ეროზია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროზია ნიადაგისა, ნიადაგის ჩამორეცხვა და გადარეცხვა წვიმის, გამდნარი თოვლის და სარწყავი წყლით (წყლისმიერი ე.) ან დაშლა და გადატანა ძლიერი ქარით (ქარისმიერი ე.). წყლისმიერი ე-ის გამოვლინებას ხელს უწყობს მთაგორიანი რელიეფი და წვიმები, ხოლო ქარისმიერს – ძლიერი ქარი, ტყის გაჩეხვა, ნიადაგის არასწორი დამუშავება და სხვა. არჩევენ ნიადაგისა და ქვეფენილი ქანების ზედაპირულ (სიბრტყით) და სიღრმით (ხაზობრივ) ე-ს. ზედაპირული (სიბრტყითი) ე. თვალით ძნელად შესამჩნევია. სიღრმითი ე-ის განვითარების შედეგად დამუშავებულ ფერდობებზე წარმოიქმნება სხვადასხვა სიღრმის წყალნაღარები, რ-ებიც საჭიროებენ ნიადაგის ზედაპირის მოსწორებას. დროთა განმავლობაში წყალნაღარები ღრმავდება და ღარტაფებად და ხრამებად გარდაიქმნება. სარწყავ მიწებზე არასწორი რწყვის შედეგად ვითარდება ირიგაციული ე. ე-ის განვითარების შედეგად ფორმირდება სუსტად, საშუალოდ, ძლიერ და უძლიერესად ჩამორეცხილი ნიადაგები. ე-ის განვითარების შედეგად უარესდება ნიადაგის ფიზ.-ქიმ. თვისებები, სტრუქტურა, მცირდება მისი ნაყოფიერება და მოსავალი. სას.-სამ. კულტურათა მოსავლიანობა სუსტად ჩამორეცხილ ნიადაგზე ჩამოურეცხავ ნიადაგთან შედარებით კლებულობს 10–30%-ით, საშუალოდ ჩამორეცხილ ნიადაგებზე – 30–50%-ით, ძლიერ ჩამორეცხილ ნიადაგებზე კი – 50–70%-ით. საქართველოში წყლისმიერი ე. გავრცელებულია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – ზემო იმერეთში, რაჭაში, აფხაზეთში, აჭარაში, შიდა ქართლში და სხვ.; ქარისმიერი ე. – გარე კახეთში, შირაქში, შიდა და ქვემო ქართლში, ჯავახეთში. ირიგაციული ე. – ზემო სამგორის, თეზი-ოკამისა და სხვა სარწყავი სისტემების არეალებში. ქარისმიერი ე-ის (დეფლაციის) განვითარებისას ხდება ნიადაგის, ზოგჯერ კი ქვეფენილი ქანების ზედაპირული ფენის ახვეტის, გადატანისა და სხვა ადგილებზე დაფენის (დალექვის) პროცესი. ქარისმიერი ე. აშრობს ნიადაგს, ზიანდება ნათესები. ნიადაგის ე-ის წინააღმდეგ იყენებენ ბრძოლის ღონისძიებათა კომპლექსს, რ-იც მოიცავს ტერიტ. სწორ ორგანიზაციას, ნიადაგდაცვით თესლბრუნვას, საძოვრებზე ნაკვეთმორიგებით ძოვებასა და სხვ.; ტარდება აგროტექ., აგრომელიორ. და სატყეო-მელიორ. ღონისძიებანი. 12-მდე დაქანებულ ფერდობებზე ზედაპირული ჩამონადენის რეგულირებისათვის ეწყობა წყალგამყვანი, წყალშემკრები და წყალამრიდი კვლები, ნაკვეთები იხვნება კონტურული წესით. 12-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ეწყობა ხელოვნური ტერასები, რ-ზეც აშენებენ ბაღ-ვენახებს. ნიადაგის ეროზიისაგან დაცვისა და მისი ნაყოფიერების აღდგენის საკითხებზე კვლევა მიმდინარეობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის: მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის (ყოფ. საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მ. საბაშვილის სახელობისა), ი. ლომოურის მიწათმოქმედების (ყოფ. საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ი. ლომოურის სახელობისა), ვ. გულისაშვილის სატყეო (ყოფ. სამთო მეტყევეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ვ. გულისაშვილის სახელობისა), კ. ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის (ყოფ. [[საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი]] კ. ამირაჯიბის სახელობისა) ინსტიტუტებში, ასევე ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში და სხვ. ლიტ.: ამბოკაძე ვ., ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებანი საქართველოში, თბ., 1962; მაჭავარიანი ვ., ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, თბ., 1972; Мирцхулава Ц. Е., Водная эрозия почв, Тб., 2000. გ. გოგიჩაიშვილი.