ერობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. საქართველოში ე-ს რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა. 1. ე-ს უწოდებდნენ სასოფლო კრებას, სოფლის ყრილობას, რ-იც ასრულებდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახ. სასამართლოს ფუნქციას, აწესრიგებდა სოფლის საქმეებს (ხიდებისა და გზების შეკეთება, მწყემსებთან გარიგება, სადავო საქმეების გარჩევა და ა. შ.). მოხევური ე. თავისი საზ. მნიშვნელობით ისეთივე იყო, როგორიც ხევის საფეხვნო, თუშური საანჯმო, რაჭული სანახშო და სხვ. 2. სოფლის ან უბნის საკრებულო მოედანი, სადაც უქმე დღეებში სოფლის მამაკაცები იკრიბებოდნენ სასაუბროდ. ე. (რუს. “Земство”) ეწოდებოდა აგრეთვე ადგილობრივ თვითმმართველობას რუსეთის ევრ. ნაწილის გუბერნიებსა და მაზრებში (შეიქმნა 1864). რუს. იმპერიის განაპირა მხარეებში მცხოვრები მოსახლეობა მეფის მთავრობამ მოუმზადებლად მიიჩნია ე-ის შემოღებისათვის და არ მისცა მათ კონტროლს დაქვემდებარებული თვითმმართველობის უფლებაც კი. ქართვ. მოღვაწეები კარგად ამჩნევდნენ საერობო რეფორმის სუსტ მხარეებს, მაგრამ საპოლიციო მმართველობასთან შედარებით მას უპირატესობას ანიჭებდნენ და XIX ს. 60–70-იანი წლებიდან იწყებენ ბრძოლას მისი შემოღებისათვის. ფართო უფლება-კომპეტენციით აღჭურვილი ადგილ. თვითმმართველობის განმტკიცებას ისინი ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევდნენ. 1892 თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ე-ის შემოღების საკითხი, მაგრამ მეფის მთავრობას საწინააღმდეგო მიზნები ჰქონდა; 1892 გატარებული კონტრრეფორმით კიდევ უფრო შეიზღუდა საერობო თვითმმართველობა. ქართვ. ლიბერალები ე-ისთვის ბრძოლას მაინც განაგრძობდნენ. თავად-აზნაურთა წოდებრივმა ორგანიზაციამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და XIX ს. მიწურულს აღძრა შუამდგომლობა რუს. უმაღლესი მთავრობის წინაშე საქართველოში ე-ის შემოღების შესახებ. მეფის მთავრობა სხვადასხვა მოტივით საქმეს აჭიანურებდა. 1905–07 რევ. დროს თვით კავკ. ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა ე. წ. საერობო თათბირები. ზედა ფენების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნა პროექტები, მაგრამ საქმე წინ არ წასულა. 1905 საქართვ. გუბერნიებსა და მაზრებში კვლავ ჩატარდა საერობო თათბირები, თუმცა საქმე მხოლოდ პროექტების შედგენით დამთავრდა. 1917 თებერვლის რევ. შემდეგ რუს. დროებითმა მთავრობამ ახ. საერობო დებულება შეიმუშავა, მაგრამ ოქტომბრის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ და კომუნისტური დიქტატურის დამყარებამ არსებითად შეცვალა რუს. სოც.-პოლიტ. განვითარების მიმართულება. 1917 ნოემბერში ამიერკავკასია ფაქტობრივად გამოეთიშა რუსეთს და შეიქმნა ამიერკავკ. კომისარიატი – დროებითი მთავრობა. საქართვ. ეროვნ. ყრილობამ 1917 წ. 26 ნოემბ. საერობო თვითმმართველობის ორგანიზება დაავალა საქართვ. ეროვნ. საბჭოს, რ-მაც ამიერკავკ. კომისარიატის წინაშე დასვა საკითხი ე-ის შემოღების თაობაზე. კომისარიატის მიერ შექმნილმა სპეც. კომისიამ 1917 დეკემბერს შეადგინა “დროებითი დებულება ამიერკავკ. საერობო დაწესებულებათა შესახებ”, საშინაო და საგარეო ვითარებათა გართულებამ საქმის რეალიზება შეაფერხა. ამიერკავკ. ფედერაციის დაშლის (1918) შემდეგ ე-ის შემოღებისათვის შედარებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკაში. 1918 აგვისტო საერობო კრებების არჩევნების თვედ გამოცხადდა, რ-შიც მრავალი პოლიტ. პარტია და საზ. ორგანიზაცია ჩაება. მრავალპარტიულმა ხმოსანთა კრებებმა თითქმის ყველგან მრავალპარტიული გამგეობები აირჩიეს, მაგრამ პრაქტ. საქმიანობაში სერიოზული დაბრკოლებები გაჩნდა. უფრო მეტი დაბრკოლებები შეიქმნა წვრილი საერობო ერთეულების ჩამოყალიბების დროს. 1918–19 საქართველოში ჩამოყალიბდა ადგილ. თვითმმართველობათა სისტემა, რ-ის სრულყოფა-დახვეწისათვის მუშაობა გრძელდებოდა. შემდეგ ამ პრობლემას ყურადღება მიაქცია დამფუძნებელმა კრებამ. მის მიერ შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ ადგილ. თვითმმართველობას სპეც. პარაგრაფი მიუძღვნა კონსტიტუციის პროექტში, მაგრამ 1921 საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ე-ების მუშაობა შეწყდა. ლიტ.: ვანიშვილი შ., ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში 1864–1917 წწ., თბ., 1989; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970. ა. ბენდიანიშვილი.