ერუშეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერუშეთი, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში (ახლანდ. თურქ. ტერიტორიაზე). მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი უწოდეს მხარის ცენტრ. პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმ. დანაწილებით ე. არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა. ტრადიციულად დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველოში პირველი ქრისტ. ტაძარი ე-ში აიგო (IV ს.). შემდგომ (V ს.) აქ ვახტანგ გორგასალს საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI ს-ში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ე-ის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხ. სანაპიროც შედიოდა. XVI ს-იდან ე. სამხრ. საქართვ. სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებისა (1878) და ბერლინის კონგრესის (1878) თანახმად, ე. რუს. იმპერიას გადაეცა, შემდეგ კი კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. ე-ში იმოგზაურა და ისტ. ძეგლები შეისწავლა ე. თაყაიშვილმა. მიკვლეულ იქნა ადრინდ. ქრისტ. ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961. ლიტ.: თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960. დ. ბერძენიშვილი.