ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, გარეშე დამპყობთა წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური მოძრაობა, რ-ის მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა-შენარჩუნება. ქართველური ტომების პატრიარქალური ყოფიდან სახელმწიფოებრივ სტრუქტურებზე გადასვლა 3 ათ. წლის წინ დაიწყო და ძვ. წ. IV–III სს. მიჯნაზე არსებითად დამთავრდა. მომდევნო პერიოდში მიმდინარეობდა ეროვნ. თვითშეგნების ამაღლება. ქართველები ვერ ურიგდებოდნენ დიდი სახელმწიფოების ძალადობას – ებრძოდნენ ირანის სახელმწიფოს, არაბთა სახალიფოს, მონღოლთა და თურქთა იმპერიებს, იცავდნენ დამოუკიდებლობას, სუვერენულ უფლებებს. მაგრამ იყო პერიოდები, როცა ესა თუ ის დამპყრობელი აუქმებდა მეფობას, სპობდა ქართ. სახელმწიფოებრიობას. ასეთ შემთხვევებში ქართვ. ხალხი კიდევ უფრო ფართომასშტაბიან განმათავისუფლებელ მოძრაობას აჩაღებდა, ახერხებდა თავისუფლების მოპოვებას, ეროვნ. სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ქართვ. ერმა პერმანენტული ბრძოლებით XVIII ს. ბოლომდე შეინარჩუნა თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. საქართველოს შინა სოც.-პოლიტ. და საერთაშ. მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა XVI–XVIII სს-ში, როცა იგი მუსლ. სამყაროს სრულ გარემოცვაში მოექცა. საქართვ. მეფე-მთავრებმა დას. ევროპისაგან დახმარება ვერ მიიღეს და ორიენტაცია ერთმორწმუნე რუსეთზე აიღეს. სამსაუკუნოვანი დიპლ. ურთიერთობა 1783 გეორგიევსკის ტრაქტატისგაფორმებით, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლით დასრულდა. რუსეთის მფარველობის სურვილს დას. საქართველოს მეფე-მთავრებიც გამოთქვამდნენ, თუმცა ძალიან მალე ქართვ. პოლიტიკოსებისა და მთელი ხალხისათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი საქართველოში შემოდიოდა როგორც დამპყრობელი. 1801 რუს. იმპ. ალექსანდრე I-მა თავისი მანიფესტით ფაქტობრივად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი, გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და ამ ქვეყანაში რუსეთის მმართველობა შემოიღო. მომდევნო ათ წელიწადში რუსეთმა დაიპყრო და დაიმორჩილა დას. საქართველოს სამეფო-სამთავროებიც. უცხო ძალა ჩვენს ქვეყანაში არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც გაბატონდა. ცარიზმის კოლონ.-ეკონ. და დიდმპყრობელურ-რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ ქართვ. ხალხს ეროვნ. გადაგვარების საფრთხე შეუქმნა. ეს საშიშროება თავიდანვე იგრძნეს პატრიოტებმა და ე.-გ. მ. გააჩაღეს. მათ მიზნად დაისახეს თავისუფლების მოპოვება, ეროვნ. სახელმწიფოებრიობის აღდგენა. საქართველოს ბოლო ორსაუკუნოვანი ისტორია არსებითად განსხვავდება ძვ. და შუა საუკუნეების ისტორიისაგან; თუ წინა ხანებში ეროვნ. სახელმწიფოებრიობის დაკარგვა დროებითი იყო და ქვეყნის რომელიმე განცალკევებულ ტერიტორიაზე ხდებოდა, ახ. და უახლესი თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველო რუსეთის იმპერიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პირობებში ქართვ. ხალხის პოლიტ. ისტორია ე.-გ. მ-ის სახით გრძელდებოდა. XIX ს. პირველ მესამედში ე.-გ. მ-ის ძირითადი ფორმა იყო შეიარაღებული აჯანყება, რ-საც, როგორც წესი, სათავეში ედგნენ ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის მემკვიდრეები, ხოლო მოგვიანებით – სოლომონ II. პირველი ანტირუს. შეთქმულება მოხდა 1802 კახეთში. მისმა ხელმძღვანელებმა რუს. ხელისუფლებას ბრალი დასდეს გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში. ხალხმა ფიცი დადო იულონ ერეკლეს ძის (იხ. იულონ ბატონიშვილი) ერთგულებაზე, მოითხოვა 1783 ხელშეკრულების განახლება, ქართლ-კახეთის ავტონ. სამეფოს აღდგენა, რაც, ამბოხებულთა აზრით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობდა. რუს. ხელისუფლებამ მოძრაობის ხელმძღვანელები დამნაშავეებად გამოაცხადა, მათ წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა, ზოგიერთი რუსეთს გადაასახლა (იხ. ქელმენჩურის შეთქმულება). 1804 ივნისში ანტირუსული აჯანყება დაიწყო ქართლის მთიანეთში. მთიულებმა, მოხევეებმა და ფშავ-ხევსურებმა რუს. რაზმებისაგან გაწმინდეს სტეფანწმინდა, ანანური, ჟინვალი. გადაკეტეს სამხ. გზა, მოძრაობის მეთაურებად მიიწვიეს იულონ ბატონიშვილი და ფარნაოზ ბატონიშვილი. აჯანყებულთა მიზანი ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენა იყო. რუსმა გენერლებმა აჯანყებულთა რაზმებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეუტიეს და კვლავ კონტროლი დაამყარეს არაგვის ხეობაზე. მრავალი მეამბოხე ბრძოლის ველზე დაეცა, ბევრიც ციმბირს გადაასახლეს (იხ. მთიულეთის აჯანყება 1804). 1810 ქართველთა ე.