ერმიტაჟი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერმიტაჟი ინტერიერი სანქტპეტერბურგი.jpg

ერმიტაჟი (ფრანგ. ermitage – განდეგილის სავანე, განმარტოებული ადგილი < ermite – განდეგილი), მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხატვრო და კულტურულ-ისტორიული მუზეუმი სანქტ-პეტერბურგში. თავდაპირველად ე. ეწოდებოდა რუს. დედოფალ ეკატერინე II-ის დროს ზამთრის სასახლეში მონარქისა და მისი დაახლოებული პირების დასვენება-გართობისათვის განკუთვნილ პავილიონსა და ნაგებობებს. ე-ის, როგორც მუზეუმის, ისტორია XVIII ს. 60-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც 1764 ეკატერინე II-მ ბერლინელი ვაჭრის გოცკოვისაგან სურათების პირველი კოლექცია შეიძინა. შემდეგ მას მიემატა ბრიულის (1769), კროზის (1772), ვალპოლის (1779) კოლექციები. ხელოვნ. ნიმუშთა შერჩევა-შეგროვებაში რუს. დედოფალს ეხმარებოდნენ ფრანგი განმანათლებელი დ. დიდრო, მოქანდაკე ე. მ. ფალკონე, რუს. ელჩი პარიზში თავადი დ. გოლიცინი და სხვ. სპეც. აგენტები რუს. ელჩის მეშვეობით საზღვარგარეთ იძენდნენ ვერცხლისა და ფაიფურის ნაკეთობებს. ხელოვნ. ნაწარმოებთა ნაწილი მთავრობის სპეც. დაკვეთით მზადდებოდა. ექსპონატები რუსეთში განსაკუთრებული სიფრთხილითა და სპეც. მოწყობილობის გამოყენებით, ზოგჯერ ხელითაც კი ჩამოჰქონდათ. პეტერბურგის ე-ის კოლექცია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეკატერინე II-ის პირად საკუთრებად ითვლებოდა. კოლექციის ზრდის გამო საჭირო გახდა სპეც. ნაგებობების აშენება. 1764–75 არქიტექტორების ჟ. ბ. ვალენ-დელამოტისა და ი. მ. ფელტენის პროექტებით აიგო ე. წ. მცირე ე. კიდული ბაღებითა და ორი გალერეით, აგრეთვე მეორე შენობა სანაპიროს გასწვრივ. 80-იან წლებში კომპლექსს საერმიტაჟო თეატრის შენობაც დაემატა (არქიტ. ჯ. კვარენგი). ყველა ნაგებობა ერთმანეთს გალერეებით უკავშირდებოდა. XIX ს. დასაწყისში ე. არქეოლ. გათხრებით მოპოვებული მასალით გამდიდრდა. ამავე საუკუნის 50-იან წლებში ეკატერინესეული ე-ის ნაგებობებს შეემატა დიდი სამუზეუმო შენობა – ახალი ე. (არქიტექტორები ლ. ფონ კლენცე და ვ. სტასოვი), რ-იც შიდა გადასასვლელებით ზამთრის სასახლესა და ე-ის ძვ. ნაწილს უკავშირდებოდა. XIX ს. II ნახ-ში ე-ს იტალ. კოლექციონერის მარკიზ კამპანას კუთვნილი ანტ. ხელოვნ. ნაწარმოებთა უნიკალური კოლექციის ექსპონატები შეემატა. 1852-იდან რუს. საზ-ბის მაღალ ფენებს ე-ის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა (შესვლა მხოლოდ ფრაკებითა და მუნდირებით შეიძლებოდა). მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ე-ის კარი 1866-იდან გაიღო. 