ეროვნული სიმდიდრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული სიმდიდრე, სახელმწიფოს ეკონომიკური ძლიერების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი, მის განკარგულებაში არსებული წარმოებული და დაგროვებული დოვლათის ერთობლიობა დროის განსაზღვრული მომენტისათვის. ე. ს. შედგება საზ-ბის წარსული და თანამედროვე თაობების შრომით შექმნილი და დაგროვილი დოვლათის, აგრეთვე კვლავწარმოების პროცესში ჩართული ბუნებრივი რესურსებისა და სხვა აქტივების (სიმდიდრის) ღირებულებისაგან (ცვეთის გამოკლებით). ცნება “ე. ს.”, როგორც ადამიანების მიერ განსაზღვრული დოვლათის დაგროვების შედეგი, წარმოიშვა XVII–XVIII სს-ში (უ. პეტი, ა. სმითი, გ. კინგი და სხვ.). ე. ს. პირველად გაიანგარიშეს ინგლისში 1664 წ., საფრანგეთში – 1789 წ., აშშ-ში – 1803 წ., რუსეთში – 1864 წ., საქართველოში – 1989 წ. 1947 გაეროს სტრუქტურაში (ნიუ-იორკში) შეიქმნა ეროვნ. შემოსავლისა და სიმდიდრის საერთაშ. ასოციაცია. ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში ე. ს-ის დასახასიათებლად იყენებენ ტერმინს “ეკონომიკური აქტივები”, რ-თა არსებითი მახასიათებელია მესაკუთრეთა მიერ მათი ფლობისა და გამოყენების მეშვეობით ეკონ. სარგებლის მიღება. ეროვნ. ანგარიშთა სისტემის ახ. კლასიფიკაციის შესაბამისად, ე. ს-ში შეაქვთ საწარმოო მარაგები; კაპიტალი, რ-იც არ ექვემდებარება მატერ. განზომილებას (“გუდვილი” – მეურნე სუბიექტების კეთილი სახელი, რეპუტაცია), აგრეთვე ის ფასეულობანი, რ-ებიც არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარებისათვის (ძვირფასი ლითონები და ქვები, მათგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, ანტიკვარული ნივთები, ხელოვნების სხვა ნიმუშები, კოლექციები და ა. შ.). ეკონ. პრაქტიკაში სარგებლობენ ე. ს-ის დინამიკის, დაგროვებისა და განახლების მაჩვენებლებით. მისი ელემენტების გაანგარიშებისას იყენებენ როგორც მიმდინარე სტატისტ. ანგარიშგების და ბუხჰალტრული აღრიცხვის მონაცემებს, ისე სრული და შერჩევითი გამოკვლევების, ძირითადი კაპიტალის გენ. და ე. წ. უწყვეტი ინვენტარიზაციის მეთოდებს, აგრეთვე ექსპერტულ შეფასებებს. საბაზრო ეკონ. მქონე ქვეყნებში, ეროვნ. ანგარიშთა სისტემის შესაბამისად, ე. ს-ის ყველა ელემენტისათვის მოქმედებს შეფასების ერთნაირი პრინციპი. საერთაშ. ეკონ. ინ-ტები მუშაობენ ე. ს-ში ისეთი ელემენტების ასასახავად, როგორიცაა პირდაპირი ფინანს. ინვესტიციები (ფინანს. აქტივებში) და ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონელი (წარმოებულ არაფინანსურ აქტივებში). ამ უკანასკნელის შემადგენლობა არ რეგლამენტირდება და მას დამოუკიდებლად განსაზღვრავს ყოველი ქვეყნის სტატსამსახური. XX ს. ბოლო ათწლეულში მსოფლიო ბანკის ექსპერტების აქტ. მონაწილეობით ფართოდ გავრცელდა ე. ს-ის შემადგენლობის ადამიანისეული კაპიტალის მაჩვენებლით გაფართოების კონცეფცია, ასევე სამუშაოები მისი რაოდენობრივი პარამეტრების დადგენისა და აღნიშნული მაჩვენებლის ეროვნ. ანგარიშთა სისტემის აგების პრინციპებთან მოსარგებად. დაინერგა ადამიანისეული პოტენციალის განვითარების ინდექსი, რ-ის მიხედვითაც 2010 წ. მსოფლიოს 169 ქვეყნიდან საქართველოს 74-ე ადგილი ეკავა. საქართველოს ე. ს-მ 2010 წ. შეფასებით შეადგინა დაახლოებით 750 მლრდ. აშშ დოლარი. ე. ს-ის 1/3 ეროვნულ ქონებაზე მოდის, 2/5-ზე მეტი – ადამიანისეულ კაპიტალზე, დანარჩენი კი – ბუნებრივ სიმდიდრეზე. ლიტ.: არჩვაძე ი., საქართველოს ეროვნული სიმდიდრე და მისი ელემენტები, თბ., 1992; მისივე, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე: შეფასების კრიტერიუმები, «ეკონომიკა», 1992, #1; მისივე, საქართველოს ეროვნული სიმდიდრე პოსტსაბჭოთა პერიოდში, იქვე, 2002, N6–7; მისივე, ადამიანური კაპიტალი, როგორც ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, «საქართველოს ეკონომიკა», 2006, #11; Доклад о развитии человека 2007/2008, Нью-Йорк – Москва, 2007; Национальное счетоводство, М., 2002; Нестеров Л. И., Новый этап расчетов показателей национального богатства в мире, «Вопросы статистики», 2001, №3. ი. არჩვაძე.