-გ. მ-ს სათავეში ჩაუდგა რუსი მოხელეებისაგან შევიწროებული და იმერეთის სამეფო ტახტიდან გადაყენებული სოლომონ II. მისმა 10 ათასიანმა ლაშქარმა დიდი ზიანი მიაყენა რუსთა ჯარს, თითქმის მთლიანად გაანადგურა მაიორ კალატოზოვის ბატალიონი და თამაზ ორბელიანის პოლკი. მაგრამ ბოლოს მაინც რუსეთის დამსჯელმა არმიამ გაიმარჯვა. იმერეთში მკაცრი საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. სოლომონ II ოსმალეთში გადაიხვეწა და ტრაპიზონში გარდაიცვალა (იხ. იმერეთის აჯანყება 1810). განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1812 იანვარში დაწყებულმა კახეთის აჯანყებამ. მისი უშუალო მიზეზი იყო სოფლებში რუს. სამხ.-საეგზეკუციო რაზმების ჩაყენება, ხალხის ძარცვა და ზნეობრივ-მორალური დამცირება. მაგრამ მალე მან ეროვნ.-განმათ. ბრძოლის სახე მიიღო, მისი მიზანი გახდა ქართ. ეროვნ. მონარქ. სახელმწ. აღდგენა. მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ერეკლე II-ის ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი. მისმა რაზმებმა გამარჯვება მოიპოვეს შილდასთან, ჩალაუბანსა და მანავთან გამართულ ბრძოლებში, მაგრამ, ბოლოს, რუსთა მრავალათასიანმა ჯარმა შეძლო აჯანყების ჩახშობა კახეთში, თუმცა ხევსურეთში ბრძოლები 1813 ზაფხულამდე გაგრძელდა (იხ. კახეთის აჯანყება 1812). 1819–20 ანტირუს. აჯანყების ცეცხლი აგიზგიზდა იმერეთსა და გურიაში. თავიდან იგი მიმართული იყო რუს. ხელისუფლების მიერ 1819 დაწყებული საეკლ. რეფორმის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოკვეთილი ანტირუს. ხასიათი მიიღო, მისი მიზანიც ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენა გახდა. მოძრაობის ორგანიზატორებმა ამჯერადაც მეთაურად მიიწვიეს ალექსანდრე ბატონიშვილი, რ-იც ერთხანს თავს იკავებდა. ვიდრე ის ბრძოლის ველზე გამოცხადდებოდა, რუსთა ჯარმა აჯანყება სისხლში ჩაახშო, სოფლები დაანგრია, ბაღ-ვენახები გაკაფა (იხ. იმერეთის აჯანყება 1819–20). ეს აჯანყებები საყოველთაო სახალხო ხასიათს ატარებდა. მათში მონაწილეობდნენ ყველა წოდებისა და სოც. ფენის წარმომადგენლები – თავადაზნაურობა, სამღვდელოება, გლეხობა. იმ დროს ქართველები ჯერ კიდევ ფეოდ. ლეგიტიმიზმის პრინციპის საფუძველზე იდგნენ – აჯანყებულები ყველგან და ყოველთვის თავიანთ მეთაურად ირჩევდნენ, საქართველოს მეფედ აცხადებდნენ ღვთისგან კურთხეულ ბაგრატიონთა საგვარეულოს რომელიმე წარმომადგენელს, რ-თა მეთაურობითაც ებრძოდნენ და დიდ ზარალსაც აყენებდნენ ოკუპანტებს. ქართვ. ხალხმა ეროვნ. გმირებად შერაცხა ალექსანდრე ბატონიშვილი და ფარნაოზ ბატონიშვილი, სოლომონ II. რუსეთის მეფის მოხელეებიც კარგად ხედავდნენ, რომ ქართველებს ბაგრატიონთა დინასტია ქართ. სახელმწ. სიმბოლოდ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მედროშედ მიაჩნდათ. ამიტომ თითქმის ყველა ბაგრატიონი რუსეთში გადაასახლეს. გადასახლების შემდეგ ბაგრატიონთა ერთი ნაწილი კულტ.-საგანმან. საქმიანობით ემსახურებოდა სამშობლოს, თუმცა ზოგი მათგანი კვლავ ოცნებობდა საქართველოს განთავისუფლებაზე, ეროვნ. სახელმწ. აღდგენაზე. ოქროპირ ბატონიშვილმა და დიმიტრი ბატონიშვილმა ქართველთა შორის კვლავ გააღვივეს ანტირუს. სულისკვეთება. 1825–26 პეტერბურგსა და მოსკოვში შექმნეს საიდუმლო ორგანიზაციები. 1827-იდან შეთქმულთა ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. ჩამოყალიბდა ფარული საზ-ბა, რ-ის საქმიანობაში წამყვან როლს ასრულებდნენ ა. ორბელიანი, ვ. ვ. ორბელიანი, ე. შ. ერისთავი, ს. დოდაშვილი, გ. დ. ორბელიანი, ს. რაზმაძე და სხვ. ამ საზ-ბის პროგრამა ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებას, აჯანყების მომზადება-განხორციელებას, რუსეთის ჯარების განდევნას და საქართველოს ეროვნ.-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. შეთქმულთა უმრავლესობას მომავალი თავისუფალი საქართველო ესახებოდა ფეოდ.-მონარქიულ ან კონსტ.-მონარქიულ სახელმწიფოდ, უმცირესობა რესპ. წყობილების დამყარებას ვარაუდობდა. მაგრამ შეთქმულება კავკასიაში რუს. მეფისნაცვლის ადმინისტრაციამ აჯანყების დაწყებამდე აღმოაჩინა და ჩაახშო (იხ. შეთქმულება 1832 წლისა). შეთქმულთა დაპატიმრება-გადასახლებით, შემდგომ კი 1841 გურიის აჯანყების ჩახშობით არსებითად დამთავრდა ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის პირველი პერიოდი. ე.-გ. მ-ის ახალი ეტაპი XIX ს. 60-იან წლებში დაიწყო, მაგრამ პირველ და მეორე პერიოდს შორის სრული სიცარიელე, სულიერი დაცემულობა და პესიმიზმი როდი სუფევდა. ამ შუალედში მოღვაწეობდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ე. წ. ოცდათორმეტიანელები. სწორედ ამ დროს იმძლავრა ნ. ბარათაშვილის ეროვნ.-პატრ. მოტივით განმსჭვალულმა პოეზიამ. ძვ. თაობის მოღვაწეებმა აღადგინეს ქართ. თეატრი, დააარსეს ჟურნ. “ცისკარი”. აქტ. