ერქომაიშვილი არტემ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა დ ერქომაიშვილი.png

ერქომაიშვილი არტემ გიგოს ძე (26. X. 1887, სოფ. მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა, – 2. II. 1967, ოზურგეთი), თვითნასწავლი კომპოზიტორი, მგალობელი, ლოტბარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1951). მამის, გიგო ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შეისწავლა ურთულესი გურული სიმღერები. მღეროდა გიგო ერქომაიშვილის ანსამბლში – მისი სიმღერა ანსამბლთან ერთად ჩაწერილია (1907) გრამფირფიტაზე. ე-მა ცნობილი მგალობელ-მომღერლის, მელქისედეკ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით შეისწავლა 2000-მდე საგალობელი (სამივე ხმა). 1911–17 ე. მუშაობდა გალობის მასწავლებლად სოფ. მარტვილში. 1924-იდან ხელმძღვანელობდა ხალხ. გუნდებს მაკვანეთში, ბათუმში, ოზურგეთში. კონცერტებს მართავდა საქართვ. და სსრკ ქალაქებში. ამ პერიოდში უკვე საკმაოდ ხანდაზმული (90 წელს მიტანებული) არტემის მამა, გიგო, და ბიძა, გ. ბაბილოძე მღეროდნენ ბათუმის გუნდში. 1927 გუნდმა ე-ის ხელმძღვანელობამ გაიმარჯვა საქართვ. პირველ (1927) და მეორე (1929) რესპ. ოლიმპიადებზე და კონცერტების გასამართად გაიგზავნა მოსკოვში, ლენინგრადსა და ხარკოვში. გუნდმა ფართო საზ-ბას გააცნო გურული სიმღერების სიმდიდრე და მრავალფეროვნება. ამ სიმღერების რთულმა აღნაგობამ, კონსტრუქციულმა წყობამ (განსაკუთრებით კრიმანჭულმა) სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ცნობილმა ფოლკლორისტებმა ე. გიპიუსმა და ზ. ევალდმა გააკეთეს ჩანაწერები, რ-ებიც სანქტ-პეტერბურგში ,,პუშკინის სახლში” ინახება. 1932 გუნდი გადაკეთდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ეთნოგრ. გუნდად, იარსება 1941-მდე. 1950-იდან ე. გადავიდა ოზურგეთში, კულტ. სახლის გუნდის ხელმძღვანელად. ენთუზიაზმითა და საქმის სიყვარულით ემსახურებოდა იგი გურული საგალობლებისა და სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეს. ე. ძვ. თაობის მგალობელთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რ-მაც შემოინახა და მივიწყებას გადაარჩინა რამდენიმე ასეული იშვიათი სიმღერა. სიცოცხლის ბოლოს კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზე პროფ. გ. ჩხიკვაძის თაოსნობით (კათედრის მეცნ. თანამშრომელ კ. როსებაშვილთან ერთად) ჩაწერა 200-მდე საგალობლის სამივე ხმა (ცალ-ცალკე), ხოლო შვილიშვილს, ა. ერქომაიშვილს, ნოტებზე ჩააწერინა 100-ზე მეტი გურული სიმღერა და საგალობელი. ლიტ.: არტემ ერქომაიშვილის სანოტო კრებული, თბ., 2005.