1911 ე-ს გადაეცა სასახლის ფაიფურის კოლექცია და ძვირფასეულობა. რუს. რევოლუციების დღეებში ზამთრის სასახლისა და ე-ის განძეულობათა გადარჩენაში აქტ. მონაწილეობა მიიღო ზამთრის სასახლის კომენდანტმა, თავადმა ი. რატიშვილმა, რის გამოც მას “ამხანაგი თავადი” უწოდეს. ასე მიმართავდა მას ვ. ლენინიც. საბჭ. ხელისუფლების პირველ წლებში მუზეუმი გამდიდრდა იუსუპოვების, მიატლევების, დურნოვების, ოლდენბურგების, შუვალოვების, სტროგანოვების კერძო კოლექციების ნაციონალიზაციის შედეგად. ე-ს გადაეცა ზამთრის სასახლის საიმპერატორო მუზეუმისა და სხვა კოლექციები, აგრეთვე ზამთრის სასახლის დიდი ნაწილი. დღეისათვის კოლექციის უნიკალობითა და სიმდიდრით ე. მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების – ლუვრის (პარიზი), ბრიტანეთის მუზეუმის (ლონდონი), პრადოს (მადრიდი) – გვერდით დგას. აქ დაცულია ხელოვნ. შესანიშნავი ძეგლები: იტალ. ე. წ. “მაღალი რენესანსის” (XV ს. II ნახ. – XVI ს. დასაწყ.) შედევრები (რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და სხვ.); XVII ს. ფერწერა (ელ-გრეკო, ხ. რიბერა, დ. ველასკესი, ბ. ე. მურილიო და სხვ.); XVII–XVIII სს. საფრ. ხელოვნება (ნ. პუსენი, ა. ვატო, ჟ. ბ. შარდენი და სხვ.); XVIII ს. ინგლ. ფერწერა (ჯ. რეინოლდზი, ტ. გეინზბორო); ჰოლანდ. და ფლამანდიური ფერწერა (რემბრანდტი, პ. პ. რუბენსი, ა. ვან დეიკი). ფართოდაა წარმოდგენილი XIX–XX სს. ევრ. სახვ. ხელოვნება. განსაკუთრებულია ფაიფურისა და ვერცხლის ნაკეთობათა კოლექცია, საეკლ. ნივთები, მინანქარი, მედალიონებისა და მონეტების (დაახლოებით 1 მლნ. ერთეული) კოლექციები. ე-ში წარმოდგენილია აგრეთვე ბიზანტ., შორეული და მახლობელი აღმოსავლეთის, შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების კულტურა. ე-ის თანამშრომლები რთულ სამეცნ.-საგანმან. მუშაობას ეწევიან (სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, მათი წინასწარი დამუშავება, კარტოთეკების შედგენა; საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში შესაბამისი პირობების დაცვა; სარესტავრაციო სამუშაოები; ექსპონატების განლაგება დარბაზში, ცალკეული გამოფენების მოწყობა; ლექციები, ექსკურსიები, კონფერენციები; საერთაშ. სამუზეუმო კავშირები; ხელოვნებათ- და მუზეუმთმცოდნეობით ნაშრომთა შექმნა და გამოცემა; სხვადასხვა გზამკვლევისა და საგამოფენო კატალოგების მომზადება და სხვ.). ე-ის ხელოვნ., და კულტ. ძეგლთა ქართულ კოლექციაში 200-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. ქართ. კოლექციას საფუძვლად დაედო XIX ს. 80-იან წლებში რუს. მეცნ. აკადემიიდან გადმოტანილი ორი მოოქროვილი ვერცხლის ზოდი – სახარებათა ყდის თავსაბურავები და თეფშის ფრაგმენტი. 1924 კოლექცია მნიშვნელოვნად შეივსო ჭედური ხელოვნების ნიმუშებით ბარონ ა. შტიგლიცის ხატვის ცენტრ. ტექ. სასწავლებლის მუზეუმიდან, 1927 კი – მ. ბოტკინის კუთვნილი კოლექციიდან (ჭედურობა, მინანქარი). XX ს. 50-იან წლებში საქართვ. ხელოვნ. მუზეუმმა ე-ს საჩუქრად გადასცა დმანისის არქეოლ. გათხრებში მოპოვებული კერამ. ნაკეთობათა ფრაგმენტები (1951) და მოჩუქურთმებული ქვის ძეგლები (1955). უკანასკნელად ე-მა ქართ. ძეგლები XVII ს. სპილენძის ტაშტი და დოქი კოლექციონერ ს. ხანუკაევისაგან შეიძინა. ქართ. არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმა ე-ში წარმოდგენილია V–XIII სს. ძეგლებით: ავკვეთის ფრიზის ფრაგმენტი (X–XI სს.), გუდარეხის ეკლესიის საკურთხევლის 3 ფრაგმენტი (XIII ს.), საკურთხევლის კაპიტელი სოფ. მერიის დარბაზული ეკლესიიდან (XII–XIII სს.), ცხვრის ფიგურა ყინწვისიდან (XII ს.) და არწივის გამოსახულებიანი ქვის ფილა ანანურიდან (XVI ს.). საკურთხევლის ფილების ჩუქურთმა მდიდრულია და ნატიფად შესრულებული. ფორმების განზოგადებითა და მონუმენტურობით გამოირჩევა ცხვრის და არწივის გამოსახულებანი. შუა საუკუნეების ქართ. მონუმენტურ ფერწერაზე წარმოდგენას იძლევა ორიგინალის ზომის ფრესკის ასლები: ერთი – ბეთანიის მონასტრიდან (XII ს.) თამარ მეფის, გიორგი III-ისა და ლაშა გიორგის გამოსახულებებით; მეორე – მთავარანგელოზ გაბრიელის ფრესკა წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიიდან (XIV ს. დასასრ.). მოზაიკის რთული ხელოვნება ე-ში წარმოდგენილია წრომის ტაძრის მოზაიკის ფრაგმენტებით (შეძენილია 1941 ა. გ. კობახიძისაგან). შუა საუკუნეების ქართ. კერამიკა წარმოდგენილია ვირუბოვისა და ა. მილერის ყოფილი კოლექციების მიხედვით. მუზეუმში ინახება დმანისში (XII ს.) აღმოჩენილი მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები, რ-ებიც მიუთითებენ ჭურჭლის დამზადებისა და მორთულობის მაღალ ტექნიკაზე. ე-ში წარმოდგენილია X–XVIII სს. ქართ. ჭედური და მინანქრული ხელოვნ. საუკეთესო ნიმუშები. ოქროზე ტიხრული მინანქრით შესრულებულ XII ს. მედალიონზე გამოსახულია წმ. გიორგი, რ-საც მარჯვენა ხელში შუბი უჭირავს, მარცხენაში კი – ხმალი. ნათელი ფერები და ახალგაზრდა მეომრის გამოსახულების თავისებური გააზრება განასხვავებს მას ბიზანტ. და რუსი ოსტატების მინანქრული ნაკეთობებისგან. 1749 დათარიღებული ოქროს მინანქრის მედალიონზე, ყვავილებისა და ჩიტების ფონზე, გამოსახულია ქალის პორტრეტი, მეორე მხარეს კი – ორთავიანი არწივი. ქალის გამოსახულებას ირგვლივ შემოუყვება ქართ. წარწერები, საიდანაც ირკვევა მედალიონის დამზადების თარიღი და მისი მფლობელის ვინაობა (მოსე ჩალიანი). ექსპერტების აზრით, მედალიონი თბილისშია დამზადებული (იგრძნობა სპარსული ხელოვნების გავლენა). ქართ. ჭედური მრავალრიცხოვანი ნიმუშებიდან აღსანიშნავია: ფიგურის ნაწილი (ჯუმათიდან; XI ს.) მთავარანგელოზ მიქაელისა, რ-საც მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავს; ივანე მონისძის ნამუშევარი (1040) ორი ფირფიტა, რ-ებზეც წმ. ათანასესა და წმ. გრიგოლის მთლიანი ფიგურებია გამოსახული (ორი ასეთი ფირფიტა წმ. ნიკოლოზისა და წმ. ბასილის გამოსახულებებით ინახება საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში); ჯუმათის წმ. გრიგოლის მთლიანი ფიგურები; ჯუმათის წმ. გიორგის ხატის ჩარჩოს მედალიონები, რ-ებზეც მოციქულები პეტრე და პავლეა გამოსახული; ზარზმის ფერისცვალების ხატის (886) ჩარჩოს 5 ფრაგმენტი (ჯვარცმა, ამაღლება, ლაზარეს აღდგინება და მცენარეული ორნამენტებით შემკული 2 ფირფიტა); მიძინების კომპოზიციის მარცხენა ნაწილი ლაკლაკიძის ღვთისმშობლის ხატის მოჭედილობაზე. ორნამენტულობის შესანიშნავი ნიმუშია XII ს. სინის ნაწილი (დანარჩენი ნაწილები დაცულია საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმსა და მოსკ. ისტ. სახელმწ. მუზეუმში). ამავე დროით თარიღდება ვერცხლის საწინამძღვრო დიდი ჯვარი. ისტ.