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის ეროვნ. მოღვაწე დ. ყიფიანი, რ-მაც მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა ე.-გ. მ-ის ისტორიაში. ანტირუს. ე.-გ. მ-ის ახ. პერიოდის დაწყება წილად ხვდათ “თერგდალეულებს” – XIX ს. 60–70-იანი წლების თაობას, რ-იც შემოკრებილი იყო “საქართველოს მოამბის”, “დროების”, “ივერიის” და ეროვნ. ხასიათის სხვა ჟურნალ-გაზეთების გარშემო. ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი და მათი თანამოაზრეები არც სოც. სამართლიანობის პრინციპს უგულებელყოფდნენ, თუმცა პირველი რიგის ამოცანად ეროვნ. საკითხის გადაჭრა მიაჩნდათ. ისინი იღვწოდნენ ქართველთა ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებისათვის, დაკნინებული ეროვნ. ცნობიერების გამოსაფხიზლებლად და ხალხს ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის საბრძოლველად ამზადებდნენ. ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს საქართვ. ე.-გ. მ-ის იდეოლოგია, შექმნეს ეროვნ. ფარული ორგანიზაცია – “ახალგაზრდა საქართველო”. 60-იანი წლების დამდეგს მოწინავე ქართვ. საზ-ბა განმსჭვალული იყო ეროვნ. დამოუკიდებლობის იდეით, “თერგდალეულებმა” ე.-გ. მ-ის მშვიდობიანი გზა აირჩიეს, იგი საერთაშ. და საერთო იმპერიული მასშტაბით მიმდინარე დემოკრ. მოძრაობას დაუკავშირეს. ამასთან ერთად, რუსეთის მმართველი წრეების საყურადღებოდ უარი თქვეს მაქსიმალისტურ პრეტენზიებზე, დასჯერდნენ რა საქართველოს პოლიტ. ავტონომიის მოთხოვნას. სწორედ ი. ჭავჭავაძემ წამოაყენა რუსეთის უნიტარული, აბსოლ.-მონარქიული სახელმწიფოს დემოკრ. და ფედერ. საფუძველზე რეორგანიზაციის, იმპერიაში შემავალი ერებისათვის ავტონ. სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების იდეა. ამ პოზიციაზე დადგა თითქმის მთელი ქართვ. ინტელიგენცია. იგი დარწმუნებული იყო, რომ ფედერაცია და ავტონომია ყველა პირობას მოამზადებდა საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწ. აღდგენისათვის. ამ დიდი მიზნის განხორციელება ერის ყველა სოც. ძალის, ყველა დასისა თუ ორგანიზაციის გაერთიანებას მოითხოვდა და ი. ჭავჭავაძე, მისი თანამოაზრენი დაუღალავად ქადაგებდნენ ეროვნ. კონსოლიდაციის იდეას. ისინი მოწონებით ხვდებოდნენ ბურჟ. რეფორმებს, იბრძოდნენ სოფლისა და ქალაქის თვითმმართველობის დემოკრატიზაციის, მათი უფლება-კომპეტენციის გაფართოებისათვის, რადგან ამით ხელსაყრელი პირობები იქმნებოდა საქართველოს ეკონ. აღორძინების, კულტ. დაწინაურების, კლასობრივი წინააღმდეგობების შესუსტების, განმათავისუფლებელი მოძრაობის გაფართოების და, საბოლოო ჯამში, ეროვნ.-სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. “თერგდალეულთა” კონცეფცია ფართოდ გავრცელდა საქართველოში. ეროვნ.-განმათ. ბრძოლის იდეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით აიტაცეს სემინარია-გიმნაზიების მოსწავლეებმა, რუსეთის უნ-ტების ქართვ. სტუდენტებმა. თანდათან გაძლიერდა მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობა. ვარშავის ქართვ. სტუდენტთა ინიციატივით მოხერხდა რუსეთის უნ-ტებთან არსებულ სათვისტომოთა შორის კონტაქტების გაფართოება, ჩამოყალიბდა ფარული ეროვნ.-პოლიტ. საზ-ბა – “თავისუფლების ლიგა”; შემუშავდა პროგრამა და კონკრ. სამოქმედო გეგმა. ორგანიზაციამ თავის მიზნად გამოაცხადა სამშობლოს სამსახური, საქართველოს განთავისუფლება რუს. ბატონობისაგან. 1892 ქუთაისში ლიგის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა, 1893 კი თბილ. ყრილობაზე შემუშავდა “საქართველოს თავისუფლების ლიგის” პროგრამა. 1894 რუს. ჟანდარმერიამ ორგანიზაცია გაანადგურა. მართალია, “თავისუფლების ლიგა” დღემოკლე აღმოჩნდა, მაგრამ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ე.-გ. მ-ში. აღსანიშნავია, რომ მისი აქტ. წევრები იყვნენ: გ. დეკანოზიშვილი, ა. ჯორჯაძე, ნ. ჯაყელი, თ. სახოკია და სხვა ცნობილი მოღვაწეები. 1901 შეიქმნა საქართველოს ეროვნ. კომიტეტი, რ-მაც დაგმო რუსი მოხელეებისა და მცირერიცხოვანი რეაქციული ქართვ. თავადაზნაურობის ინიციატივით ორგანიზებული რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების ასი წლის იუბილე და ქართველებს ეროვნ. დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა. “დღესასწაულის” დღეებში საქართველოს ქალაქებში ქართვ. ეროვნ. დემოკრატების ხელმოწერით გავრცელდა 4 პროკლამაცია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამი იყო: “...ხალხის კეთილდღეობა მოითხოვს საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების აღდგენას”. 1901 ჩამოყალიბდა ქართვ. