ერქომაიშვილი ანზორ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა გ ერქომაიშვილი.png

ერქომაიშვილი ანზორ დავითის ძე (დ. 10. VIII. 1940, ბათუმი), მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1980). არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი და მოწაფე. დაიბადა ტრად. მუს. ოჯახში. სიმღერა ბაბუამ შეასწავლა. 7 წლისამ ხალხ. სიმღერების რესპ. ოლიმპიადაზე (თბილისი) I ხარისხის დიპლომი მოიპოვა. 1969 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი (ვ. ფალიაშვილის კლასი), 1976 – ასპირანტურა ხალხ. მუს. შემოქმედების სპეციალობით (ხელმძღვ. – შ. ასლანიშვილი). სტუდენტობის წლებში მოღვაწეობდა ვოკალურ ანსამბლ “გორდელაში”, რ-ის შექმნის (1961) ერთ-ერთი ინიციატორი თავად იყო. 1969–71 მუშაობდა საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის მუს. რედაქტორად. 1968 ჩამოაყალიბა სახელმწ. ფოლკლორული ანსამბლი “რუსთავი”. ე-მა 1983–96 კი უცხ. ფირმებისათვის ჩაწერა 300-ზე მეტი ქართ. ხალხ. სიმღერა, რ-ებიც კომპაქტური დისკების სახით ვრცელდება მთელ მსოფლიოში. 1976 ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი “მართვე”, რ-საც 2000-მდე ხელმძღვანელობდა. 1994 ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა სასახლე. აღსანიშნავია ე-ის, როგორც ხალხ. მუსიკის შემკრების, დამსახურება. მან 1972-იდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოგორსკი, რიგა, თბილისი) მიაკვლია 500-ზე მეტ ქართ. ხალხ. სიმღერის ფონოგრამას, შესრულებულს 1907-იდან 1930 წლამდე. მათი რესტავრაციის შემდეგ ფირმა “მელოდიაში” გამოსცა 5 ფირფიტა გამოკვლევებითურთ. 1992 ლონდონის მუს. არქივში მიაკვლია 1902–14 ინგლ. ფირმების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართ. ხალხ. სიმღერას. აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რ-თა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. 1985–89 ე-მა მოიწვია საქართვ. სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები და ფირმა “მელოდიაში” ჩაწერა 100-ზე მეტი ქართ. ხალხ. სიმღერა. ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ხმა ერთად, ისე თითოეული ცალკ-ცალკე, სადაც ნათლად ჩანს თითოეული მომღერლის საშემსრულებლო მანერა. ე-მა აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს გააცნო ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. ე. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება. ე. ავტორია წიგნებისა: “ბაბუა” (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), “შავი შაშვი ჩიოდა” (1989), “ძველი სიმღერების კვალდაკვალ” (1979). მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპეკტაკლი. 2001 ე-ის ინიციატივით და იუნესკოს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ქართ. ხალხ. სიმღერის საერთაშ. ცენტრი. ე-ს თაოსნობით მომზადდა და გამოიცა (2006) XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001), ერთი ნაწილი (1901–1914), რ-შიც შედის ქართ. ხალხ. სიმღერებისა და საშემსრ. ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები. ე. არის რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის (1988), საქართვ. სახელმწ. (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახ. (1993), აგრეთვე ალბერტ შვაიცერის სახ. საერთაშ. პრემიების (ანსამბლ “რუსთავთან” ერთად, 1983), სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის (1968; ანსამბლ “გორდელასთან” ერთად) ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). თხზ.: ქართული ხალხური სიმღერების კრებული, თბ., 1980; ქართული ფონოჩანაწერები უცხოეთში, თბ., 2007; მივალ გურიაში, მარა, თბ., 2006; გზები, ადამიანები, სიმღერები, თბ., 2011; ქართული სიმღერის მოამაგენი – გური და ტრისტან სიხარულიძეები, თბ., 2013; Сборник грузинских народных песен, М., 1972