-მხატვრული ღირებულებისაა შემოქმედის დაკარგული ტრიპტიქონის გადარჩენილი ფრაგმენტი, რ-ზეც გამოსახულია “ჯოჯოხეთის წარტყუევნა” (ცნობილი ოსტატი მამნე ოქრომჭედელი, XVI ს.). დაახლოებით XVI ს-ით თარიღდება ვერცხლის ხატი, რ-ზეც მაღალი რელიეფით შესრულებულია სცენა “წმ. გიორგი ლახვრავს გველეშაპს”. წმინდანის თავი თეთრი აქატისაა და ჩასმულია ვერცხლის ფირფიტაში, შარავანდედი შემკულია ნახევრად ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით. ე-ში ფართოდ არის წარმოდგენილი XVIII ს. დასასრ. და XIX ს. I ნახევრის თბილისელი ოსტატების ნაწარმი: ვერცხლისა და ბრინჯაოს თასები, დოქები, აზარფეშები, ყანწები, ქამრები, ტაშტები, სხვადასხვა სამკაული, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი. ნივთები შემკულია მდიდრული მცენარეული ორნამენტებით, ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებებით. როგორც წესი, ნივთებზე არის დამღები და ამოკვეთილი წარწერები, რაც ფასეულია როგორც ისტ. წყარო. ქართ. ჭედური ხელოვნების გვიანდ. ნიმუშია მაცხოვრის ხატი, რ-იც 1911 იმპ. ნიკოლოზ II-ს საჩუქრად მიართვეს. ხატი შესრულებულია უკანასკნელი ქართვ. მეფის, გიორგი XII-ის, დაკვეთით 1780 წ. 30 ნოემბერს, მისი მემკვიდრედ ყოფნის ჟამს. მუზეუმში ინახება XVI ს. ხეზე ამოკვეთილი მირქმის ხატი, რ-ზეც ღვთისმშობელსა და სვიმეონს შორის გამოსახულია ანთებული სანთელი. წარმოდგენილი სცენის ასეთი ვარიანტი მხოლოდ ქართ. ძეგლებში დასტურდება (მინანქარი, ჭედურობა). XVIII ს-ით თარიღდება ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრ. ნაშრომის ხელნაწერი ფერადი რუკებით. შემონახულია ერეკლე II-ის 1795 წ. აპრილში პერგამენტზე დაწერილი სიგელი, რ-ითაც მეფემ თბილისელი გალუსტოვების ოჯახს თავადის წოდება უბოძა. სიგელი ჩასმულია მდიდრულ დეკორირებულ ჩარჩოში, რ-ზეც გამოსახულია ალეგორიული ფიგურები და სამეფო გერბი. მიუხედავად იმისა, რომ ე-ის ქართ. ძეგლთა კოლექცია მცირერიცხოვანია, ის მაინც იძლევა ზოგად წარმოდგენას შუა საუკუნეების საქართვ. კულტ. და ხელოვნ. მრავალფეროვნებასა და მაღალ დონეზე (განსაკუთრებით ჭედურობა, ქვაზე კვეთა, კერამიკა). უადგილობის გამო ქართ. ხელოვნ. ნიმუშები უკვე 30 წელია ფონდებშია გადანახული; ცალკეული ექსპონატები მხოლოდ დროებით გამოაქვთ გამოფენებზე. ე-ის ქართ. ძეგლთა ნაწილის აღწერა გამოცემულია ლ. მიცკევიჩის, ი. ორბელის, ა. ბანკის, გ. ჩუბინაშვილის, რ. ყენიას, კ. რატიანის, ა. კოკოვკინის და სხვათა შრომებში. აღსანიშნავია, რომ ე-მა უსასყიდლოდ გადასცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმს (1953) V–VIII სს. კოპტური ქსოვილების ათი ფრაგმენტი, ტიხრული მინანქრის უმაღლესი ხარისხის ხუთი ნიმუში (1975).

ერმიტაჟი ფლამანდიური.jpg