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია. მან ძირითადად გაიზიარა “თერგდალეულების” ეროვნ. პროგრამა, გააგრძელა ი. ჭავჭავაძის მიერ დაწყებული ბრძოლა ქართვ. ერის კონსოლიდაციისათვის. ამ პარტიის ლიდერმა ა. ჯორჯაძემ შეიმუშავა საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია. მისი აზრით, ეროვნ. სულისკვეთების მქონე პარტიებს ყოველდღიური საქმიანობით ერთად უნდა გადაეწყვიტათ ხუთი ძირითადი ამოცანა: 1) ქართ. ენის დაცვა; 2) საქართველოს მიწის ფონდის და მეურნეობის ქართველთა ხელში შენარჩუნება; 3) ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება; 4) საქალაქო თვითმმართველობებში ქართველთა პოზიციების გაძლიერება; 5) ქართველი ინტელიგენციის მიერ ეროვნ.-კულტ. საქმიანობის გაფართოება. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში თავიდანვე გამოიკვეთა მემარჯვენე და მემარცხენე მიმართულებები. მოგვიანებით (1906) მემარჯვენეებმა დამოუკიდებელი პარტია შექმნეს, რ-იც 1917 ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიად გაფორმდა. ორივე პარტია მიზნად ისახავდა ქართვ. ხალხის განთავისუფლებას, ეროვნ. სახელმწ. შექმნას, ისინი მტკიცედ იდგნენ ეროვნ. ნიადაგზე და მათთვის უცხო იყო კოსმოპოლიტიზმი. რუსეთის პირველი რევოლუციის (1905–07) წლებში ცარიზმის დამხობას და დემოკრ. მართვა-გამგეობის სისტემის ჩამოყალიბებას ქართვ. ხალხმა დაუკავშირა ეროვნ. საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ, თავდაპირველად ქართ. სახელმწ. აღდგენა ავტონომიის სახით. შემდგომ ეროვნ. მიმართულების პარტიები ერთად იბრძოდნენ ფართო პოლიტ. ავტონომიისათვის. ისინი გმობდნენ სოც.-დემოკრატების ნიჰილისტურ პოზიციას, დიდ შეცდომად მიაჩნდათ მთელი ყურადღების სოც. საკითხებზე გადატანა, ავტონომიის უარყოფა და ეროვნ. საკითხის სოციალ. რევოლუციის გამარჯვებამდე გადავადება. დაჩაგრული ერების განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გარკვეული ნაყოფი გამოიღო. რევოლუციით შეშინებულმა რუს. იმპერატორმა 1905 წ. 17 ოქტომბერს გამოსცა მანიფესტი – ხალხს აღუთქვა სამოქალაქო-პოლიტ. თავისუფლება, პიროვნების დაცვის გარანტიების შექმნა. შემუშავდა კანონი, რ-იც ითვალისწინებდა სახ. წარმომადგენელთა კრების მოწვევას, სახელმწ. სათათბიროს არჩევნების ჩატარებას. მეფის მთავრობამ მალე უკან წაიღო დანაპირები და სისხლში ჩაახშო სახ. რევოლუცია. სახელმწ. სათათბირო დარჩა, თუმცა ფართო საკანონმდებლო უფლების გარეშე. რაკი რევ. დამარცხების გამო საზ.-პოლიტ. მოძრაობა შეუძლებელი გახდა, ქართვ. დემოკრატები აქტიურად ჩაებნენ სახელმწ. სათათბიროს არჩევნებში. თუმცა პირველ, მეორე და მესამე სახელმწ. სათათბიროში დეპუტატების გაყვანა ძირითადად სოც.-დემოკრატებმა შეძლეს (ნ. ჟორდანია, ი. წერეთელი, ა. ჩხენკელი, ნ. ჩხეიძე და სხვ.), რ-თაც საქართველოს პოლიტ. ავტონომიის მოთხოვნა არც გახსენებიათ. საქართველოს ეროვნ. მიმართულების პარტიებმა სასტიკად გააკრიტიკეს ს.-დ-ის საპარლამენტო მოღვაწეობა. 1912 მეოთხე სახელმწ. სათათბიროში აირჩიეს სოციალისტ-ფედერალისტი ვ. ლ. გელოვანი, რ-მაც საქართველოს პოლიტ. ავტონომიის მოთხოვნა წამოაყენა. სახელმწ. სათათბიროს მემარცხენე ფრაქციები თითქოს თანაუგრძნობდნენ დაჩაგრულ ერებს, მაგრამ მემარჯვენე უმრავლესობა მტკიცედ იდგა დიდმპყრობელური რუს. შოვინიზმის პოზიციაზე. ამიტომ განაპირა ერების და, კერძოდ, ქართველების თვითგამორკვევის უფლების დასაცავად, ავტონომიის იდეის ხორცშესასხმელად რუსეთის სახელმწ. სათათბიროს არაფერი გაუკეთებია. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეროვნ. დემოკრატებსა და სოციალისტ-ფედერალისტებს თავიანთი მიზნის (ეროვნ. სახელმწ. აღდგენა) განხორციელების წინაპირობად ამ ომში რუსეთის დამარცხება და დასუსტება მიაჩნდათ. ემიგრაციაში მყოფმა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრებმა ჟენევაში ჩამოაყალიბეს ჯგუფი “თავისუფალი საქართველო”, მალე მის ბაზაზე დაფუძნდა “საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი”. მ. წერეთელმა და გ. მაჩაბელმა კონტაქტი დაამყარეს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან – მოითხოვეს ფულითა და იარაღით დახმარება შეიარაღებული აჯანყების მოსაწყობად, თურქეთში ქართ. ლეგიონის ჩამოსაყალიბებლად. ქართვ. პატრიოტთა ნაწილს ასეთი ქმედება საშიშ ავანტიურად მიაჩნდა, ეროვნ. რადიკალები კი ფიქრობდნენ, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ გერმანია-რუსეთის წინააღმდეგობა და ომი. 1914 ბოლოს საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნ. კომიტეტი, რ-მაც გადაწყვიტა, დამოუკიდებლობისათვის შეიარაღებული ბრძოლა დაეწყო მას შემდეგ, რაც თურქეთი ომს გამოუცხადებდა რუსეთს, მაგრამ კავკ. ფრონტზე თურქთა წარმატება ეპიზოდური აღმოჩნდა. რუს. ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და გეზი არზრუმ-ტრაპიზონისაკენ აიღეს. ასეთ პირობებში ეროვნ. კომიტეტმა ანტირუს. აჯანყებაზე ხელი აიღო. გერმანია-თურქეთის ორიენტაციის მომხრე ქართველთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. უმრავლესობა საქართველოს პოლიტ. ავტონომიის იდეას დაუბრუნდა და მისი განხორციელება რუსეთში მოსალოდნელ პოლიტ. ცვლილებებს – დემოკრატიის გამარჯვებას დაუკავშირა. 1917 თებ. რევოლუციას სიხარულით შეხვდნენ რუს. იმპერიის დაჩაგრული ერები. მაგრამ რუს.დროებითი მთავრობა ვერ თმობდა “ერთიანი და განუყოფელი რუსეთის” პრინციპს. ამიტომ განაპირა ქვეყნებში ეროვნ. მოძრაობა გაფართოვდა, ახ. ფაზაში შევიდა. ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა განაახლეს საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია. 1917 ეროვნ.-დემოკრატებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნ. ნიადაგზე მდგომმა სოც.-დემოკრატების (მენშევიკების) უმცირესობამ მოქმედების ერთიანი გეგმა-პროგრამის შესამუშავებლად შექმნეს “ინტერპარტიული საბჭო”, რ-მაც დელეგაცია გაგზავნა პეტერბურგში და დროებითი მთავრობისაგან საქართველოს პოლიტ. ავტონომია მოითხოვა. დროებითმა მთავრობამ საკითხის განხილვა დამფუძნებელი კრების მოწვევამდე გადადო. 1917 წ. 25 ოქტომბერს (7 ნოემბ.) ბოლშევიკური გადატრიალების გზით დაემხო დროებითი მთავრობა, რის შემდეგაც უფლებამოსილება დაკარგა მის მიერ დანიშნულმა ამიერკავკ. სამხარეო ორგანომ – ე. წ. “ოზაკომმა” (იხ. ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი). 1917 წ. 15 ნოემბერს ჩამოყალიბდა ამიერკავკ. დამოუკიდებელი მთავრობა – ამიერკავკასიის კომისარიატი. იმავე დროს ჩატარდა საქართველოს ეროვნ. ყრილობა. არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო, რ-მაც თავის ძირითად მიზნად მიიჩნია ქართ. ეროვნ. სახელმწ. ჩამოყალიბება. ეროვნ. საბჭოს ფრაქციებს შორის კარგა ხანს გაგრძელდა კამათი საგარეო ორიენტაციის, ქართ. სახელმწ. ფორმისა და შინაარსის შესახებ. 1918 წ. 10 თებერვალს ამიერკავკ. კომისარიატმა მოიწვია სახელმწ. ხელისუფლების ორგანო – ამიერკავკასიის სეიმი, რ-ის მთავარი დანიშნულება იყო იურიდიულად გაეფორმებინა ამიერკავკ. გამოყოფა რუსეთისაგან, მაგრამ სეიმმა მხოლოდ 9(22) აპრილს მიიღო სათანადო დადგენილება. მათ არც ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკებაზე გააგზავნეს წარმომადგენლები, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა. საზავო ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს გადაეცა ყარს-არტაან-ბათუმის ოლქები. ამიერკავკ. კომისარიატის დაგვიანებულ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. თურქებმა დაიპყრეს ყარსისა და ბათუმის ოლქები, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს და სომხეთის სხვა ტერიტორიებსაც. მეტად მწვავედ დაისვა საგარეო ორიენტაციის პრობლემა – საიმედო მოკავშირის გამონახვის საკითხი. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ამიერკავკ. მთავრობას ურჩევდნენ, რომ ქვეყანა თურქეთის პროტექტორატში მოექციათ, სეიმის სომეხი დეპუტატები მოითხოვდნენ ინგლისელების მოწვევას, ქართველები კი მიზანშეწონილად თვლიდნენ კავშირის გაფორმებას გერმანიასთან, რადგან მიაჩნდათ, რომ მისი დახმარებით აღკვეთდნენ თურქეთის დაპყრობით ზრახვებს. საგარეო ორიენტაციის საკითხზე წამოჭრილმა წინააღმდეგობებმა ამიერკავკ. სახელმწ. დაშლის პირამდე მიიყვანა. 1918 წ. 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, საგანგებო ყრილობაზე, საქართველოს ეროვნ. საბჭომ გამოაქვეყნა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. წარმატებით დაგვირგვინდა საუკუნოვანი ბრძოლა, ასრულდა ქართვ. ხალხის ოცნება – ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. 1919 თებერვალში არჩეულ იქნა საქართვ. დამფუძნებელი კრება (იხ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება), რ-ის მიერ შემუშავებული კანონების საფუძველზე მიმდინარეობდა ეროვნ. სახელმწ. მშენებლობა – შეიქმნა ადმ. აპარატი, მილიცია, სახ. გვარდია, რეგულ. არმია, სასამართლო (იხ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918–1921). საქართველოს რესპუბლიკას სამი წლის განმავლობაში თითქმის პერმანენტული ომი ¸ჰქონდა გარეშე მტრებთან – საკმაო წარმატებით ებრძოდა თურქეთის ჯარს, დენიკინის არმიას, სომხეთის აგრესიას (იხ. სტ. საქართველო-სომხეთის ომი 1918), ბოლშევიკური არმიის შემოსევას 1920 გაზაფხულზე. 