი, ადარნასე, ნერსე, სტეფანოს III, სტეფანოს IV, აშოტ I. წყარო: მოქცევაQ ქართლისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., ტ. 1, თბ., 1960; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968. ლიტ.: ბოგვერაძე ა., ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; დუნდუა გ., ე. წ. ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტ. სერია, 1976, N1, N3; ქართლის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარება VI–VIII სს-ში, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960 (თხზ. 12 ტომად, ტ. 1, თბ., 1979). ზ. ალექსიძე. ნ. შოშიაშვილი.