ეროვნული გალერეა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული გალერეა თბილისი.jpg

ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა, საქართველოში პირველი ეროვნ. გალერეის დაფუძნება დაკავშირებულია დ. შევარდნაძესთან (1885–1937). მან 1916 დააარსა ქართვ. ხელოვანთა საზ-ბა, რ-ის მიზანი იყო ძვ. ქართ. ხელოვნების ნიმუშების შეგროვება, შესწავლა და დაცვა. ხელოვანთა საზ-ბის და დ. შევარდნაძის ძალისხმევის შედეგად 1920 “დიდების ტაძრის” შენობაში გაიხსნა ეროვნ. სამხატვრო გალერეა (საქართვ. ეროვნ. მუზეუმის არქივი, დოკუმენტი “საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ”; ფონდი N2; აღწერა N1; საქმე N1). 1916–20 ხელოვანთა საზ-ბა აღნიშნულ შენობაში პერიოდულად მართავდა გამოფენებს. 1917 გაიმართა “ძველი ქართული საეკლესიო ფრესკების გამოფენა”. 1919 “ქართველ მხატვართა პირველი საგაზაფხულო გამოფენა” გაიხსნა. მასში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართვ. მხატვრები: დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, მ. თოიძე, ი. თოიძე, შ. ქიქოძე, ი. ნიკოლაძე; გამოიფინა ნ. ფიროსმანის ნამუშევრები. ე. გ-ის პირველი ექსპოზიცია 1920 ოქტომბერში გაიხსნა. ამ ექსპოზიციამ ჩაუყარა საფუძველი გალერეის ფონდსაცავს. 1933 მეტეხის ისტ. შენობა ე. გ-ს გადაეცა. გადაწყდა მეტეხში განთავსებულიყო გალერეის საგანძური, რ-იც შექმნიდა პლასტიკური ხელოვნების მუზეუმს. 1934-იდან დაარსდა ხელოვნების მუზეუმი “მეტეხი” და ე. გ-ის ფონდსაცავი მთლიანად გადავიდა “მეტეხის” შენობაში. ქართ. ეროვნ. გალერეის ისტორია ხელახლა იწყება XX ს. 30-იან წლებში. საბჭოთა იდეოლოგიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ხელოვანთა საზ-ბა, რ-იც 1930 დაშალეს და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა მხატვართა ასოციაციები: “სარმა” (საქართველოს რევ. მხატვართა ასოციაცია) და “რევმა” (რევ. მხატვართა ასოციაცია). “სარმამ” დასახა სამუშაო გეგმა. დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ ე. გ-ში გაიმართა “სარმას” წევრების პირველი გამოფენა, 1931 – “რევმას” პირველი გამოფენა, 1933 კი გამართა გამოფენა სახელწოდებით “პირველი ხუთწლედი”. 1933 საბჭოთა ხელისუფლების დადგენილებით დაარსდა საქართვ. საბჭოთა მხატვართა კავშირი, რ-იც აერთიანებდა ყველა შემოქმედებით დაჯგუფებას. 1934-იდან საქართვ. საბჭ. მხატვრების კავშირს გამოფენების მოსაწყობად გადაეცა ე. გ., რ-ის დირექტორად დაინიშნა ვ. კეშელავა. ამ პერიოდიდან გალერეის ფონდების ჩამოყალიბება-შევსება ხდებოდა მხოლოდ იმ გამოფენების მასალით, რ-ებიც ე. გ-ში 1934-იდან ეწყობოდა, შესაბამისად გალერეის ყველა ექსპონატი ოქტ. რევ. შემდგომ პერიოდს განეკუთვნება. შეიქმნა ბ-კა და არქივი. 1934 გაიხსნა ქართ. საბჭ. სახვითი ხელოვნების მე-13 წლისთავის აღსანიშნავი რეპროდუქციული გამოფენა. მასში მონაწილეობდნენ იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები: ბ. ფოგელი, ვ. სიდამონ-ერისთავი, ა. ციმაკურიძე, მ. თოიძე, ა. მრევლიშვილი, გ. გაბაშვილი, უ. ჯაფარიძე, ლ. გუდიაშვილი, ი. ნიკოლაძე და სხვ. 1930-იდან ე. გ-ში, გარდა საბჭ. პროპაგანდის იდეოლოგიური გამოფენებისა, იმართებოდა ქართვ. მხატვართა და მოქანდაკეთა გამოფენები, რითაც წარმოჩენილი იყო ქართ. ეროვნ. კულტურა და ტრადიცია. 1988 მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით კულტ. სამინისტროს, საქართვ. მხატვართა კავშირის, სამხატვრო ფონდის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება სურათების ეროვნ. გალერეა. XX ს. 90-იან წლებში “სამუზეუმო გაერთიანება სურათების გალერეა” ფორმალურად იმავე სტრუქტურად რჩებოდა. 1991 დეკ. მოვლენების დროს განადგურდა მხატვრის სახლი, დაიწვა შენობაში არსებული ეროვნ. გალერეის არქივი, ბ-კა, სტამბა, ხელოვნების ნიმუშები. 1994-იდან გალერეამ აღადგინა ტრად. საგამოფენო მუშაობა. 2005-იდან ე. გ. შედის საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შემადგენლობაში.