1921 თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოში ოკუპაციისა და გასაბჭოების მიზნით მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. საქართვ. შეიარაღებულმა ძალებმა სოღანლუღისა და კოჯრის ბრძოლებში, მართალია დიდი მარცხი აგემა XI წითელ არმიას, მაგრამ დასავლეთის დემოკრ. სახელმწიფოებისაგან რეალურ მხარდაჭერას მოკლებულმა პატარა ქვეყანამ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის მოგერიება. რესპუბლიკის მთავრობა მოერიდა ამაო მსხვერპლს, თბილისი დატოვა და საფრანგეთში გაიხიზნა, სადაც ემიგრანტული მთავრობის სტატუსი მიიღო. საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ეროვნ. სახელმწიფოებრიობა ძალადობრივი მეთოდებით დაანგრიეს. კომუნისტები დემაგოგიურად აცხადებდნენ, რომ 25 თებ. აქტის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაუქმებულა – მოხდა მხოლოდ ბურჟ. სახელმწიფოებრივი წყობილების შეცვლა სოციალ. სახელმწიფოებრივი წყობილებით. მაგრამ არა მარტო ქართვ. ერი, არამედ მთელი მსოფლიო ხედავდა, რომ საბჭ. რუსეთის შეიარაღებული ინტერვენციის მიერ მოხდა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. ქართ. საბჭოური სახელმწიფო ფორმალობას წარმოადგენდა, ფიქცია იყო. მისი მარიონეტული კომპარტია და მთავრობა კრემლის კარნახით მოქმედებდა. ქართვ. ხალხი ვერ შეეგუა სისხლისღვრით შემოსულ დამპყრობელს. ქართვ. ერის პროტესტი მრავალნაირი ფორმით გამოიხატა. მსოფლიო საზ-ბის აზრი აგრესიის მსხვერპლის მხარეს იყო. ამით გამხნევებული საქართვ. პირველი რესპუბლიკის კანონიერი (ემიგრანტული) მთავრობა და საქართველოში დარჩენილი, იატაკქვეშეთში მოქმედი ანტისაბჭ. პარტიები აქტ. საქმიანობას შეუდგნენ, ცდილობდნენ ევრ. სახელმწიფოებისაგან მიეღოთ რეალური დახმარება, მათი შემწეობით აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. წინააღმდეგობა ძლიერდებოდა. საქართველოს ოკუპაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო აჯანყება მოხდა სვანეთში. აჯანყებულებმა საქართვ. რევკომს მოსთხოვეს რუს. ჯარების გაყვანა და თავისუფალი არჩევნების გამოცხადება. აჯანყება სისხლში ჩაახშო არტილერიითა და ავიაციით აღჭურვილმა საოკუპ. ჯარმა (იხ. სვანეთის აჯანყება 1921). 1922 აჯანყებამ იფეთქა ხევსურეთსა და კახეთში. აჯანყებულთა ყველაზე დიდ შენაერთს სათავეში ედგა პოლკოვნიკი ქ. ჩოლოყაშვილი (იხ. ხევსურეთის აჯანყება 1922). ე.-გ. მ-ის ხელმძღვანელებისათვის ცხადი გახდა, რომ დაქსაქსული, პარტიზ. ბრძოლებით დიდი მიზნის განხორციელება არ მოხერხდებოდა. საყოველთაო შეიარაღებული აჯანყების მომზადებისათვის შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (იგივე ინტერპარტ. პარიტეტული კომიტეტი), აჯანყების უშუალო ხელმძღვანელობისათვის კი – სამხ. ცენტრი. ეროვნ.-დემოკრ. პარტია ძირითადად თავადაზნაურობაზე, სამღვდელოებაზე, აგრეთვე გლეხობის შეძლებულ ფენაზე ამყარებდა იმედებს. სოციალ-დემოკრატები და სოციალისტ-ფედერალისტები პროპაგანდას ეწეოდნენ მუშებსა და გლეხებს შორის და არცთუ წარუმატებლად, მაგრამ საქართვ. საგანგებო კომისიამ მიაგნო მოძრაობის მესვეურთა კვალს. 1923 წ. 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს გენ. კ. აფხაზი და სამხ. ცენტრის სრული შემადგენლობა. მოგვიანებით დააპატიმრეს ნ. ხომერიკი, გ. ფაღავა, გ. წინამძღვრიშვილი. მიუხედავად ამისა, აჯანყება მაინც დაიწყო 1924 წ. 28 აგვისტოს. მრავალი ქალაქი და სოფელი აჯანყებულთა ხელში გადავიდა, კომუნისტი ხელმძღვანელები დააპატიმრეს. მაგრამ ქ. ჩოლოყაშვილის რაზმმა ვერ შეძლო საგანგებოდ გამაგრებული თბილისის აღება. ვერც აჯანყებულთა ძალების კოორდინაცია და საბრძოლო ოპერაციების ერთიანი გეგმით განხორციელება მოხერხდა. საბჭ. მთავრობამ ბრძოლის ველზე 56 ათ. ჯარისკაცი გამოიყვანა. უთანასწორო ბრძოლაში აჯანყებულები დამარცხდნენ. გამარჯვებულებმა დაახლ. 7 ათ. კაცი დახვრიტეს, 20 ათ-ზე მეტი ციმბირს გადაასახლეს (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924). 1924 ტრაგედიის შემდეგ პატრიოტები ბრძოლის ფარულ ფორმებზე გადავიდნენ. კომუნისტური დიქტატურის პირობებში აშკარა და ფართო ეროვნ. მოძრაობა შეუძლებელი გახდა და მან არალეგალური, შეზღუდული სახე მიიღო. პატრ. ძალებს განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა 30-იანი წლების მასობრივმა რეპრესიებმა. 1924 დამლევს ქართვ. პოლიტ. ემიგრანტთა თაოსნობით პარიზში დაარსდა ეროვნ. პოლიტ. ორგანიზაცია “თეთრი გიორგი”, რ-ის მთ. იდეოლოგები იყვნენ გენ. ლ. კერესელიძე და პროფ. მ. წერეთელი. 1926 თბილისში შეიქმნა “თეთრი გიორგის” პირველი კონსპირაციული ჯგუფი ე. ღვალაძის ხელმძღვანელობით, 1928 კი – “თეთრი გიორგის” მეორე ჯგუფი პოლკ. ა. ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. 1930 საბჭ. უშიშროებამ დაადგინა ჯგუფის ადგილსამყოფელი. იმავე წელს მისი წევრები დახვრიტეს. რაც შეეხება პირველ ჯგუფს, მან იარსება 1937-მდე (ამ წელს მისი წევრები, მათ შორის ე. ღვალაძე, დააპატიმრეს და დახვრიტეს). II მსოფლიო ომმა ერთგვარი იმედი ჩაუსახა ეროვნ. ძალებს, გააქტიურდნენ ანტისაბჭოთა ჯგუფები და ეროვნ. იდეით გამსჭვალული ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. 1941 თბილისში შეიქმნა არალეგალური ორგანიზაცია – “სამანი”, რ-იც თბილ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტების, ახალგაზრდა მეცნ. თანამშრომლებისა და სტუდენტებისაგან შედგებოდა. მას სათავეში ედგა ახალგაზრდა მეცნიერი ადამ ბობღიაშვილი, რ-იც ღალატით მოკლეს. ჯგუფს იდეურ ხელმძღვანელობას უწევდა მ. ზანდუკელი. ამ საქმიანობას არავითარი წარმატება არ მოჰყოლია. საბჭოთა დაზვერვამ დაადგინა მათი “ძირგამომთხრელი”, “ფაშისტური” საქმიანობა და ბევრი მათგანი დააპატიმრა. 1942 სიკვდილით დასაჯეს მოძრაობის წევრები: კ. ხიმშიაშვილი, კ. ჯოგლიძე, თ. შანშიაშვილი, შ. შავიანიძე, გ. ძიგვაშვილი, გ. თარგამაძე და სხვ. – სულ 17 კაცი. დანარჩენები ციმბირში გადაასახლეს. 1942 თბილისში შეიქმნა “თეთრი გიორგის” მესამე კონსპირაციული ჯგუფი, რ-ის ხელმძღვანელები იყვნენ მწერალი ლ. გოთუა, ლ. აბდუშელიშვილი და ამ უკანასკნელის დისწული ლ. (მუსტაფა) შელია. ჯგუფის წევრთა შორის იყო მწერალი ჭ. ამირეჯიბი. 1944 ჯგუფი გამოაშკარავდა. ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულ იქნა ლ. შელია, დანარჩენები კი გაასამართლეს. ლ. აბდუშელიშვილს და ი. სუტას დახვრეტა მიესაჯათ. ლ. გოთუა, ჭ. ამირეჯიბი და ჯგუფის სხვა წევრები გადაასახლეს. 1946 თსუ-ის სტუდენტებმა შექმნეს არალეგალური ეროვნ.-განმათ. ორგანიზაცია, რ-საც არ ჰქონდა კონკრეტული სახელი, მაგრამ ჰქონდა კონკრეტული მიზანი – მომზადება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1948 შემოდგომაზე დააპატიმრეს და 25 წლით გადაასახლეს ამ ორგანიზაციის წევრები: ო. პაჭკორია, გ. მაღულარია, თ. ზალდასტანიშვილი, გ. ცინცაძე, შ. ჯიჯაძე, ბ. ხუხუა, კ. ძიმისტარაშვილი, ი. მაჩაიძე, ა. მელაძე და სხვ. ნ. ხრუშჩოვის მმართველობის წლებში თითქოს დაიწყო საბჭოურ-კომუნისტური რეჟიმის “ლიბერალიზაცია”, მაგრამ მართვა-გამგეობის სტრუქტურაში არაფერი შეცვლილა. ეროვნ. მოძრაობის აღორძინების სიმპტომებმა XX ს. 50-იან წლებში კვლავ იჩინა თავი. მრავალმა ქართველმა სტალინის კრიტიკა და დამცირება ეროვნ. სიამაყის შეურაცხყოფად აღიქვა. 1956 მარტის პირველ დეკადაში თბილისსა და სხვა ქალაქებში მოეწყო საპროტესტო დემონსტრაციები. მოძრაობის კულმინაციურ ეტაპზე ახალგაზრდობის ერთმა ნაწილმა საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგიც გააჟღერა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. 9 მარტს დემონსტრანტებს ტყვია დაუშინეს – დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი (იხ. ცხრა მარტი 1956). ჩნდებოდა არალეგალური პატრ. ჯგუფები, გამოცემები. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია იყო “გორგასლიანი”, რ-იც პროკლამაციებს ავრცელებდა. 1956 ბოლოს ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს. ოპოზიცია ძალას იკრებდა. 1976 ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას თაოსნობით საქართველოში დაარსდა ლეგალური ოპოზიციური ორგანიზაცია “საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი”, რ-ის დეკლარაციიდან ჩანდა, რომ ახ. დისიდენტური მოძრაობის მთავარი მიზანი ეროვნ. საკითხების გადაწყვეტა იყო. ჯგუფი გამოსცემდა ჟურნალებს: “საქართველოს მოამბე”, “ოქროს საწმისი” და სხვ. 1978 მაისში ხელისუფლებამ ორგანიზაციის ლიდერები დააპატიმრა. 1978 მოსკოვიდან მოვიდა მითითება, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღოთ ის მუხლი, რ-იც ქართ. ენას სახელმწ. ენის სტატუსს ანიჭებდა. დიდმპყრობელური რუს. შოვინიზმის ამ აშკარა გამოვლინების წინააღმდეგ მთელი ქართვ. ერი აღდგა. თბილისში გაიმართა გრანდიოზული ეროვნ. დემონსტრაცია. შექმნილი სიტუაცია გაითვალისწინა ცენტრალურმა ხელმძღვანელობამ და კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი უცვლელი დარჩა (იხ. თოთხმეტი აპრილი 1978). 80-იან წლებში ქართვ. საზ-ბამ მიზნად დაისახა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ე.-გ. მ-ში ჩაება ახლად ჩამოყალიბებული თითქმის ყველა პოლიტ. პარტია. განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას საბჭოთა იმპერიის შინაგანმა კრიზისმაც შეუწყო ხელი. ტოტალიტარული რეჟიმი ვეღარ ახერხებდა სოც.-პოლიტ. წინააღმდეგობათა აღმოფხვრას, არსებული საზ. და სახელმწიფოებრივი წყობილების უცვლელად შენარჩუნებას. კომპარტიის ლიდერები მიხვდნენ, რომ აუცილებელი იყო პოლიტ. სისტემის დემოკრატიზაცია, ეკონ. სტრუქტურაში, მისი მართვის ფორმებში კორექტივების შეტანა. 1985 დაიწყო რეფორმების გატარება, თუმცა ეს განუხორციელებელი ოცნება იყო, ვინაიდან იმპერია არ თმობდა მთავარს – საბჭ. კავშირის უნიტარულ ხასიათს. საქართველოში, ბალტიისპირეთში და იმპერიის სხვა რესპუბლიკებში მზარდი ხასიათი მიიღო სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ. იმართებოდა მასობრივი არასანქცირებული მიტინგები, საპროტესტო დემონსტრაციები, ფრიალებდა ეროვნ. დროშები. 1988 წ. 12 ნოემბ. თბილისში, მთავრობის სახლთან დაიწყო მასობრივი მიტინგი, რ-იც მალე შიმშილობაში გადაიზარდა. პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გამოიწვია სსრკ-ის კონსტიტუციაში შესატანმა ცვლილებამ, რ-იც აუქმებდა სსრკ-იდან გასვლის ფორმალურ უფლებას და აკანონებდა სსრკ-ის ყველა ცხელ წერტილში საგანგებო წესების შემოღებას. საყოველთაო პროტესტით შეშინებულმა იმპერიულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია – უარი თქვა კონსტიტუციაში დიდმპყრობელურ-შოვინისტური კორექტივების შეტანაზე. ეროვნ.-განმათ. და დემოკრ. მოძრაობის ლიდერებმა ირწმუნეს, რომ ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შედეგი მოჰყვებოდა და 1989 წ. 4 აპრილს მთავრობის სახლთან კიდევ უფრო გრანდიოზული მიტინგი და დემონსტრაცია გამართეს – მოითხოვეს საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და რესპუბლიკიდან საბჭ. საოკუპაციო ჯარების გაყვანა. ცენტრმა გადაწყვიტა აღარ დაეთმო და საქართველოში სპეც. დამსჯელი რაზმები გამოაგზავნა. 9 აპრილს, დილის 4 საათზე, რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა სადესანტო ნაწილებმა დაიწყეს მიტინგის დარბევა. დაიღუპა საპროტესტო აქციის 20 მონაწილე, მათ შორის 16 ქალი. ქიმ. ნივთიერებით მოიწამლა 2 ათასამდე ადამიანი (იხ. ცხრა აპრილი 1989). თბილისში დატრიალებულმა 9 აპრ. ტრაგედიამ მსოფლიო საზ-ბის საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. საბჭოურ-კომუნისტურმა მთავრობამ თავისი მოქმედების გამართლება ვერ შეძლო. საზ. აზრი ქართვ. ხალხის სასარგებლოდ განეწყო. ამის შემდეგ საქართველოში ცენტრ. მმართველობა ფაქტობრივად გაუქმდა. საქართვ. მარიონეტული მთავრობა, რ-იც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ძალაუფლების რაღაც ელემენტებს, იძულებული გახდა 1990 წ. 28 ოქტომბრისათვის დაენიშნა მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები. რადიკალთა ნაწილმა ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ახ. კანონის შესაბამისად გამართულ არჩევნებში. მეორე ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ჯერ კიდევ 1990 წ. 14 მარტს შექმნილი “ეროვნული ფორუმი” გაითიშა. ზ. გამსახურდიას ჯგუფმა დატოვა მისი რიგები. ფორუმში დარჩენილებმა უზენაესი საბჭოს მრავალპარტ. არჩევნების იდეას ეროვნ. კონგრესის არჩევნების იდეა დაუპირისპირეს. ზ. გამსახურდიას დასმა უფრო სწორად შეაფასა შექმნილი სიტუაცია. იგი ზომიერ პოზიციაზე დადგა და წინასაარჩევნო ბრძოლისათვის შეემზადა. საქართვ. ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა ზ. გამსახურდიას მეთაურობით შექმნილ საარჩევნო ბლოკს “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, რ-მაც ახალ უზენაეს საბჭოში მიიღო ადგილების 62%, ყოფილმა მმართველმა კომპარტიამ კი – მხოლოდ 26,6%. 1991 წ. 31 მარტს ჩატარებულ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 97%-მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ შედეგების საფუძველზე 9 აპრილს უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიამ დაამტკიცა საქართველოს სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მალევე უზენაესმა საბჭომ ზ. გამსახურდია საქართვ. პრეზიდენტად აირჩია. 26 მაისს პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები დაინიშნა. პრეზიდენტის პოსტზე სხვა პარტიებმაც დაასახელეს თავიანთი კანდიდატები, თუმცა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 93%-მა ზ. გამსახურდიას მისცა ხმა. (იხ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვან მოვლენათა ქრონოლოგია. XIX–XX სს) ამგვარად, რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპ. დამხობიდან 70 წლის შემდეგ ქართველი ხალხის ე.-გ. მ. წარმატებით დაგვირგვინდა. ლიტ.: ბენდიანიშვილი ა., ეროვნული საკითხი საქართველოში. 1801–1921, თბ., 1980; მისივე, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918–1921), თბ., 2001; ბენდიანიშვილი ა., დაუშვილი ა., სამსონაძე მ., ქოქრაშვილი ხ., ჭუმბურიძე დ., ჯანელიძე ო., რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008; ნათმელაძე მ., დაუშვილი ა., საქართველოს უახლესი ისტორია, თბ., 2004; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1–6, თბ., 1970–72; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია (1783–1990), თბ., 1991; ურუშაძე ლ., ბოლშევიზმ-მენშევიზმი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), თბ., 2005; ყორანაშვილი გ., ეროვნული საკითხი, თბ., 1997. ა. ბენდიანიშვილი.